2 დ
ა 4 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართება „გერმანული ლიტერატურის დღეები“ − ორდღიანი პროგრამა, რომლის ფარგლებში ქართველი მკითხველები თანამედროვე გერმანულ ლიტერატურასა და დრამატურგიას ახლო რაკურსიდან გაეცნობიან.
პროექტის ფარგლებში თბილისს ესტუმრებიან ცნობილი გერმანელი ავტორები და დრამატურგები: მანფრედ იაკობსი, ულრიკე იაკობსი, რალფ შოკი და უტე ვერნერი.

მანფრედ იაკობსი − ადვოკატი, ზაარლანდის აუდიტის სასამართლოს ყოფილი დირექტორი და 1980 წლიდან ტელესცენარების ავტორი. 2005 წლიდან მეუღლესთან, ულრიკე იაკობსთან ერთად, წერს რომანებსა და Non-fiction ნაშრომებს. მათ შორისაა: „საზღვრის გადამლახველი. ელიზაბეტ ლოთარინგიელი“ (2007), „სისის მემკვიდრეობა“ (2017), „ზაარბრიუკენი და მისი ბაროკოს მემკვიდრეობა“ (2019). ასევე არის მხატვრული ფილმის Prete Rosso სცენარის ავტორი.

ულრიკე იაკობსი − მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი; ლიტერატურული ჟურნალის Projekt-IL თანადამფუძნებელი. მუშაობდა ევროპისა და აშშ-ის სხვადასხვა ქვეყანაში. 2005 წლიდან ქმნის ერთობლივ ლიტერატურულ ნამუშევრებს მანფრედ იაკობსთან. პროზის, Non-fiction-ისა და კინოს შესახებ ესსების ავტორია.

რალფ შოკი − მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ფილოსოფიის დოქტორი. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ზაარლანდის უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი − Saarländischer Rundfunk-ის ლიტერატურულ რედაქციაში. მისი წიგნები მოიცავს ლიტერატურულ, ავტობიოგრაფიულ და აკადემიურ ნაშრომებს, მათ შორის: „ექსპრესიონიზმი − ეპოქა და ზაარის რეგიონი“, „კოლხეთისკენ – საქართველოს ხიბლი“ (2021), „შიდა გამოძიება“ (2024) და „არასოდეს ჰიტლერთან!“ (2025).

უტე ვერნერი – 1960 წელს ჰალე/ზაალეში, გდრ-ში დაიბადა. 1979-1984 წლებში სწავლობდა მუსიკათმცოდნეობას ჰალე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტში. 1984-1988 წლებში მუშაობდა ჰალბერსტადტის ხალხის თეატრში მუსიკალურ დრამატურგად. 1988 წელს გადასახლდა გფრ-ში.
1989-2024 წლებში მუშაობდა ზაარლანდის მაუწყებელში (ARD) − კულტურულ რადიოში, ხოლო მოგვიანებით ჟურნალისტიკის მიმართულებით. 1992 წლიდან მუშაობს „მოგზაურობისა და თავისუფალი დროის“ რედაქციაში რედაქტორად, ავტორად და რეჟისორად. მისი ფილმოგრაფია მოიცავს 45-წუთიან დოკუმენტურ ფილმებს, მოგზაურობის შესახებ 30-წუთიან გადაცემებსა და კულინარიის თემაზე შექმნილ ნამუშევრებს.

გერმანული ლიტერატურის დღეები მიზნად ისახავს გერმანულ და ქართულ ლიტერატურულ სივრცეებს შორის დიალოგის გაღრმავებას, თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!