შეხვედრა ჯონ უილიამ ნარინსთან

თარიღი : 18.06.2025

 

17 ივნისს, მწერალთა სახლში მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ამერიკელ პოეტ და მთარგმნელ ჯონ უილიამ ნარინსთან.

ჯონ ნარინსის მიერ ინგლისურ ენაზე თარგმნილია რუსული ლიტერატურის „ოქროს ხანის“, ადრეული მე-20 საუკუნისა და თანამედროვე პოეზიის ნიმუშები. ჯონ ნარინსმა ქართველ მწერალ და მთარგმნელ ნენე გიორგაძესთან ერთად თარგმნა კარლო კაჭარავას ლექსები.

მასტერკლასის დროს ნარინსმა დეტალურად ისაუბრა თარგმანის არსსა და მის ლიტერატურულ თუ კულტურულ პასუხისმგებლობაზე. მან ყურადღება გაამახვილა თარგმნის პროცესში არსებულ ნიუანსებზე. მაგალითად მოიყვანა ვლადიმირ ნაბოკოვისა და სხვა მწერლების თარგმნითი მიდგომები. ისაუბრა განსხვავებებზე აკადემიურ და პოეტურ თარგმანებს შორის. ასევე განიხილა კარლო კაჭარავას შემოქმედების თარგმნისას წარმოშობილი სირთულეები.

ნარინსმა ხაზგასმით აღნიშნა მთარგმნელის როლის მნიშვნელობა გლობალურ ლიტერატურულ კონტექსტში − როგორც მედიატორის, რომელიც არა მხოლოდ ენობრივ ბარიერებს აცილებს მკითხველს, არამედ კულტურულ კონტექსტსაც აცოცხლებს ახალ სივრცეში.

დაინტერესებული აუდიტორია ჯონ უილიამ ნარინსს კიდევ ერთხელ შეხვდება 19 ივნისს, მთარგმნელისა და მწერლის ნენე გიორგაძის შემოქმედებით საღამოზე, სადაც ისინი ერთად წაიკითხავენ კარლო კაჭარავას ლექსებს.