თარიღი : 08.11.2024
აკა მორჩილაძე
დავით სარაჯიშვილი
სადად და გასაგებად ასე შეიძლება ითქვას, რომ დავით სარაჯიშვილი სპირტიანი სასმელების მეწარმე და ქველმოქმედი ადამიანი გახლდათ, რომელიც მე-19 და 20-ე საუკუნეების გასაყარზე საქმიანობდა და მოღვაწეობდა.
თვითონ ალბათ მოეწონებოდა საკუთარი ცხოვრებისა და შრომის ამგვარი შეფასება, რადგან სახელისა და დიდების მადევარი არ იყო და არც გაწეულ სიკეთეთათვის მოითხოვდა რაიმე საპასუხოს, თუმცა, არსებობს რამდენიმე „მაგრამ", რომელთა გამოც მისი გარდაცვალებიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ამ კაცის ცხოვრება და საქმენი კვლავაც აღაფრთოვანებს საქართველოს და დავით სარაჯიშვილს სამაგალითო ქართველად წარმოაჩენს.
ამბობენ, მაგალითს დიდი ძალა აქვს, მაგრამ მაგალითს მიდევნება და მისი გამეორება ძნელია. შესაბამისად, ძნელია გაიმეორო დავით სარაჯიშვილი, მიუწვდომელ მაგალითად მისი დასახვა კი შეიძლება.
დავით სარაჯიშვილის ცხოვრება განსაკუთრებული კაცის ცხოვრებაა და სარაჯიშვილის ცხოვრების პრინციპი სწორედ ეს იყო - რასაც აკეთებდა, ყველაფერი ყოფილიყო მკვიდრი, სამუდამო, სასარგებლო, შთამბეჭდავი და გამორჩეული. ერთგვარი რენესანსული ტიპი, რომელიც მისი დროის ქართველთათვის არა ტრადიციული კალმით, სიტყვით, გზნებით საქართველოს გამოღვიძების, არამედ საჭირო საქმეთა კეთების მუდმივობით და ამით ქართველობის დახმარებით ჩაეწერა ისტორიაში.
დავით სარაჯიშვილის დრო არის საქართველოს არარსებობის დრო.
1801-დან 1917 წლამდე, მოკვდინებული საქართველოს ძველი სამეფოები თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად და სოხუმის ოლქად შედიოდნენ რუსეთის უკიდეგანო იმპერიაში და წართმეოდათ უამრავი რამ, პოლიტიკის წარმოებიდან დაწყებული, საკუთარ ენაზე წირვით დასრულებული, სანაცვლოდ კი მიეღოთ ერთადერთი: მშვიდობა და საკუთარ თავზე, საკუთარი ქვეყნის სიყვარულსა და აღდგენაზე ერთმანეთში არცთუ ხმამაღლა ლაპარაკის და ცენზურით წერის უფლება.
დავით სარაჯიშვილის დრო არის ილია ჭავჭავაძის დრო, აკაკი წერეთლის დრო, ნიკო ნიკოლაძის დრო - საქართველოს ფიქრებისა და საქმეების დიდი გამოღვიძების ნახევარი საუკუნე და თუკი მის ეპოქაში პუბლიცისტიკა და პოეზია აღვიძებდა და აღაფრთოვანებდა ათიათასობით ადამიანს ქართული თვითშეგრძნების განუმეორებელი და ტკივილიანი განცდით, ამ გამოღვიძების მხარდამჭერი, დამხმარე და ქვითკირით მაშენებელი დავით სარაჯიშვილიც იყო.
ჩვენ დღეს მის სახლში ვართ.
2
დავით სარაჯიშვილის ერთადერთი, ეგებ უცნაური, მაგრამ საუცხოო და ხელგაშლილი საჩუქარი საკუთარი თავისადმი სწორედ ეს სახლია. ამ სახლს დღეს მწერალთა სახლი ეწოდება და მასში სარაჯიშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი ექვსი წელიწადი გაატარა.
დავითს ძველებური მიძღვნები სჩვეოდა. უნდოდა, რომ ახალი საცხოვრისი მისი და მისი მეუღლის ეკატერინე ფორაქიშვილის ქორწინების ოცდახუთი წლისთავისთვის მიეძღვნა და მათი ვერცხლის ქორწილის დღეს, 1905 წლის 3 მაისს გაეხსნა. ეს ფუფუნება შეეძლო, ეს ქალი უყვარდა და სახლიც თითქოს ამ სიყვარულის მუდმივობის აღსანიშნავად აშენდა.
საერთოდ კი, ამ სახლის არსი რომ გავიგოთ, თბილისის ისტორიაც უნდა ვიცოდეთ:
სახლი დგას თბილისის სოლოლაკის უბნის გულისგულში. დღეს სოლოლაკი ქალაქის ძველ უბნად ითვლება, დავითის დროებაში კი ის ახალი საცხოვრებელი ადგილი იყო.
საქართველოში რუსების შემოსვლის შემდეგ უამრავი რამ შეიცვალა და მათ შორის, თბილისის განფენილობაც. ძველი თბილისის გამოგრძელებაზე ახალი, ევროპული ქალაქის მშენებლობა დაიწყო. შუა ბაზარს მაღლა მოედანი და შადრევანი გაჩნდა, აშენდა საპოლიციო შენობა, თბილისის პირველი ოპერა და უფრო იქით კი, მეფისნაცვლის სასახლე. ოდესღაც მრისხანე და ქალაქის წყალდიდობებით მაწიოკებელი ავანაანთ ხევი თანდათან ჩაიკარგა ქალაქის ახალი ქვაფენილის ქვეშ.
ახალ მოედანს შემოჯარული სოლოლაკად წოდებული ფერდობები, ცნობილი თავისი ბაღებით და საცალფეხო ბილიკებითაც ძველი ვაჭრებისა და ახალი ბურჟუაზიისთვის სასურველ ახალ სამოსახლოდ შეიქნა ჯერ კიდევ მთავარმართებელ ვორონცოვის დროიდან და აქ ბევრმა შეძლებულმა ადამიანმა შეიძინა მიწის ნაკვეთი. თანდათან, სოლოლაკი ვილებისა და მყუდრო ეზოების უბნად იქცა, რომელსაც, ერთი მხრივ შორს ეჭირა თავი ძველი ქალაქის ყაყანისა და მტვრისგან და თან კი ახლოს იყო ქალაქის მნიშვნელოვან და საჭირო ადგილებთან.
რუსული დასახელების ქუჩებიც ამ მშენებლობათა კვალად გაჩნდა და სწორედ, იქ სადაც ახლა მწერალთა სახლია, ძველ სერგის ქუჩაზე დავით სარაჯიშვილის მამამ, ზაქარიამაც ააგო სახლი.
სწორედ ამ მამისეული საცხოვრისის ადგილას ააშენა თავისი ახალი სახლი დავით სარაჯიშვილმა და რახან ყველაფერს მკვიდრად და სამუდამოდ აკეთებდა. ეს სახლიც ასეთი გამოდგა. იმ დროის ადათით საძირკველში მუჭა ოქროც ჩაატანეს და მოჰყვნენ შენებას.
სახლის არქიტექტორად გერმანელი კარლ ცაარი იყო, თუმცა ის თბილისელმა არქიტექტორებმა ოზეროვმა და ტატიშჩევმაც აშენეს. ყოველგვარი მასალა ამ სახლისათვის რჩეულთა შორის რჩეული იყო და ვინ აღარ გაერია ამ მშენებლობაში, უბრალო ხელოსნებით დაწყებული ვილეროისა და ბოხის მომპირკეთებლებით დასრულებული. აქ მუშაობდნენ უცნობი თუ ცნობილი მოქანდაკენი, ინჟინრები, კალატოზები, ხის გასაოცარი ოსტატები, მამაცაშვილები. რაც კი რა მოიძევებოდა საჭირო და საუკეთესო მსოფლიოშიც და საქართველოშიც გემოვნებითა და ჭკუით მოიხმარეს.
სახლი ისეთი იყო, როგორც თავად სარაჯიშვილის ხასიათი: ხარისხი და საქმე ევროპული, გული და ნაპერწკალი ქართული. იერითაც ასეთად იყო ჩაფიქრებული: დღეს რომ თბილისურ მოდერნს უწოდებენ.
თავად დავითი პირველ სართულზე ცხოვრობდა, ისე კი ვინ აღარ ცხოვრობდა ხოლმე აქ. იმ ექვს წელიწადს, დავითის ბოლო ექვს წელიწადს, სახლი საკონცერტო დარბაზადაც იქცეოდა ხოლმე, დიდ წვეულებათა ადგილადაც და ლიტერატურულ სალონადაც. კიდევ ერთია, რომ ეს სახლი ქართველთა ფიქრის, და თავის ქვეყნის ყოველდღიურობასა და მომავალზე მსჯელობის ადგილიც ისე იყო, როგორც სახელოვნებო კლუბი. თავად სახლის პატრონი კი ამბობდა, რომ გაუხარდებოდა, თუკი ოდესმე ეს სახლი ხალხური რეწვის მუზეუმად იქცეოდა.
ასეთი ფიქრების კაცი იყო და სიმართლე ითქვას, არა მხოლოდ ეს სახლი, არამედ მისი ყოველი წინა საცხოვრისიც ქართულ საქმეთა ნამდვილი საკრებულო იყო.
როგორღაც ისე მომხდარიყო, რომ მისი ცხოვრება უფრო ქვეყნისთვის იყო, ვიდრე იმ საქმისთვის, რომელიც საუცხოოდ აეწყო და რომლით მიღებული მილიონებიც საბოლოოდ თავისთვის დიდად არაფრად უნდოდა.
მისი სიკვდილიდან ათი წლის თავზე, როდესაც საქართველო წითელმა რუსეთმა დაიპყრო, მუშებისათვის გამართულ პროპაგანდისტულ კრებებზე ბოლშევიკები არწმუნებდნენ იქ შეკრებილ ხალხს, კაპიტალისტები თქვენი მტრები არიან, თქვენ კი ყველა კაპიტალისტი დავით სარაჯიშვილი გგონიათ, რადგან სხვა არ გინახავთ. ეგ რა კაპიტალისტი იყო, ქონება მუშებს დაუტოვა და ყველას თავი შეგაყვარათო.
3
დავით, დათა, დათიკო სარაჯიშვილი 1848 წელს დაიბადა ზაქარია სარაჯიშვილისა და ელისაბედ სავანელის ოჯახში. დედის მხრიდან ის ძველ აზნაურთა შთამომავალი იყო, სარაჯიშვილებს მამულები დიღომში ჰქონდათ, მაგრამ თბილისის მოქალაქეების ძველი და საპატიო წოდება ჯერ კიდევ ვახტანგ მეექვსის დროს მიეღოთ და ქალაქის განთქმულ გვარად ითვლებოდნენ. სიტყვა „სარაჯიდან" წარმომდგარი მათი გვარიც კი, ქალაქური პროფესიის წარმომადგენლობას გულისხმობს. „სარაჯი" თბილისური მნიშვნელობით ტყავეულის ოსტატს ნიშნავს. თუმცა, სარაჯიშვილთა ამ თბილისური შტოს ხელოსნობა-ამქრობა უფრო შორეული წარსულის ამბავი იყო, რადგან ზაქარიაც, მისი ძმებიცა და მამა დავითიც, ვაჭრები იყვნენ. დავითი საერთოდ პირველ ქართველ ვაჭრად იხსენიება ძველ ქაღალდებში.
სოლოლაკზე ადრიდანვე დასახლებული ზაქარია და ფართო საქმიანობის და შეძლების კაცი გახლდათ. დავითთან ერთად ცოლ-ქმარი ორ ქალიშვილს, ეკატერინეს და მარიამს ზრდიდა. თუმცა, ზაქარიას ისეთი შეძლება არ ჰქონდა, როგორიც შემდგომში დავითს, როგორც კავკასიის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს მიეცა, მაგრამ წარსულმა მაინც შემოინახა მისგან უანგაროდ ნაკეთები საქმეები, განსაკუთრებით დიღომში, სადაც ზაქარია შინაურ და გლეხებზე მზრუნველ კაცად ითვლებოდა.
ერთადერთი ვაჟის განათლება ოჯახის დიდი და სერიოზული მიზანი იყო და დათიკომაც გაიარა ის გზა, რომელიც მანამდე გაევლო არაერთ ცნობილ ქართველს თბილისში: ჯერ ჰაკეს ცნობილი პანსიონი, რომელსაც იმ დროისთვის უკვე საშინაო სკოლის სტატუსი ჰქონდა და მერე კი თბილისის კლასიკური გიმნაზია.
ჰაკეს პანსიონი საუცხოო ადგილად ითვლებოდა უცხო ენების გასატეხად, კლასიკური გიმნაზია კი კარგა ხანს ერთადერთი და უძველესი საერო სასწავლებელი იყო თბილისში, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის დაფუძნებამდე. მშობლიური გიმნაზიის ერთგული დავით სარაჯიშვილი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა და მისთვის შემწეობა არასდროს მოუკლია.
დავითის გიმნაზიელობის წლები იმ დროის საქართველოში განათლების ბუმსა და დიდ საზოგადოებრივ ორომტრიალს დაემთხვა. მე-19 საუკუნის 60-იანი წლების პირველი ნახევარი ის დროა, როდესაც ქვეყანაში „მამათა და შვილთა ბრძოლა" იწყება, ილია ჭავჭავაძის პირველი ხმამაღალი ნაწერები საზოგადოებრივ ცხოვრებას აზანზარებს, უქმდება ბატონყმობა, ხოლო სიტყვა „თერგდალეული" ახალი თაობის აღმნიშვნელ, ლამის პოლიტიკურ ტერმინად იქცევა.
ცოტა დრო გავა და დავით სარაჯიშვილმაც უნდა დალიოს თერგი, თერგდალეული შეიქნეს, რაც ყველაზე უბრალო გაგებით იმას ნიშნავს, რომ სასწავლებლად რუსეთის რომელიმე უნივერსიტეტში უნდა გაემგზავროს.
სიმბოლოც ამაშია: იმ დროს ჯერ კიდევ არ არსებობს რკინიგზა და ჩრდილოეთით სვლა უკვე არსებული საქართველოს სამხედრო გზით შეიძლება. ამ გზაზე მავალი კაცი აუცილებლად გადალახავს თერგს და ცვლილებათა მიჯნაც თითქოს იქაა. წავა, ისწავლის და დაბრუნდება „გიჟური" იდეებით, ქართული ყოფისა და ცხოვრების შეცვლის სურვილით, ჯიუტი ოცნებით სამშობლოს თავისუფლების შესახებ. იმ დროს ქართულ ნაწერებში „თერგდალეული" საოცრად პოპულარული სიტყვაა. კომედიებში მას ძრწოლითაც კი წარმოთქვამენ.
თუ სოციალურ-პოლიტიკურ მნიშვნელობას გამოაცლით, „თერგდალეული" უბრალოდ ქართველ სტუდენტს ნიშნავს და იმ დროის რუსეთის ქართველი სტუდენტობა უკვე საკმაოდ ძლიერი და მრავალრიცხოვანი თემია. საქართველოს უნივერსიტეტი არ აქვს და სტუდენტობა არა მხოლოდ სწავლა, არამედ ახალ, უცხო კულტურაში, ყოფასა და კლიმატში ცხოვრებაცაა, რაც, რა თქმა უნდა, სრულიად ახალი გამოცდილებაა ქართველი ახალგაზრდებისთვის.
დავით სარაჯიშვილს გეზი პეტერბურგის უნივერსიტეტისკენ ეჭირა, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე აპირებდა შესვლას.
თბილისიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალმა დათიკომ დიღომზე ჩამოიარა. იქ გზის პირას გულაჩუყებული ზაქარია ელოდა, რომელსაც შვილთან განშორებაც ეძნელებოდა და იმაზეც ღელავდა, უცხო ადგილის როგორ შეეწყობაო, მაგრამ განათლების აუცილებლობისა სჯეროდა და იმასაც ხედავდა, რომ ხელმოკლე ადამიანებიც კი ტყავს იძრობდნენ, ოღონდ კი შვილები სასწავლებლად გაეშვათ.
წავიდა და წავიდა.
დავით სარაჯიშვილი გიმნაზიაში განსაკუთრებული მოწაფე იყო და სტუდენტობაც წარჩინებული ელოდა. მის სტუდენტურ წლებში მართლაც თვალშისაცემია სწავლის დიდი სურვილი, რაც ხანგრძლივობითაც გამოიხატა. სარაჯიშვილმა სწავლა თბილისიდან წასვლის თოთხმეტი წლის თავზე დაასრულა.
თოთხმეტი წელიწადი მთელი ახალგაზრდობაა და ეს ახალგაზრდობა დავითმა ევროპაში გაატარა, საქართველოში კი უკვე ოცდათორმეტი წლის ასაკში, ჩამოყალიბებულ, მრავლისმნახველ და მცოდნე ადამიანად დაბრუნდა საბოლოოდ.
სამწუხაროდ, დეტალური და ამბებით მდიდარი ისტორია მისი ახალგაზრდობისა არ შემოგვრჩა, ზოგადი ფაქტები კი ცნობილია: პეტერბურგის უნივერსიტეტში მან მხოლოდ ერთი კურსი გაიარა და გეზი გერმანიისკენ აიღო, სადაც მიუნხენსა და ჰაიდელბერგში სწავლობდა და იქ ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორების ხარისხები დაიცვა 1871 წელს.
საინტერესო რამ, ასე ვთქვათ „მეორე სტუდენტობაში" ის იყო, რომ მეცნიერების ორ სხვადასხვა, სრულიად განსხვავებული დარგისადმი გაუჩნდა მიდრეკილება. თითქოს ფილოსოფიას გონებისა და განსჯისთვის ეუფლებოდა, ქიმიას კი როგორც იმხანად თითქმის ყოველდღიური დიდი აღმოჩენების სფეროს და მზარდ, სამომავლო სამეცნიერო მიმართულებას.
თუმცა, სწავლა ამით არ დასრულებულა, დოქტორანტი კიდევ დიდხანს მოგზაურობდა გერმანიის უნივერსიტეტებში, ისმენდა ლექციებს ჰალესა და ჰოჰენჰაიმში და საბოლოოდ საფრანგეთშიც აღმოჩნდა, სადაც პოლიტეკონომიას სწავლობდა, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო კურსებს ისმენდა, სპირტიანი სასმელების წარმოების ტექნოლოგიებს ეუფლებოდა. როგორც მეგობრები ხუმრობდნენ, დათიკოსგან უსწავლელი და გაუგებელი არაფერი დარჩაო.
იქვე გაიცნო ჟან ბატისტ კამიუ, კონიაკის ცნობილი მწარმოებელი და რუსეთის საიმპერატორო კარის მომმარაგებელი. კონიაკის წარმოების სურვილიც სწორედ იქ გაუჩნდა და მერე და მერეც, როცა საქმეს მიჰყო ხელი, ის ფრანგული გამოცდილება და ფრანგი მეგობრებიც დაეხმარნენ.
ამის უკან, რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება იდგა. მთელი ახალგაზრდობა და სწორედ ის ათწლეული, როცა განსწავლისა და გამოცდილების შეძენის კვალად ადამიანის შეხედულებები ყალიბდება და მყარდება.
ხანგრძლივ ევროპულ ცხოვრებაში, რასაკვირველია, იყო ბევრი მოგზაურობა, ურთიერთობა მასავით ევროპულ უნივერსიტეტებში მოხეტიალე ქართველებთან, ახალგაზრდული ერთობა „უღელი", რომლის წევრებიც საქართველოს ბედსა და მომავალზე მსჯელობდნენ და იყო დამეგობრება მომავალში ასევე ცნობილ ქართველებთან, რომლებთან ურთიერთობამაც მთელს ცხოვრებას გასტანა.
ეს დატვირთული და საინტერესო დროება იყო, არდადეგებზე შინ ბრუნდებოდა ხოლმე მონატრებულ მშობლებთან და როცა საბოლოოდ დაბრუნდა, უკვე მსოფლიოს ამბავიც იცოდა, საქართველოსიც და რამდენიმე ისეთ საქმეშიც განსწავლულიყო, ქვეყანასაც რომ სჭირდებოდა და მის ინტერესებსაც რომ ეხამებოდა.
მსოფლიო მოვლილი, იდეებითა და გეგმებით დახუნძლული, თბილისში დაბრუნებული სარაჯიშვილი მალევე დაქორწინდა ივანე ფორაქიშვილის ასულ ეკატერინეზე. ეს ნამდვილი თბილისური კავშირი გამოდგა: ფორაქიშვილებიც ძლიერი და ძველი ოჯახი იყო, ასევე მეფეთა დროინდელი მოქალაქეთა წოდებიდან.
ეკატერინე დავითზე თოთხმეტი წლით უმცროსი იყო, იმდროინდელი სრული კერძო საგანათლებო წესით აღზრდილი, დავითისა არ იყოს, თავისუფლად ლაპარაკობდა ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე, იყო მკითხველი, ხელოვნებისაკენ მიდრეკილი და როგორც მალევე გამოჩნდა, მეუღლის საქმიანობაში საუცხოოდ გარკვეული თანასწორი, თანამოაზრე და თანამოსაქმე ახალგაზრდა ქალი.
დათიკომ მამისეული სახლიდან ახლოს, სასახლის ქუჩაზე შეიძინა ერთი ნახევრადდანგრეული სახლი და მის ადგილას ააშენა ახალი საცხოვრისი.
თბილისის გიმნაზიის დამთავრებიდან თხუთმეტი წლის თავზე დავით სარაჯიშვილი იყო ახალგაზრდა, დაოჯახებული კაცი კარგი კავშირებით საზოგადოებაში და ახლო მეგობრებით ქართველთა იმ წრეში, რომელსაც ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადამწყვეტი სიტყვა ეთქმოდა.
ის უკვე იყო ადამიანი, რომელიც ბეჯითად და სწორად წარმართავდა ცხოვრებას და მამისეულ ქონებასა და შესაძლებლობებზე დაყრდნობით თანამედროვე საქმის წარმართვას აპირებდა.
4
დავით სარაჯიშვილის ცხოვრებისა და საქმიანობის უმთავრესი საინტერესო ტვიფარი მისი, ალბათ არცთუ ხმამაღლა გამოთქმული, მაგრამ საზოგადოებაში სწორად შემჩნეული და საკმაოდ ცხადი იდეოლოგიაა. ჩანს, ამის შესახებ ის ბევრს საუბრობდა იმ ადამიანებთან, საქართველოს გამოღვიძებას და ფეხზე წამოდგომას რომ ედგნენ სათავეში.
სარაჯიშვილი იყო ნამდვილი ქართული ბუნებისა და ხასიათის ადამიანი, რომელსაც ქვეყნის და განვითარების უპირველეს გზად ევროპა მიაჩნდა. ამ შეხედულებას ის უტეხად ამკვიდრებდა ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში და რაც მთავარია, ეს არ იყო რაღაც ჯიუტი გადაწყვეტილება და რწმენა, რომელსაც ადამიანი ბრმად აედევნება ხოლმე. როგორც დიდი პრაქტიკოსი და წარმატებული ადამიანი, რომელმაც კარგ საძირკველზე ააშენა საწარმოო იმპერია, სარაჯიშვილი თვლიდა, რომ ეს უბრალოდ ერთადერთი სწორი გზაა.
ჩვენი თავგამოდებული ევროპელიო, ასეც მოიხსენიებდნენ.
დარჩენილია ილია ჭავჭავაძის ერთი გვიანდელი წერილი ნიკო ცხვედაძისადმი, სადაც ის სწორედ დავითის ევროპელობაზე ოხუნჯობს: გერმანიაში სწორედ დავითის რეკომენდაციითა და შემწეობით სამკურნალოდ მყოფი ილია იწერება: „ერთი გაახარე დათიკო სარაჯიევი, რომ მე ასე მალე გავევროპიელდი და მის აქეთ თავისის ევროპიელობით აბეზარს ვეღარ მომიყვანს და ნიშანს ვეღარ მომიგებს. დათიკო სარაჯიევი თავისი მეუღლით მომიკითხე სიყვარულით."
ჩანს, ეს თემები, როგორც სხვა „ქართველური" საკითხები, ხანგრძლივი და მრავალწლიანი საუბრების საგანი იყო ქართველ საზოგადო მოღვაწეებსა და სარაჯიშვილს შორის და დავითის „ევროპული" სიმტკიცე იმგვარი გახლდათ, რომ მასზე ხუმრობაც იშვიათი არ იყო.
სარაჯიშვილის სამოქალაქო ფილოსოფიისა და ცხოვრების წესის ცხადი ახსნა ნოე ჟორდანიას ნაწერებშიც მოიპოვება: „ეს იყო პირველი ქართველი მრეწველი ევროპული ტიპისა. დავითი რომ წმინდა ქართველი მრეწველი ყოფილიყო, კაი ხანია ქართველურად დაამთავრებდა - მისი შეძლებისაგან აღარაფერი დარჩებოდა. მხოლოდ ევროპიელ კაცს შეეძლო ყველა მადლიერი ჰყოლოდა და თანაც არ გაეფლანგა. შეაერთეთ ქართული გულკეთილობა და პურმარილი ევროპულ საქმიანობასთან და მიიღებთ დავით სარაჯიშვილს. ამ პიროვნებაში სამაგალითოდ შეზავდა საქები ქართველობა და საქები ევროპიელობა. და მე მგონია ქართველის გაევროპელება სწორედ ამ გზით უნდა მოხდეს. როცა თითოეული ჩვენგანი ისწავლის ევროპულ საქმიანობას - და თან ნაციონალურ ხასიათს არ დავკარგავთ - ჩვენი გაევროპიელება ფაქტი იქნება. დავით სარაჯიშვილი ქართველი ევროპიელი იყო."
ამ მცირე ნაწყვეტში სარაჯიშვილის საქმეთა და შეხედულებათა არსი საკმაოდ კარგადაა გადმოცემული, თუმცა, ეს მაინც ერთი ნაწილია იმისა, რაც მის შესახებ შეიძლება ითქვას ამ კუთხით.
მერე, როცა დავით სარაჯიშვილი გარდაიცვალა და უამრავი ნეკროლოგი და მოგონება ქვეყნდებოდა მის შესახებ, ყველა იხსენებდა მისი ხასიათის გამორჩეულ თვისებებს, რომელთაგან მთავარი პატიოსნება იყო. ყოველი ნიჭი და უნარი ამ კაცისა პატიოსნებაზე იდგა. თავადაც პატიოსნება მიაჩნდა ურთიერთობისა და ყოველდღიურობის მთავარ საყრდენად და მის შესახებ დაწერილ მოგონებებში გაკრთებოდა კიდეც მისივე გამონათქვამები ცხოვრებასთან მისი დამოკიდებულების შესახებ.
ევროპელობა მისთვის საქმიანობის აუცილებელი პირობა იყო, პატიოსნება კი - ხასიათის უპირობო თვისება, ისევე, როგორც ქართველური ხელგაშლილობა და გული. თუმცა, მისი ქველმოქმედება მხოლოდ ხელგაშლილობის გამოხატულება არ იყო. ის გუბერნიებად ქცეული საქართველოს უპირველეს საჭიროებათა სწორად დამნახავი ადამიანი გახლდათ და თვლიდა, რომ ქართულ საქმეში უკანდახევა, არ იქნება. თან, სარაჯიშვილი უბრალოდ საქვეყნო საქმეების თანამდგომი კი არ იყო, არანაკლები მუდმივობით პიროვნულადაც ეხმარებოდა ადამიანებს. გასაოცარი ისიც იყო, რომ ერთი, თუნდაც უმდიდრესი კაცი ამდენს სწვდებოდა და არაფერს დაიზარებდა ოდესმე.
კულტურას შრომა ქმნის, - მისი სიტყვებია.
წერდნენ, შეეძლო მრავალი მილიონით მეტი დაეტოვებინა საოჯახო მემკვიდრეობად, მაგრამ ფული მისთვის სიმდიდრის და ფუფუნების საგანი ნაკლებად იყო, მეტად - წინსვლისა და თანადგომის საშუალებაო.
5
შეიძლება ვთქვათ, დავით სარაჯიშვილი საერთოდ რომ არ ყოფილიყო მდიდარი კაცი და მეცნიერებას და საზოგადოებრივ საქმეს მიჰყოლოდა, საქართველოსთვის ცხოვრებას და საქმიანობას მაინც მოახერხებდა, რადგან ეს მის სულსა და გულში იყო, მაგრამ, მაინც მის საქმეთა და შესაძლებლობათა საძირკველი მისი წარმოება გახლდათ, შეიძლება ითქვას, სპირტიანი სასმელების იმპერია, რომელიც მან ცარიელ ადგილზე შექმნა მე-19 საუკუნის 80-იან წლებში. სპირტიანი სასმელებით ის ადრევე დაინტერესდა, როგორც სამრეწველო საქმისკენ მიდრეკილი ადამიანი და საფრანგეთშიც არა მხოლოდ ისწავლა, არამედ განთქმულ საკონიაკე და სალიქიორე ადგილებშიც იმოგზაურა. ასე რომ, ამ საქმის ტრადიციებს კარგად იცნობდა და როგორც ქიმიკოსი, ტექნოლოგიებშიც მშვენივრად ერკვეოდა. სასმელების წარმოება არა მხოლოდ მომგებიან დარგად, არამედ მნიშვნელოვან კულტურადაც მიაჩნდა.
რახან ფინანსური შესაძლებლობა ოჯახურადაც მოსდგამდა, ნელ-ნელა, კვლევით დაიწყო და საქმეც ისე განავითარა, რომ მას ურყევი საყრდენი შესძინა.
საერთოდ, რუსეთის იმპერია არ იყო ევროპული სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ქვეყანა. ტრადიციულად ეს ექსპორტის ამბავი იყო. შამანური, ხერესი, რომი, ლიქიორები და რა თქმა უნდა, კონიაკი შორიდან მოდიოდა და ძვირი სიამოვნება გახლდათ.
იმ დროს, როცა ადგილობრივი წარმოება არ არსებობდა, მოთხოვნილება ამხელა იმპერიის უკიდეგანო ბაზარზე დღითიდღე იზრდებოდა. ეს განსაკუთრებით თვალში საცემი იყო 70-ანი წლებიდან, როცა რუსეთში გატარებული რეფორმების შემდეგ საქალაქო ცხოვრებამ იფეთქა და კაპიტალიზმმა ფართოდ შემოადგა ნაბიჯი ძველ ცხოვრებაში. შესაბამისად, სპირტიანი სასმელების ჩამოსხმა და გაყიდვაც სარფიანი შეიქნა და სწორედ 80-იანი წლებიდან ამ საქმეს საკმაოდ ბევრმა მრეწველმა მოჰკიდა ხელი, თუმცა, ხშირად, ამგვარი სასმელების ხარისხი დაბალი იყო, რაც იწვევდა კიდეც ლიცენზიების გაუქმებას და წარმოებათა დახურვას.
სარაჯიშვილი თავისი ცხოვრების ამ მთავარ საქმეს და გატაცებას დიდი ცოდნითა და მონდომებით შეუდგა. ჯერ ბაზარი და ნედლეული შეისწავლა, მერე ტექნოლოგები მოიწვია საფრანგეთიდან, მერე საუკეთესო შვეიცარიული დანადგარები შეიძინა. შეიძინა და შეუდგა წარმოების გამართვას. მისი მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, კონიაკი იყო, როგორც ყველაზე მაღალხარისხოვანი და რთული პროდუქტი. კონიაკის წარმოება ერთი და ორი დღის საქმე არ იყო, სპირტს სჭირდებოდა მუხის კასრები და დაძველება. მაგრამ საქმეს თავად სპირტი სჭირდებოდა, რომელსაც სარაჯიშვილი მერე და მერე ყიდულობდა კიდეც და თავადაც ხდიდა. რახან ეს გრძელი და ბევრის მომცველი საქმე იყო, საკონიაკე სპირტისთვის საჭირო ყურძნის ჯიშების ძებნასაც დრო მიჰქონდა, ახალი ვენახების ჩაყრასაც და საერთოდ, წლები გავიდა, სანამ პირველი სარაჯიშვილისეული კონიაკის ბოთლი გამოჩნდა ბაზარზე, მაგრამ მანამდე სარაჯიშვილის სასმელების ფირმა იშვიათი გამართულობით მუშაობდა.
მისი კონიაკის წარმოება იყო არა მხოლოდ მრავალსაფეხურიანი, არამედ მრავალწახნაგოვანი საქმეც, რომელიც მოიცავდა სპირტის სახდელ ქარხნებს ჯერ ვლადიკავკაზის ახლოს და ყიზლარში და მერე და მერე მთელს კავკასიაში და მოლდოვეთშიც კი; ვენახებს, ადგილობრივ სახდელ ქარხნებს და სპირტის დასაძველებელ საწყობებს, რომელთაგან მთავარი თბილისში იყო. ეს იყო სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და ტრანსპორტის შესაშური გამართულობით მომუშავე ფართოდ დატოტვილი ქსელი, რომელიც ხარისხითა და ფასით ნაბიჯ-ნაბიჯ იპყრობდა ამხელა ქვეყნის ბაზარს. სასმელი ეტიკეტზე გამოსახული შავრქებიანი ჯიხვით კიდით კიდემდე ნაცნობი შეიქნა.
სარაჯიშვილი არანაკლებ ამაყობდა თავისი ლიქიორებით და წარმოების პიკზე ორმოცი სახეობის სპირტიან სასმელს აწარმოებდა. საბოლოოდ კი, მისმა კონიაკმა იმდენად დაიპყრო ბაზარი, რომ უცხოეთსაც გადასწვდა და სწორედ იმ დროებაში მოახერხეს ფრანგმა კონიაკის მწარმოებლებმა, რომ დასახელება „კონიაკით" ექსკლუზიურად მხოლოდ მათ ესარგებლათ. სარაჯიშვილის „ნატურალური კონიაკი" „სარაჯიშვილის სასმელად" იქცა, თუმცა ამ ცვლილებას მის წარმატებასა და პოპულარობაზე არ უმოქმედია. აბა, რომელი მეკონიაკე ფრანგი წარმოიდგენდა, რომ ორი ათეული წლის წინათ მათ ქარხნებში სამეცადინოდ მოსული ახალგაზრდა უცხოელი მათივე კონკურენტი შეიქნებოდა.
უკვე დავითის გარდაცვალების შემდეგ, როცა წარმოებას დაქვრივებული ეკატერინე ხელმძღვანელობდა, ფირმას „დ.ზ. სარაჯევ" საიმპერატორო კარის მომმარაგებლის ოფიციალური სტატუსი მიენიჭა და დავითის კონიაკმა აქედანაც გამოდევნა ფრანგები. ეს პატივის უმაღლესი გამოხატულება და ხარისხისადმი უპირატესი ნდობის ნიშანი იყო. მანამდე დავითს სხვა ტიტულებიც მიეღო, კომერციის მრჩევლისა და რისი აღარ. თავად მისი კონიაკის მარკები კი ოქროს მედლებს იმსახურებდნენ საერთაშორისო გამოფენებზე.
შეიძლება ითქვას, რომ ფირმა „დ.ზ.სარაჯევ" მსოფლიო საწარმო იყო, ამის უკან დიდი შრომა და მართვის გამორჩეული უნარი იდგა. სარაჯიშვილის წარმოებისა და გადაზიდვების სისტემა იმდენად გამართულად მუშაობდა, ისე იყო მორგებული უკვე მზარდ პირველ რკინიგზებსა და შავი ზღვის ნავსადგურებს, საქართველოს სამხედრო გზას, რომ ამხელა საქმის პატრონი და მმართველი სრულიადაც არ ტოვებდა მოუცლელი, გაწამაწიაში მყოფი ადამიანის შთაბეჭდილებას.
ცხადი იყო, რომ სარაჯიშვილს ბადალი არ ჰყავდა საქმის ორგანიზებაში, მაგრამ მას ბადალი არ ჰყავდა ცხოვრების ორგანიზებაშიც.
ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ნაკეთებმა საქმემ ის უმდიდრეს ადამიანად აქცია, მისმა განსაკუთრებულმა ფიგურამ კი სამუდამოდ მოსპო საქართველოში გავრცელებული ნიჰილისტური შეხედულება, რომ წარმოება, ვაჭრობა და ფული ქართველების საქმე არ არის.
6
საქმის წარმატებულობამ და იმ დროის ქართველისთვის უკიდეგანო სიმდიდრემ სარაჯიშვილი ერთ მდიდარ კაცად კი არ აქცია, არამედ საქართველოს იმედადაც.
სიმდიდრესთან ერთად კი იმატებს სარაჯიშვილის ქველმოქმედებაც.
რასაკვირველია, ამ მდგომარეობის გასაღებიც მის ხასიათში იყო.
ქველმოქმედება სარაჯიშვილის ცხოვრების მთავარი განმსაზღვრელი გახდა. ყველა გაიხსენებს, რომ ის მდიდარი მწარმოებელი იყო, მაგრამ თავისთავად, ეს არაფერია იმასთან, თუ როგორ მოიხმარდა დათიკო თავის სიმდიდრეს. მისი ცხოვრების ეს მხარე შთამბეჭდაობაშიც ჯაბნის, ფარავს მის საწარმოო წარმატებებს.
განა არ იყვნენ მაშინდელ თბილისის და ქუთაისის გუბერნიებში მდიდარი ადამიანები? რასაკვირველია, იყვნენ. განა სხვები არ გაიღებდნენ თანხებს საზოგადო საჭიროებისთვის? რასაკვირველია, გაიღებდნენ. უბრალოდ, სარაჯიშვილს ძნელად შეადარებდი ვინმეს.
აქ საქმე მხოლოდ თანხების გაღებაში კი არ იყო, არამედ იმაში, თუ როგორ გაიღებდა დავითი თანხას. თანამედროვენი იხსენებდნენ, რომ როცა ვინმეს კერძოდ გაუმართავდა ხელს და ასეთები კი ყოველდღიურად აკითხავდნენ დახმარებისთვის, დათიკო თანხას ისე გადასცემდა, რომ მთელ ფსიქოლოგიურ თამაშს მიმართავდა მთხოვნელის უხერხულობის გასაქარვებლად, არწმუნებდა რომ თანხა შემწეობა კი არ იყო, არამედ მთხოვნელისვე საკუთრება, რომელიც სულ შემთხვევით ინახებოდა დავითთან.
ისტორიამ შემოინახა სხვა მდიდართა ქველმოქმედების სურათებიც: მსახიობი ვასო აბაშიძე იხსენებდა, რომ თეატრის საჭიროებისთვის ხუთასი მანეთი სჭირდებოდა და მიასწავლეს, თავად ივანე მუხრანსკისთან მიდი, მდიდარი კაცია და ეგებ რამე გაიღოსო. მუხრანსკი მხოლოდ დილის შვიდის ნახევარზე, მხოლოდ ნახევარი საათით იღებდა მთხოვნელებს. უთენია წამომხტარი აბაშიძე რომ მასთან შევიდა, წარუდგა და თანხის თხოვნის მიზეზიც აუხსნა. მუხრანსკიმ მიუგო, თეატრისა არაფერი ვიცი, მაგრამ ამასწინათ ვიყავი და ერთი კაცი სცენაზე ისე შეიკუნტრუშებდა ხოლმე, რომ სიცილით მოვკდიო.
გახარებულმა აბაშიძემ, სწორედ მე ვარ ის კაცი, იმ როლის შემსრულებელიო. ჰოდა, აბა, ერთი კიდევ შეიკუნტრუშეო. ასე ახტუნავა ნახევარ საათს, თვითონ კი კვდებოდა სიცილით, ბოლოს ამოიღო ხუთასი მანეთი და მისცა, წადი იკუნტრუშეო.
ამ ყაიდის დახმარების საპირისპიროდ, არსებობს თედო სახოკიას ერთი პატარა მოგონება, რომელშიც აღწერს, როგორ მიადგა მთლად უკაპიკოდ დარჩენილი თედო დავით სარაჯიშვილის კანტორას, რომლის კარიც მუდამ ღია იყო და ყოველ მსურველს შეეძლო იქ შესვლა, როცა კი მოესურვებოდა. დათიკო ჩვეულად იჯდა მაგიდასთან და წინ კი მსახიო