26 ივნისს შემოქმედებითი საღამოთი დასრულდა მწერალთა სახლში გამართული ქართულ-თურქული მთარგმნელობითი და სარეზიდენციო შეხვედრები.
როგორც იცით, ორი დღის განმავლობაში, ქართველი და თურქი პოეტები ერთობლივად მუშაობდნენ ლექსების თარგმანებზე.
საღამოზე, რომელიც ამ შემოქმედებითი თანამშრომლობის ლოგიკური დასასრული იყო, ავტორებმა წაიკითხეს როგორც საკუთარი, ასევე ერთმანეთის მიერ ნათარგმნი ლექსები ქართულ და თურქულ ენებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ალი ქაან ორბაი, მწერალთა სახლის დირექტორი, ქალბატონი ქეთევან დუმბაძე, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორი, ბატონი ზექერია გულთექინი, ინსტიტუტის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.
აღნიშნული პროექტი სწორედ იუნუს ემრეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით განხორციელდა და მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგისა და ლიტერატურული კავშირების გაღრმავებას.
პროექტის დასრულების შემდეგ გამოიცემა ორენოვანი პოეტური კრებული.
მთარგმნელობითი და სარეზიდენციო პროგრამის ქართველი მონაწილეები იყვნენ: ნინია სადღობელაშვილი, ირმა ბერიძე, ვახტანგ ვახტანგაძე, შოთა ვეკუა, გიორგი ბალახაშვილი და გიო ზედვაკელი.
თურქი ავტორები: Baki Ayhan Asiltürk, Hayriye Ünal, Mehmet Can Doğan, Mehmet S. Fidancı და Ömer Erdem.
ქართულ-თურქული მთარგმნელობითი და სარეზიდენციო შეხვედრების ნაყოფიერად და შინაარსიანად ჩატარებამ გამოკვეთა ინტერესი და რეალური პერსპექტივა, რომ ქართულ-თურქული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობები კვლავაც გაგრძელდება − გაცილებით მჭიდრო, ინტენსიურ და მრავალფეროვან ფორმატში.