18 აპრილს, პარიზის წიგნის ფესტივალზე, საქართველოს სტენდთან ქართველ მოდერნისტ მხატვრებსა და ქართულ-ფრანგულ შემოქმედებით ურთიერთობებს მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა; ხათუნა კიკვაძემ აუდიტორიას ქართველი მოდერნისტი მხატვრების ალბომები გააცნო, ხოლო ფრანსუა მერემ ნანა შერვაშიძის ალბომი „ძმები ზდანევიჩები“ წარუდგინა. დისკუსიის ფარგლებში ნათელა ფოცხვერიამ მიმოიხილა ილია ზდანევიჩის როლი კოკო შანელის შემოქმედებაში.
ქართულ სტენდზე გაიმართა შეხვედრა „ქართული მთები: ისტორიები და გამოცდილება“, სადაც მიშელ ტანდილმა და ბელა ხაბეიშვილმა აუდიტორიას ხათუნა ხუნდაძის, ივანე ჯაფარიძის, ილია გასვიანისა და თამარა გულიანის ქართული მთისადმი მიძღვნილი თემატური გამოცემები გააცნეს.
ღონისძიებაზე „ქართულ-ფრანგული ხიდი: კულტურათა კავშირი“ ბელა ხაბეიშვილმა ეროვნული საგანძურის გადარჩენის ისტორიაზე ისაუბრა. შედგა მარიკა ბაკურაძის ფილმის - „საგანძურის ოდისეა“ ჩვენება, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლს ეძღვნება. ამავე სესიაზე შორენა ციცაგმა წარადგინა გიორგი კალანდიას კოლექციური გამოცემა - „ფრანგი მხატვრები და საქართველო: ანრი პარამონ ბლანშარისა და ემილ ფრანსუა დესენის მხატვრული დღიურები“, რომელიც კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით სპეციალურად პარიზის წიგნის ფესტივალისთვის მომზადდა.
პარიზის წიგნის ფესტივალზე, ქართულ სტენდზე გაიმართა ღონისძიება „ქართული პოეზიის ფრანგული თარგმანები“. პოეტმა და მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ დამსწრე საზოგადოებას ქართული პოეზიის ფრანგული თარგმანები წარუდგინა. ქართველი პოეტების შემოქმედებიდან ნაწყვეტები მსახიობმა ტიმოთე ლაფონმა წაიკითხა.
ამასთან, ქართულ სტენდზე ფესტივალის სტუმრები გაეცნენ თანამედროვე ქართული პროზის ფრანგულენოვან თარგმანებს: მაკა ჯოხაძის „ისკარიოტის ეკლები“, ლაშა თაბუკაშვილის „ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ!“ და ნოდარ მაჭარაშვილის „კვაზიმოდოს ქალაქი“.
ფესტივალის ფარგლებში პატარა მკითხველებისთვის მოეწყო ვორქშოფი „გაეცანი ქართულ ანბანს და წერე ქართულად“. ხელოვანების, თამარ ონიანისა და გვანცა მიქაელა-გვანცელაძის დახმარებით, ბავშვებმა ქართული ასოებით საკუთარი სახელები ბუნებრივ ქსოვილზე დაბეჭდეს.