რად არ მეშლება ეს სხეული ესრედ მაგარი?
რად არ გადნება და ცის ნამად რად არ იქცევა!
ან შემოქმედი თავის მოკვლას ნეტა რად გვიშლის?
ოჰ, ღმერთო, ღმერთო! ყველა საქმე ამ წუთის სოფლის
როგორ ფუჭია, უნაყოფო, დაობებული.
თითქო ქვეყანა იყოს ბაღი გაუმარგლავი,
რაშიაც ხარობს მხოლოდ ღვარძლი, ცუდი ბალახი.
ეგეცა ვნახეთ?! ორი თვეა, რაც ის მკვდარია...
მაგრამ ორი თვე ჯერ სად არის! მერე რა მეფე!
ის ამას ჰგავდა, ვით სატირსა ჰიპერიონი.
როგორ უყვარდა დედაჩემი, ვით პატივს სცემდა,
ნელს ნიავსაც კი მის სახეს არ მიაკარებდა.
ოჰ, ცავ და მიწავ! ვითომ კიდევ ღირს მოგონებად!
ესეც მას როგორ ეხვეოდა, თავს ევლებოდა,
თითქო გულისთქმას გულისთქმითა ასაზრდოებდა.
და მხოლოდ ერთ თვეს! ოჰ, ნუღარა, ნუ მაგონდები!
არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ!
ჯერედ ერთი თვე ძლივს გასულა, არ გასცვეთია
ჯერ ფეხსაცმელი, რომლით იგი ცრემლის მფრქვეველი
მისდევდა კუბოს უბედური მამიჩემისას!
და ეხლა კია დაქორწინდა, – ოჰ, ზეცის მადლო!
უჭკვო პირუტყვი იგლოვებდა უფრო ხანგრძლივად.
დაქორწინდა და მერე ვისთან? ბიძაჩემთანა!
თვით მამიჩემის ღვიძლსა ძმასთან! თუმცა ძმა არის,
მაგრამ ისე ჰგავს თავის ძმასა, ვით მე ჰერკულესს.
ეს სულ ერთს თვესა, დიაღ ერთს თვეს! არ შეშრობია
გარდმონადენნი მის ცბიერთა თვალთაგან ცრემლნი
და ქმრის საწოლი შეაგინა სისხლის შერევით!
ცუდ ამბებს ვხედავთ, კვლავაც უნდა ცუდს მოველოდეთ.
გაიპე გულო, რაკი ენა უნდა დადუმდეს.