თარიღი : 14.08.2025
ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ ბრუნდება!
პროექტი „ცოცხალი წიგნები“, რომელიც 2015 წელს დაარსდა, საიუბილეო − 2025 წლისთვის განახლებული ფორმატით და ახალი ავტორებით ბრუნდება.
თავისი შინაარსითა და მასშტაბურობით პროექტი სრულიად უპრეცედენტოა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში.
პროექტის მთავარი მიზნებია:
წიგნის კითხვის პოპულარიზაცია;
თანამედროვე ავტორებისა და მკითხველების დაახლოება;
ლიტერატურული დიალოგის ხელშეწყობა;
ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
„ცოცხალი წიგნების“ უნიკალურობაა ის, რომ ავტორები თავად იქცევიან „ცოცხალ წიგნებად“ – ისინი მიემგზავრებიან რეგიონებში და მკითხველებს საკუთარ ტექსტებს პირდაპირ უზიარებენ.
პროექტმა გაააქტიურა რეგიონული კულტურული ცხოვრება და გააღვივა ინტერესი ლიტერატურის მიმართ. იგი გასცდა ქვეყნის ფარგლებსაც – შეხვედრები გაიმართა უცხოეთში, ქართულ დიასპორებთან.
გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ბიბლიოთეკებში, კულტურის ცენტრებში, ასევე, სასაზღვრო ზონებში, პენიტენციურ დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში, თავდაცვისა და განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებში.
პროექტის ფარგლებში გამოიცა: ბილინგვური წიგნები, ალმანახები და საავტორო გამოცემები, ანთოლოგიები. დაიდგა ლიტერატურული თეატრალიზებული მონოსპექტაკლები მარჯანიშვილისა და თუმანიშვილის თეატრების სცენებზე; მომზადდა 80-ზე მეტი თანამედროვე ავტორის ვიდეოპორტრეტი.
პანდემიის პერიოდში, როცა ფიზიკური შეხვედრები შეწყდა, პროექტმა გააგრძელა ფუნქციონირება – შეიქმნა ვიდეოპორტრეტების „ოქროს ფონდი“, რომელიც მნიშვნელოვანი რესურსია ქართული ლიტერატურის დოკუმენტირებისთვის.
„ცოცხალ წიგნებს“ მიმდინარე წელს მწერალთა სახლი განახორციელებს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
პროექტში წელს უფროსი თაობის ავტორებთან ერთად ახალი თაობის ავტორებიც ჩაერთვებიან − ისინი, ვინც თავი წარმოაჩინეს „ლიტერატურული გაზეთის“ ფურცლებზე და მწერალთა სახლში გამართულ საღამოებზე (პროექტის „ახალი სახელები“ ფარგლებში).
მათი გაცნობა, პოპულარიზაცია და ახალი ხმების გამოკვეთა იქნება პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
• რეგიონებში გასვლითი ლიტერატურული ღონისძიებები
• ახალი თაობის ავტორების ჩართულობა
• ვიდეოპორტრეტების, ბილინგვური გამოცემებისა და ალმანახების გაგრძელება
• საერთაშორისო თანამშრომლობები
„ცოცხალი წიგნები“ აგრძელებს გზას – ლიტერატურა მიემგზავრება მკითხველთან!