თარიღი : 09.12.2025
ნოემბრის თვეში მწერალთა სახლში განხორციელებულ სარეზიდენციო და მთარგმნელობით პროგრამას პოლონელი ავტორები დადებითად ეხმაურებიან.
ჰანა დიდუშკო საკუთარ ბლოგზე საქართველოში გატარებულ დღეებს მადლიერებით იხსენებს. ის მიმოიხილავს პოლონელი მწერლების ვიზიტს მწერალთა სახლში და ერთობლივი მუშაობის პროცესს, ასევე პოლონურ ლიტერატურულ წრეებს უამბობს პოლონურ–ქართული სამწერლო თანამშრომლობის შესახებ.
პროექტის ფარგლებში ქართველმა და პოლონელმა პოეტებმა ერთობლივად თარგმნეს პოეტური ტექსტები, დაიგეგმა ორენოვანი კრებულის გამოცემა, ხოლო პროექტის სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი, ქართველ ავტორებს მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთარი შემოქმედება წარადგინონ ვარშავისა და გდანსკის ლიტერატურულ ფესტივალებზე, – აღნიშნავს ავტორი.
„ლამაზი ლიტერატურული თავგადასავალი საქართველოში უკვე მოგონებად იქცა... ინტენსიური პერიოდი: სამუშაო, ბევრი ემოცია, განცდა, სიხარული. ქართველ მწერალთა სახლი - XX საუკუნის დასაწყისის შენობა (არტ ნუვოს და ნეობაროკოს სტილში) − კარიბჭე სხვა სამყაროში - ელეგანტურობა, მემორიალის ხიბლი, ისტორიაზე ზრუნვა. საოცარი მოგზაურობა წარსულში... ჩემი რამდენიმე ლექსი ითარგმნა... მეც ვთარგმნე ორი... ამ ქართული სიზმრიდან დღემდე ვერ ვიღვიძებ...“, - წერს ჰანა დიდუშკო.
ქართულ-პოლონურ სარეზიდენციო და მთარგმნელობით პროგრამას ასევე სამადლობელი წერილით გამოეხმაურა პოლონელი ავტორი იან კერდენი. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პროგრამის ორგანიზატორებს და მონაწილეებს − ქეთევან ტრიპოლსკის, რუსუდან კიკალეიშვილი-დომუხოვსკის და ქეთევან დუმბაძეს. ავტორებს: ირმა ბერიძეს, მანონ ბულისკერიას, თემურ ჯობავას და დავით შემოქმედელს − და ხაზგასმით აღნიშნავს ერთობლივი სემინარების, პოეზიის საღამოსა და შემოქმედებითი დიალოგების მნიშვნელობას.
მისი თქმით, საქართველო და ქართველი პოეტები მათთვის დიდ საჩუქრად იქცნენ: არა მხოლოდ შემოქმედებითი გამოცდილებით, არამედ ღრმა, ადამიანური შთაბეჭდილებებით.
„პოლონეთში, როდესაც რაღაც ღრმად გვაწუხებს, ვამბობთ, რომ მან „ჩვენი გული მოიპარა“. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველომ „ჩვენი გულები მოიპარა“. მაგრამ ამაში „დანაკარგი“ არ არის − პირიქით. სანაცვლოდ, ჩვენ იმდენი რამ მივიღეთ ქართველებისგან, და არა მხოლოდ პოეზიის სფეროში, რომ გამდიდრებულები დავბრუნდით“, − წერს იან კერდენი.
პოლონელ ლიტერატორთა კავშირის წარმომადგენელი ბარტოშ რადომსკი ემოციურად აღწერს საქართველოში ვიზიტს – და მის ტექსტში მთავარი ხაზი არგონავტების მითის პარალელია, რომელშიც პოლონელი პოეტების მოგზაურობა კოლხეთში თითქოს მითოლოგიურ ამბად გარდაიქმნა.
ის აღნიშნავს, რომ ქართველებთან შეხვედრა მხოლოდ პროფესიული გამოცდილება არ ყოფილა – ეს იყო „პოეტური თავგადასავალი“, სადაც ქართულ კულტურას და მეგობრობას ეზიარნენ.
მან აღნიშნა, რომ თარგმანის სემინარებმა გააძლიერა ლიტერატურული დიალოგი და გახსნა ახალი შესაძლებლობები პოლონელი და ქართველი ავტორებისთვის.
რადომსკი წერილს აგებს არგონავტების მითზე – „ოქროს საწმისის“ ძიებაზე – და ამბობს, რომ დღევანდელი მოგზაურობა თითქოს იმ ამბის გაგრძელებაა. კოლხეთი კვლავ რჩება უნიკალურ სივრცედ, სადაც სიმდიდრე კულტურა და პოეზიაა.
ის განსაკუთრებით მადლიერებით მოიხსენიებს პროგრამის ორგანიზატორებს და მონაწილე ავტორებს. მისი თქმით, ერთობლივი მუშაობა არა მხოლოდ პროფესიული გამოცდილება იყო, არამედ გამდიდრება სხვა კულტურითა და ნამდვილი ადამიანური ურთიერთობებით. იგი ხაზს უსვამს მომავალ გამოცემასაც − ორენოვან ანთოლოგიას, რომელიც ქართულ-პოლონური თანამშრომლობის შედეგად გამოიცემა.
„დაე, ეს ურთიერთობა ძველი ბერძნული გამონათქვამის შესრულებით დასრულდეს: „სტუმარს კარგად უმასპინძლე, რადგან თავადაც სტუმარი იქნები!“, − ასრულებს თავის წერილს ბარტოშ რადომსკი.