პრემია „მუზას“ ლაურეატის, პოეტისა და მთარგმნელის ნენე გიორგაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

თარიღი : 19.06.2025

მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემია „მუზას“ ლაურეატის, პოეტისა და მთარგმნელის ნენე გიორგაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ვინაიდან ლიტერატურული პრემია „მუზა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე (რომელიც 2024 წლის დეკემბერში გაიმართა) ნენე გიორგაძე საქართველოში არ იმყოფებოდა, გუშინდელ საღამოზე პრემიის ლაურეატს „მუზა“ წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში გადაეცა − კარლო კაჭარავას ორენოვანი პოეტური კრებულის თარგმნისთვის.
საღამოს განსაკუთრებულ განწყობას სძენდა აუდიტორიის შეკრების მთავარი „მიზეზი“ − გამომცემლობა „სეზანის“ მიერ შესანიშნავად დასტამბული წიგნი, რომელიც თვალს სტაცებდა ყველა სტუმარს − არაჩვეულებრივი პოეტისა და მხატვრის, კარლო კაჭარავას პოეზია ინგლისურ ენაზე.
საღამოს ესწრებოდა ამერიკელი მწერალი და მთარგმნელი ჯონ უილიამ ნარინსი, რომელმაც ნენე გიორგაძესთან ერთად თარგმნა კარლო კაჭარავას კრებული.
ნენე გიორგაძემ წაიკითხა საკუთარი ლექსები, ამონარიდები თარგმანებიდან, ასევე კარლო კაჭარავას ლექსები ქართულ და ინგლისურ ენაზე − ჯონ უილიამ ნარინსთან ერთად.
შემოქმედებით საღამოს სწორედ ჯონ ნარინსის მიერ ინგლისურად წაკითხულმა კარლო კაჭარავას ლექსებმა შესძინა განსაკუთრებული მუხტი − შესანიშნავი ქართველი პოეტის ლექსები ინგლისურ ენაზე აქამდე არავის მოესმინა.
მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ ნენე გიორგაძეს მიულოცა ჯილდოს მიღება, ასევე ისაუბრა ერთობლივ პროექტებზე. მისი თქმით, იგეგმება კარლო კაჭარავას არქივში არსებული ჩანაწერების გამოცემა, ხოლო მომავალ წელს შოთა ჩანტლაძის შემოქმედება წიგნად დაისტამბება.