ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეებს მიღმა
ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეებს მიღმა.
ჩვენ ვეცემით, მივფრინავთ, თუ ვიმართებით:
ავტობუსში, ტრამვაიში, სიზმარში
მანქანის გასაჩერებლად აქნეული ხელით.
მე მიკვირს ყველაფერი, რასაც უბრალოს ვეძახით.
ძილი, სარკმელში ყურება, პურის ღეჭვა,
გასაღებების დაკარგვა.
ჩვენი მეტყველების ხანგრძლივი, უსასრულო
წიგნი ყდაგაცვეთილი
ჩვენი ღარიბული, ან ზოგჯერ უკეთესი სამოსით.
ღალატით, როგორც ცხოვრების წესით, სიცივეში ჩაის სმით.
საცხოვრებლებში დაფანტული ვკითხულობთ
და ერთმანეთს ვუამბობთ წაკითხულს,
სხვა ქალაქებიდან ჩვენსკენ მომავალთ
ვატანთ მოკითხვას,
უკეთეს სურვილებს, ან ვიღაცას ვწირავთ
თითქოს უბოროტო შურისძიებით.
კიდევ ერთ ღამეს შეეგუება ეს მძინარე ქალი,
რომელსაც სძინავს, როგორც ბებერ ვირთხას.
ვერცხლისფერ საწოლში.
მაშინაც, როცა მარტოს არ სძინავს წარმავალია მისი შეგუება.
ის არ ფასდება ცათა ვერცხლით ან ბარათით ნუგეშისაცემად.
მე ვფიქრობ ამ ქალზე,
როცა წარსულს ვიხსენებ.
მე ვიხსენებ მრავალ სიკვდილს ერთ სიცოცხლეში
და მესმის დაბადება, როგორც ცვლილება.
ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი...
ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი ებრძვის პურის რიგში მდგომთა ღამეს.
ყველა მის სამხილი ცუდად შემჩნეულია და იაფად ეწირება რამეს:
ავტომატს ან თურქულ შარვალს.
მისი ყველა მხილება ცუდადშემჩნეულია, როგორც კედლის მიღმა ორსული ქალის ხველება.
მიწის თოჯინა და ოდესღაც იაფი რკინის საწოლი,
რომლებზეც სიზმრებს არ ნახულობენ,
რომლებზეც არ ისვენებენ ქალის ფეხებს შორის,
რომლებზეც ვერ ტირიან,
რომლებზეც ნახულობენ ცუდ ტელესიზმრებს.
ე. ინგოროყვა კითხულობს „ბაადურ მაინჰოგის“ ქრონიკას
და ეძახის ენდი უორჰოლს ან ჟან მიშელ ბასკიას.
ან ეძახის პურის რიგში მდგომთა შვილების კერპებს:
სტალონეს, ვან ბასტენს და კიმ ბესინჯერს,
რომელთა სურათებიც ამკობენ პურის რიგში მდგომთა შვილების კედლებს,
სახელმძღვანელოებს, ინტიმურ დღიურებს და სიზმრებს
ცივ და უტრანსპორტო ქალაქში.
რა ვთქვი ოთახიდან გასვლისას
მე მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა,
რომ ეს უდაბნო, რომელზეც ვოცნებობ, ჩემივე დახატულია
და მე აქ ვცხოვრობ.
ასეთი ღარიბია ჩემი ოცნება
და ეს სიღარიბეც ასეთი ვერშესაძლებელი.
მე ვებრძოდი მარტოობას მხდალი ოცნებით,
ის კი არ ცნობდა, არც ამ გარიგებას,
და საცხოვრებელი, რომლის სუნიც მიყვარდა,
დაიკეტა ჩემთვის,
ისევე როგორც მაღაზია,
რომელშიც ვიმედოვნებდი პურის ყიდვას,
ყველაფრის მიღმა მე ვხედავ ჩემს კიდევ უფრო დაბერებულ თავს,
რაღაც ხნის შემდეგ.
როცა ხმობისას თქვენსკენ მოვბრუნდები,
სარკმელთან მდგარნო.
მე ვიჯექი უცნაურ რესტორანში...
მე ვიჯექი უცნაურ რესტორანში, გარშემო უამრავი
რამ მეხვია:
ვინ არიან ისინი? მუსიკოსები? ბავშვები?
მუშები თუ ანგელოზები?
მე ისევ მიკვირს, თუ არადა, მაშ რატომ ვყვები?
ვინ არიან ისინი? ფრინველები? მსახიობები?
პოლიციელები?
ჰკითხეთ თქვენს გულს. −
− სად არის ჩემი გული?
კინომაქმანები, დაჟანგული ქვიშა, ვიღაც ღამისკენ
აქნეული ხელით.
მშვიდობით, ძილში მიტოვებულო სიზმრებო.
მატარებლებში, ძველ ბინებში, წიგნებში, საბნებქვეშ,
კინოთეატრებში − თოვლთა მიღმა.
ჩემს დივანზე ალბათ მოჩვენებას სძინავს
და შენი ღამე მას არ უღიმის.
რკინიგზის ანგელოზი თოვლს მისდევს.
მეტაფიზიკური პოლიციელი ღამეში ცეკვავს თეთრი დათვივით.
მძიმე მთვარის ქვეშ.
ასე სრულდება კვირა დღე. პროლეტარი ბალერინას ძილში.
მისი ბესტსელერი დღეს ე. თ. ა. ჰოფმანის ზღაპრებია.
ხვალ ცუდი ბრაზილიური დეტექტივი.
კროიცბერგში დასიზმრებული სტუდენტი არ ჰგავს მინის მიღმა
გადაგდებულ ღამეს.
ა. ბ. კაზარესი.
* * *
სიყვარული კომენდანტის საათის დროს
შალვას გრძელი ლაბადა ეცვა, ის მღეროდა ორ ბოთლ არაყზე,
რომელიც უნდა წაეღო გაზაფხულის წვიმაში პატრულთა მიღმა,
ქართველ და რუს ქალებსა და მამაკაცებზე. ჩაშლილ როკ-გასტროლებზე.
რაიონებში „მიტინგოსნებზე“ და ვიღაცაზე, ვინც მასავით 1960 წელს დაიბადა.
გარეთ აღარ წვიმდა.
სამედიცინო ინსტიტუტთან პატრულები მანქანებს აჩერებდნენ.
მოგვიახლოვდა კომენდანტის საათისა და ერთგულ მეუღლეთა ღამე.
ძაღლი წვიმაში სადღაც ეკლესიასთან და უმიზნოდ გადაყრილი ნიშნები.
გადაღებული პოლიტიკური გრაფფიტის არითმია.
ვერაფერი გვიწესრიგებს ყოფას.
„ჩვენს სამშობლოს არ შეუძლია სპონსორის გარეშე ყოფნა,
სპონსორი თუნდაც თურქეთი იყოსო“ − ვიღაცას უთქვამს.
შალვა კი მძიმედ სუნთქავს, ოთახიდან გასვლისას ძაღლს ეფერება.
გრძელ წვერსა და ღიპს შორის გულთან იხუტებს ბოთლებს და ლიფტში იცინის.
ანგელოზთან ერთად თავქვედაშვებული სად დავიწყებთ ტირილს?
რომელი ბაღიდან გამოგვიწვდიან ხელს სველი მიწის გასწვრივ
მოარულ ტანკებს შორის?
ეს არის სიყვარული კომენდანტის საათის დროს.
შიში და სამხედრო-სპორტული რეჟიმი.
გოთიკურ კათედრალთა მსგავსი ფოლიანტები და ხელები,
რომლებსაც საყვარელი ქალის სუნი ახსოვთ.
ალენ გინსბერგის უცნობი ქრონიკა
რადიო, ნოემბერი, ნავთი, ჩაკეტილი მინდვრები,
რომ ახსენებ მატარებელს.
მოგზაურობა ღმერთებისათვის.
მოგზაურობა ერთ ადგილზე სიარულისას.
სიზმარში ქუდი მოვპარე − ის არ იყო სხვა.
საშობაო ნაძვი თეთრია − მშიერი ბავშვია.
პარფიუმერიაა, კავკასიური ნაგაზია შენთვის.
ოდესღაც მეც ვხატავდი ნაცრისფერ ქვიშას.
ანგინის დროს ბავშვებს ყელში ნავთს
ავლებდნენ რძესთან.
ეს თითქმის პაულ ცელანია თავისი მკვდრებით,
შავ რძეს რომ უღიმიან. ამისთვის სხვაგან
და ყველანი ჰგავდნენ იმ დროს ერთმანეთს...
სიზმრებში მორბენალი გეპარდი...
სიზმრებში მორბენალი გეპარდი ტელეეკრანზე ციმციმებს.
ხელთათმანები დაკარგე, კაფეს კარებთან დაგრჩა.
შუააზიელი თავის ორდენებს მალავს.
ცეცხლით დაწერილი გრაფიტი, ოქროსფერია ქარში შენი ადგილი.
ყრუ გრიფონებს მანქანაში ძინავთ.
გეომეტრიის ანგელოზია მაქს ბილი.
იქნებ ჩვენს შორის უკვე დაიბადნენ უკვდავნი?
წერილებს წერ და მამას კვებავ.
შეშლილი მოქანდაკეა დრო
ღამეებში შეშლილი მოქანდაკე მგზავრობს.
სსრკ-ში ოცდაათი მილიონი ქალი მუშაობს,
მათი ნაოჭების გეომეტრიას არავინ სწავლობს.
ბავშვებს, წვიმებს, ცარიელ მაწვნის ქილებს...
ბავშვებს, წვიმებს, ცარიელ მაწვნის ბოთლებს
გადაუფრენს ნოსტალგია მფრინავ თეფშებზე.
კარაქისა და საპნის რიგში მდგომ ადამიანებს
ძალუძთ მხოლოდ ჩემი სიხარული.
მიმავალთ სამარედქცეულ საწოლისაკენ.
რა აზრი აქვს აფიშებს, რომლებიც უფრო
თხოვნას ჰგვანან, ვიდრე ცთუნებას.
რომელ თეატრში ვნახავთ მეტ სიმართლეს,
ან დავიძინებთ უკეთ, ვიდრე ჩვენს საწოლებში,
მას შემდეგ, როცა რიტმული მოძრაობებით
ვარღვევთ ერთმანეთის სიმყუდროვეს
და მერე არეული სუნთქვით, არეული სიზმრებით
ერთად გვძინავს.
ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია.
ჩვენ კენტავრებს ვგავართ, პატარა მისტიკურ
კლოუნთა მომუწულ ტუჩებს,
წიგნებს, რომელთა პატარა თეთრი გულები ფეთქავს.
ჭარბწარმოება
მითოლოგიზირებული სახელების სახე-ხატების.
კიდევ უფრო მეტად, ვერმოსახილველი სიჭრელე.
კარავი შეკრული ცის ირმებად
იერცვლილი სახე-ხატებისაგან.
და მათ შორის ჩვენი ფატალური ჯანყი-ბოჰემა.
საღამოს ჩამავალი მზისგან გაყვითლებული დანებით,
რომლებითაც იჭრება ჩვენი ნერვიული პური-ფურაჟი.
ცუდი პურის მჭრელთა ერთობა წყევლით
ამოანთხევს უენობას.
განწირულთა არშემდგარი ცხოვრება
არშემდგართა განწირულობით −
ითვლის... ერთი, ორი...
(ერთი, ასი, მილიონი)
შენ არც კომეტა ხარ, არც თოვლი.
მე მძაგს ყველაფერი, რაც მძაგს. −
ეს იყო პატარა ღმერთივით მოხუცი
ძოწისფერ ვიტრინაში ღამით.
ხოლო მის გარშემო დაჰქროდნენ კიდევ უფრო პატარა სათამაშო ანგელოზები.
უზარმაზარ გერმანულ ნაგაზთა თვალებში,
მათ კბილებს შორის კი ნახევრადმშიერთა
ნერვიული პური-ფურაჟი
იარაღის სუნით,
რომელსაც არ სჭამენ მომდევნო თაობათა
კუთვნილის მჭამელნი.
სამხრეთ აფრიკის მაღაროებში თეთრი
და შავი მემაღაროენი
ერთი ფერისანი არიან.