თარიღი : 08.07.2025
მწერალთა სახლში ამ წუთებში იმართება მთარგმნელობითი და სარეზიდენციო პროგრამის მონაწილე ავტორების სამუშაო შეხვედრა.
ქართველი და თურქი ავტორები უკვე მეორე დღეა ერთმანეთის ლექსების თარგმნაზე მუშაობენ.
პროექტი მწერალთა სახლისა და იუნუს ემრეს ინსტიტუტის თანამშრომლობით ხორციელდება, რომლის ფარგლებში მწერალთა სახლის რეზიდენციას ხუთი თურქი ავტორი სტუმრობს.
პროექტის დასრულების შემდეგ გამოიცემა ორენოვანი, ქართულ-თურქული პოეტური კრებული, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მონაწილე ავტორთა შერჩეული ლექსები.
ქართველ ავტორებს შორის პროექტში მონაწილეობენ: გიორგი ბალახაშვილი, ირმა ბერიძე, ვახტანგ ვახტანგაძე, შოთა ვეკუა, გიო ზედვაკელი და ნინია სადღობელაშვილი.
თურქი ავტორები: Baki Ayhan Asiltürk, Hayriye Ünal, Mehmet Can Doğan, Mehmet S. Fidancı და Ömer Erdem.
თურქმა ავტორებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს თანამედროვე ქართული პოეზიის მიმართ. მათი თქმით, თურქეთში ქართული პოეზია ნაკლებად ხელმისაწვდომია, ამიტომ გამოთქვეს სურვილი, გამოიცეს თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია.
თავის მხრივ, მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ ავტორებს წარუდგინა მწერალთა სახლის საგამომცემლო პროგრამა და გააცნო შესაძლებლობები, რომლებიც აღნიშნულ პროგრამას აქვს უცხოელი გამომცემლობებისთვის. ამ პროცესში მწერალთა სახლი მზად არის ითანამშრომლოს მათთან და უზრუნველყოს შესაბამისი მხარდაჭერა.
დღეს, მთარგმნელობითი სესიის დასრულების შემდეგ, გაიმართება პოეტური საღამო, რომელშიც მონაწილე ავტორები საკუთარ შემოქმედებას წარადგენენ.
დასწრება თავისუფალია − გვესტუმრეთ!