ქართულ-თურქული ლიტერატურული დღეები

თარიღი : 25.06.2025

მწერალთა სახლში ქართულ-თურქული ლიტერატურული დღეები მიმდინარეობს.

მთარგმნელობითი ლიტერატურული პროექტი მწერალთა სახლისა და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ხორციელდება და გულისხმობს ქართველი და თურქი პოეტების ლექსების ერთობლივ თარგმნას და შემდეგ ორენოვანი კრებულის გამოცემას.

პროექტში ქართველი ავტორებიდან მონაწილეობენ: გიორგი ბალახაშვილი, ირმა ბერიძე, ვახტანგ ვახტანგაძე, შოთა ვეკუა, გიო ზედვაკელი და ნინია სადღობელაშვილი.


თურქული მხარიდან კი წარმოდგენილი არიან თანამედროვე პოეტები: Baki Ayhan Asiltürk, Hayriye Ünal, Mehmet Can Doğan, Mehmet S. Fidancı და Ömer Erdem.


დღევანდელი მთარგმნელობითი სესია მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა — ავტორები ერთმანეთს პირადად შეხვდნენ, წარადგინეს საკუთარი პოეზია და ერთად იმუშავეს ტექსტების თარგმანზე. მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის ლიტერატურულ ინიციატივებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კულტურულ დიალოგში და ხელს უწყობს ქართული და თურქული თანამედროვე პოეზიის ურთიერთგაცვლასა და პოპულარიზაციას.
მთარგმნელობითი სესია ხვალაც გაგრძელდება. პროექტის დასრულების შემდეგ დაგეგმილია შემოქმედებითი საღამო, რომელზეც ავტორები საკუთარ შემოქმედებას წარმოგვიდგენენ.

სარეზიდენციო და მთარგმნელობითი პროგრამის მონაწილეები 26 ივნისს, 19:00 საათზე, გამართავენ ქართულ-თურქულ ლიტერატურულ საღამოს, სადაც მკითხველს შესაძლებლობა ექნება, ორი ქვეყნის პოეზიასა და ავტორების შემოქმედებას უფრო ახლოს გაეცნოს.