სპარსული ენისა და ფირდოუსის დღე მწერალთა სახლში

თარიღი : 16.05.2025

სპარსული ენისა და ფირდოუსის დღე მწერალთა სახლში.
 მწერალთა სახლში სპარსული ენისა და ფირდოუსის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების სტუმრებს მიესალმა მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე. მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს კულტურათშორისი დიალოგის გაღრმავებას და უცხო ენებისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას.
სტუმრებს სიტყვით მიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მაჰმუდ ადიბიმ, რომელმაც ისაუბრა სპარსული ლიტერატურის კლასიკოსის − ფირდოუსის, ეპოსზე. მისი თქმით, ეპოსის გაცნობა ქართული საზოგადოებისათვის ერთგვარი ხიდია ორ უძველეს ცივილიზაციას შორის.
????მთარგმნელმა და პოეტმა ბელა შალვაშვილმა ისაუბრა ფირდოუსის ეპოსის ქართულად თარგმნის პროცესზე, მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და წაიკითხა ამონარიდი „შაჰნამედან“.
ბელა შალვაშვილი მსოფლიოში ერთადერთი მთარგმნელია, რომელმაც დამოუკიდებლად სრულად თარგმნა ფირდოუსის ეპოსი. მან „შაჰნამეს“ თარგმნას 35 წელი მოანდომა − ზუსტად იმდენივე, რამდენიც თავად ფირდოუსმა მის შექმნას დაუთმო. 
 2023 წელს ბელა შალვაშვილს მიენიჭა ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი კულტურული ჯილდო − ფირდოუსის პრემია.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: 
• ირანისტი გულიკო მამულაშვილი, რომელმაც ქართულ-სპარსულ კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრა; 
• „შაჰნამეს“ მკვლევარი, შირაზის უნივერსიტეტის პროფესორი ალი ამინი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა „შაჰნამეს“ მნიშვნელობა სპარსული ენის შენარჩუნების პროცესში და გამოთქვა იმედი, რომ ქართველ სტუდენტებსა და შირაზის უნივერსიტეტს შორის კულტურული და გაცვლითი პროგრამები კიდევ უფრო აქტიურად განხორციელდება. 
ღონისძიებაზე თბილისის ირანული სკოლის, ასევე 51-ე, 195-ე და პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები „შაჰნამედან“ და სპარსული პოეზიის ნაწყვეტები.
ასევე, ქალბატონმა ასიე ფილუმ − თბილისის ირანული სკოლის მასწავლებელმა წაიკითხა მონაკვეთი „შაჰნამედან“, სახელწოდებით „მღვდლების მიერ ზაალის გამოცდა”.