17 სექტემბერს, კაროლ პირველის სახელობის ცენტრალური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში, პანელური დისკუსია „ანთიმოზ
ივერიელი“ გაიმართა.
შეხვედრა ფესტივალის ორგანიზატორმა და მასპინძელმა, რუმინეთის ლიტერატურის ეროვნული მუზეუმის დირექტორმა იოან კრისტესტკუმ გახსნა.
პანელის პირველი მომხსენებელი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი იყო.
მან ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებისა და შემოქმედების ასპექტებზე ისაუბრა. წელს ანთიმოზ ივერიელის დაბადებიდან 375 წელი აღინიშნება. ანთიმოზ ივერიელი რუმინულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. თამარ ბერუჩაშვილმა საუბარი ანთიმოზ ივერიელის ქართულენოვანი ლექსის სტროფით დაასრულა.
შემდეგი გამომსვლელი იყო გეორგ ჩივუ – რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ფილოლოგი და ლინგვისტი, რომელმაც ანთიმოზ ივერიელის შრომები სამეცნიერო განზომილებიდან დეტალური მაგალითებით აღწერა.
მომდევნო მომხსენებელი არქიმანდრიტი პოლიკარპი გახლდათ, რომელმაც ანთიმოზ ივერიელის მიერ ბიბლიის რუმინულ ენაზე თარგმანის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ამ თარგმანებმა დიდი როლი შეასრულა როგორც რუმინული ღვთისმსახურების, ისე ენობრივი თვალსაზრისით.
შემდგომი მომხსენებელი გახლდათ ლაურა ბადესკუ –გიორგი ოპრესკუს სახელობის ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი, რომელმაც ანთიმოზ ივერიელის პოეტურ შემოქმედებაზე და სპეციფიკაზე, ლექსწყობასა და სალექსო მარცვალზე, ლექსის სტრუქტურაზე ისაუბრა. ასევე, მის გავლენასა და ნოვატორულ სტილზე იმ პერიოდის რუმინულ ლიტერატურაში.
ამ წუთებში დარბაზში მიმდინარეობს თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „ქართული მემკვიდრეობა. ევროპის წიაღში“ ჩვენება.
ღონისძიების ორგანიზატორია ბუქარესტის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი და საქართველოს საელჩო რუმინეთში.