„შეხვედრები მუზა 2024-ის ლაურეატებთან“

თარიღი : 20.03.2025

19 მარტს, მწერალთა სახლში, „შეხვედრები მუზა 2024-ის ლაურეატებთან“ ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორ ნინი ქუთელიას თარგმანის − სენეკას პიესა „ფედრას“ წარდგენა.
ღონისძიებას მოდერაციას უწევდნენ „მუზა 2024“-ის ჟიურის წევრი, პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე და მწერალი ბაჩო კვირტია.
გიორგი ლობჟანიძემ შეაფასა თარგმანის ტექნიკური შესრულება, ხაზი გაუსვა მის სიზუსტესა და ორიგინალ ტექსტთან შესაბამისობას. მისი თქმით, ნინი ქუთელიას თარგმანი „ფედრა“ გაგრძელებაა ქართული თარგმანის ტრადიციისა და ბუნებრივია, ქართულ ენობრივ ქსოვილში. გიორგი ლობჟანიძემ აღნიშნა, რომ ტექსტი ზომიერად არქაიზებულია და ამავდროულად, ძალიან თანამედროვე. გარდა ამისა, მან ისაუბრა ქართულ მთარგმნელობით სფეროში არსებულ ნაკლოვანებებზე და აღნიშნა, რომ მსგავსი თარგმანები ხელს უწყობს იმ ნაპრალების ამოვსებას, რაც დღეს მთარგმნელობით საქმიანობაში არსებობს.
ნინი ქუთელიამ ისაუბრა სენეკასა და მისი ტრაგედიის − „ფედრას“ არჩევის მიზეზებზე. მთარგმნელის თქმით, პიესაში წარმოდგენილი პრობლემატიკა – იქნება ეს ურთიერთობებში უკიდურესობები, სურვილების ჩახშობა, ქალური თუ მამაკაცური ბუნების გამოვლენა, ადამიანის ურთიერთობა გარემომცველ სამყაროსთან, საზოგადოებასა და მოქალაქეებთან – მჭიდროდ უკავშირდება სენეკას სტოიკურ ფილოსოფიას და დღევანდელი რეალობისთვისაც განსაკუთრებით აქტუალურია.
საღამოზე მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ მიულოცა ავტორს წარმატებული თარგმანი და სურვილი გამოთქვა, წიგნის გამოცემის ხელშეწყობაში მწერალთა სახლმა მიიღოს მონაწილეობა.