მთარგმნელთა საერთაშორისო დღე

თარიღი : 02.09.2025

შანდორ პეტეფი
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი
ეგ თეთრი შუბლის სერი
თვალები გიშრისფერი
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თათი
ო, იცი როგორ მიყვარს,
ოდნავ შეხებაც მათი.
ო, იცი როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით?
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი.
მე დარდიც მიყვარს შენი
შენი ღიმილიც ფართო
მე ცრემლი მიყვარს შენი
შენი კისკისიც მართობს.
მე შუქი მიყვარს შენი
რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი...
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ
მწვავს შენი ტრფობის ალი
მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ
მთელი გრძნობით და ძალით.
მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ღამით ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით
გულის ძგერის ხმა მესმის
შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ
შენს დარდს ვატარებ დარდად
მე სხვა სურვილი არ მაქვს
შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ
რადგან შენ გსურდა იგი
რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ
მიყვარხარ ცხადად, მალვით
როგორც არასდროს არვინ
არ ყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,
ეს შეუძლოა თითქმის
შენ ერთს გეკუთვნის ყველა
რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ.
სატრფოვ, შვილო და დედავ
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი.
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ
ვარ შენი ტრფობით შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე
ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არის,
ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე კარგო.!
თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ
რუდაქი
ცხოვრებას კარგად შეხედე,
გონს მოდი, იყავ ჭკვიანი,
ზერელედ ნუ კი უყურებ,
გზები იცოდე გზიანი.
ზღვასა ჰგავს ჩვენი ცხოვრება
და რომ არ ნახო ზიანი,
სიკეთის გემი ააგე,
და გადი გაღმა სვიანი.
* * * * * * *
კაცთა გონიერთ ამ ქვეყანაზე,
განა ოდესმე ბედი ჰქონიათ!
შენი თავისთვის შენვე იზრუნე,
სხვისი იმედი ფუჭად გქონია.
შეჭამე კიდეც, გაეცი კიდეც,
თუ რომ არ გინდა სინანულს მკიდე.
არ დაგახვიოს, იცოდე რეტი
სიხარბისა და სიძუნწის რიდემ!
სპარსულიდან თარგმნა მაგალი თოდუამ
ფრანსუა ვიიონი
ფრაგმენტები მცირე ანდერძიდან
ჩინ-უნ-ნარ-ვინსა, დეკემბრის თვესა,
ვინმე ფრანსუა ვიიონს, სქოლარს,
შემიდგენია საბუთი ესე,
აწ ვიხსნი ყელზე დაკიდულ დოლაბს.
,,საქმესა თვისსა ვინცა ეწიოს,
ვაქოთ, საქმენი შე-რა-ვიტყოთა”,
უთქვამს ოდესღაც ბრძენ ვეგეციუსს,
და თუ არ უთქვამს, ვინმე იტყოდა.
II
ხსენებულ თვეში, მწუხარე დროში,
როცა დღისითაც ნახევრად ბნელა,
როცა სასტიკი ყინვა და თოში
ბუხრებისაკენ მირეკავს ყველას,
როცა ქარიშხლით ვახშმობენ მგლები
და ჩაჰყმუიან ცარიელ სტომაქს,
მომბეზრდა ასე, ჩემივე ნებით,
ტრფობის უღელში უაზროდ ჯდომა.
III
მკლავს და არ ვიცი, რას იგებს ამით,
ვკითხო, რა ვკითხო, არ იცის თვითონ.
მე მგონი, უკვე დამდგარა ჟამი,
გზები ვკეცო და არგანი ვცვითო.
თქვენ, სიყვარულის დიდო ღმერთებო,
შემიმსუბუქეთ ტანჯვის უღელი,
და ჩემი დარდი ვეებერთელა
არ დამიტოვოთ ამოუყრელი.
IV
მომეთილისმა, მომცა დასტური,
ტანთ შემომაგზნო ტკბილი სახმილი,
ღიმილიანი მზერა მაცთური
გულს გამიტარა, როგორც მახვილი,
მერე კი მექცა ფეხთეთრა ცხენად,
თავის დაღწევა გვიანღა ვცადე.
მცოდნოდა, სხვაგან ჩავყრიდი ვენახს
და სხვა წიაღში ჩავფენდი ნათელს.
V
თქვა თუ: გახმესა, ვერ იხაროსა,
თან ითმინოსა, თან იხელოსა.
უნდა ვმჯდარიყავ შავსა ხაროსა
და განუწყვეტლივ მასზე მელოცა.
ვინ დამაბედა, ტრფობით გალღვიო,
ვინ დამანათლა, ცრემლად იქეცო,
დროა, დილეგი გამოვარღვიო
და პარიზიდან გადავიხვეწო.
VI
მეყო, რაც უღვთოდ მგვემეს და მტანჯეს,
ცრემლმა დამალტო, ცეცხლმა დამდაგა.
მშვიდობით, ძმებო, მივდივარ ანჟეს,
ხვალვე მივდივარ, თორემ თანდათან
ჩემი ამბავი ისე გართულდა,
დაგვირგვინდება სულის გაცხებით
და ტრფიალების წმინდა მარტვილთა
ღვთაებრივ დასში შევირაცხები.
VII
მორჩა, აღსრულდა, მივდივარ მართალ,
მაგრამ მწყურიხარ ისეთი ძალით,
ისე მჭირდები, ვით… როგორც… რა ვთქვა…
ბოლონურ ქაშაყს სჭირდება წყალი.
ნეტა ვინ გიხსნის ახლა საკინძეს,
ვინ ეწაფება შენს უტკბეს ტყუილს…
ო, ღმერთო ჩემო, ნუ გამაგიჟებ!
კი არ ვლოცულობ, ვდგავარ და ვყმუი.
ფრანგულიდან თარგმნა დავით წერედიანმა
ჰაფეზი
* * *
შენ ცისკარი ხარ, მე მიმქრალი სანთლის მუდარა,
მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა რა
სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი,
შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვერარ გამოუდარა.
სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმა
ზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა,
ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს,
შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა.
სპარსულიდან თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა
პარუირ სევაკი
მცდარი სიტყვა შეცდომის შესახებ
„მე არ მივმართავ არავის,
მაგრამ სადღაც რაღაცა შეცდომა არის“.
უ. საროიანი
გაგიჟებული – გაზაფხული.
ჰაერი – მთვრალი.
ისეთი შუქი განფენილა, ვერ შეიცხადებ,
მხოლოდ ნათლით რომ დაორსულდეს… თვით უშვილოც კი!..
მაგრამ მე ჩემს ტვირთს, აუტანელს, ვეწევი მაღლა,
ჩემი თავის და ჩემი გულის ტვირთს,
რომლის ქვეშაც
რვარიგად ვათრევ შვიდსახიერ ჩემს სხეულს ახლა.
ვათრევ.
არ ვფიქრობ!
ჩემი ფიქრიც სწორედ ეს არის!
არ ვისმენ!
არ მსურს, საიდანმე ხმა რამ ჩამესმას!
მაგრამ ჩემშიც და ჩემს ირგვლივაც ერთთავად ისმის –
„სადღაც რაღაცა შეცდომა არის“.
რაღაც შეცდომა დედამიწის ღერძშია სწორედ, –
სწორად არ გადის… რაღაც მრუდედ უჭირავს გეზი!..
რაღაც შეცდომა ნათელსაც კი ახლავს, ნათელსაც –
უნდა ჰქონოდა სიმძიმე და წონა ნამდვილად!
სარწმუნოება მცდარი თუა, ეს უკვე ვიცით,
მაგრამ თვით რწმენაც ხომ არ არის მთლად შეუმცდარი?!
რაღაც შეცდომა ჭეშმარიტსაც კი ახლავს, – რასაც
ჭეშმარიტს ვარქმევთ, შემოწმებას მოითხოვს ისიც!
სისხლიც, სისხლიც კი შემცდარია: მაშ, რად იღვრება?
და თუ იღვრება, მერე რატომ, რატომ დედდება?!
ჭიქას თუ ხელი სასომიხდით სწვდება, ღვინოც კი
შემცდარი გახლავთ, –
ყელში რატომ გადადის მაშინ?!
წყალთა შეცდომა
ვარდნა არის მათი – მუდმივი!..
ზემოდან ქვემოთ
ეშვებიან,
ზემოდან – ქვემოთ!
არც ლანჩა არის შეუმცდარი –
გვწყვეტს დედამიწას.
მცდარია მიწაც, –
იყიდება და ყიდულობენ.
მცდარია ცეცხლიც, –
მაშ, ეს კვამლი რა ჯანდაბაა?!
შეცდომა გახლავთ დადუმება, –
ფრთებს გვაცლის იგი.
ხოლო გულწრფელი ლაპარაკი…
მთლად შეცდომაა.
მაშ, რითი, როგორ, რანაირად განესხვავება
შლაგბაუმი და ჰორიზონტი ერთმანეთს, როცა
ერთი თუ – ფეხებს და მეორე – მზერას გვიკეტავს?!
შეცდომა გახლავთ მსხვრევაც,
რადგან, ასე მგონია,
მიწისმზომელი თუ სარგებლობს ამგვარ დაყოფით…
დაქუცმაცება, მსხვრევა მხოლოდ ფორმებს ამრავლებს!
ისე გასინჯეთ, შეცდომაა იმათი ცდაც კი,
ვინც შეცდომების გასწორებას გულწრფელად ცდილობს,
რამეთუ ამ დროს, უნებლიეთ, თვითონვე ცდება
და ასერიგად შეცდომები ერთვის შეცდომებს!..
თავი და თავი შეცდომა კი, უეჭველია,
კაცის სხეულს სჭირს:
ერთი თავით აბა რას იზამს,
როცა ცხოვრება უშეცდომომ ასე ძნელია?!
მაშ, რა გამოდის:
სიყვარულიც,
წვაც,
სიძულვილიც
შეცდომა არის?! შეცდომაა?! (გადაირევი!):
დიახ, შეცდომა გახლავთ ასე განსჯის სურვილიც
და ეს ლექსიც ხომ… შეცდომაა, დასტურ, პირველი!
სომხურიდან თარგმნა გივი შაჰნაზარმა
შემუელ ჰანაგიდი
(982-1055)
პოეტი, ფილოლოგი, თალმუდისტი
იოსებისადმი
მადლი აღმითქვამს, დამბადებელო,
ამ უჩვეულო წყალობისათვის...
ცის დასავალთან მოდგა დაისი,
კვლავ აღმოენთო
საღამოის უტყვი მშვენება...
ხმა მესიტყვება ადონაისი
თუ ანგელოსი მესიმღერება?
– სები, სადა ხარ? – როკვენ სეფენი,
კვლავ ამღერდება ჩემი ოცნება,
მზით შეივსება შესავსებელი,
ცა – ვარსკვლავებით შეისოსნება...
მე კი შენს ბილიკს დავემგზავრები,
გზა განმიბანე, ნათლის ნაკადო,
რომ გამარჯვების საგალობელი
ცის დარბაზებში ამოგღაღადო.
– მტერმან ვერაფერი მოიმაქნისაო,
მძლეობს კიპარისის ღერო,
ფრთეო ნათლისაო, ფრთეო ნათლისაო,
შარავანდისაო ჩემო.
* * *
აჰა, ტრედს ვუხმე ჩემი კარვიდან,
ხრმლით მოვუნიშნე ცათა შორეთი,
ქვე განვუფინე მზე და მთოვარე,
ფრთე დავუმძიმე ეპისტოლეთი
და ღრუბლებისკენ ავაფრთოვანე...
გარნა ფიქრი ჩნდა, აღსდგა ღრუბელი,
კვლა აღუღუნდა ხელში ღადარი,
და სალმობათა ნაფეხურებზე
ჩნდნენ მესიტყვენი გულისთქმათანი.
ეჰა, სად მიფრენ ფრთეო ტრედისავ!
სად დაეშვები, რომელ მხარეში,
გზა შენეული საით დახდება:
ზღვა გაგეგება სატახტრევანოდ,
თუ კაკანათი დაგეტახტება?.. ...
ყრუდ მილივლივებს ქარში ქედანი,
ცად განიხსნება ბნელი თაღები,
ძალს მომაგებენ ძალნი მძლეთანი
და საკრებულოს შევეზრახები:
- ასრე უენომ ვისთან იენოს,
ტრედმან ვით შესძლოს თავის ტერება:
ბაზი დააგდებს საბაზიეროს,
ან ბაზიერი დაემტერება...
ვიხმე სხვა ტრედი... ისიც ვაფრინე...
ფრთეო, ამზიდე, ამამზიანე,
ხელთამპყრობელო, ხელი გამომდე!
ხამს დამავიწყოს დღემან დღეისამ,
რაც შევიჭირვე მოაქამომდე...
- გასწი, გაფრინდი, ჩემო უსტარო,
ჩემო კუშტო და ჩემო უშტარო,
რომ ზენაარის საუფლოებში
ამამზევო და ამამუშთარო.
ტრედო, წარუძეხ ქროლვას ფიქრისას!..
ცის საკრებულოს შეატყობინე,
რა სასოებით ვხმობდი აქამდე
და ღთაებრივი ენამზეობით
აამჭევრე და აალაქარდე...
და, როცა გზებზე გასრულდება შენი თარეში, –
ბანს გარდაევლე იოსებისას,
გაეხმე ჩემს ყრმას და ეაბეზრე,
რომ განთიადის სინეტარეში
საუწყებელი ეუწყოს ესრე:
„- შვილო, განვიგდე მძიმე უღელი,
სახარებელი უნდა გახარო:
გუნდრუკს გიკმევენ მეგუნდრუკენი,
ნავარდალო და ნაზამბახარო!
საყუდარს ჩვენსას მზემან მოხედა,
ლხინი მოვქარგე ბედის ქარგაზე
და სარბიელი მეამბოხეთა
მოვირბიე და მოვიდარბაზე;
კვალად აღვმართე მკლავი ნაცადი,
კვლავ გულმაგარმან ჟამი ვიგულე,
კაცი კაცს ვტყორცნე, კაცად-კაცადი
ხრმლით ბედაურზე ვამანდიკურე...
"სისხლი სისხლის წილ!"_ რეკდა მთიები,
თვალში ჩამიდგა უცხო სიალე,
ბზეს შევუსართე გადამთიელი,
ბზე - ქარიშხალში ავაბზრიალე.
ებრაულიდან თარგმნა
ჯემალ აჯიაშვილმა
აზერბაიჯანული ბაიათები
* * *
ტრიალ ველზე თივა ვთიბე,
ტვინი ვძგიბე, სიტყვა ვკიბე,
ტურფას სახლი ავუშენე,
ზედ მივადგი ოქროს კიბე.
* * *
რო რჩეული ხარ ათასში,
მერწმუნე ცოტა-მატაში:
არ უღალატო სიმართლეს,
არ გაეხვიო ხათაში.
* * *
ქვეყანა შემოვიარე,
გულს დარდი მწვავდა მღვიარე,
ძუნძულით მდევდა სიკვდილი,
ჩემს კვალზე ნადგომიარე.
აზერბაიჯანულიდან თარგმნა ზეზვა მედულაშვილმა
ომარ ხაიამი
* * *
უქონლობისა არა მჭირს საფიქრალ-სავაგლახო რამ,
ან განა მიტომ არ ვთვრები, ვინმეს არ შევუძრახო რამ,
ღვინოა გულის სალბუნი, მოსალხენ-საინახო რამ,
მე, ჩემო, შენგნით დავბრმავდი, შენ იქნებ დაინახო რამ.
სპარსულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ