27 ივნისს „გაზაფხულის არა-კის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება

თარიღი : 18.06.2026

27 ივნისს, 18 საათზე მწერალთა სახლში ლიტერატურული მარათონის „გაზაფხულის არა-კი“ 2026 გამარჯვებულთა დაჯილდოება შედგება.
მწერალთა სახლის და „საერთაშორისო კულტურის სივრცის“ ერთობლივი პროექტი − ლიტერატურული მარათონი „არა-კი“ 22-24 მაისს მეორედ ჩატარდა.
ღონისძიების მასპინძელი კვლავაც ისტორიული კომპლექსი „წინაპარი“ იყო, რომელიც კახეთში, სოფელ შილდაში მდებარეობს.
მარათონში მონაწილეობდა 8 ავტორი:
მაია მინდელი
თამთა ხელაია
ვახო ვახტანგაძე
აკაკი დაუშვილი
თინათინ გარადინსკი
სოფიო გოგოლაძე
გიორგი კუცია
ანი ბადალაშვილი
მარათონის მენტორებმა და ჟიურის წევრებმა − ცირა ყურაშვილმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა და ბაჩო კვირტიამ კონკურსანტებს გააცნეს მარათონის დავალება − 3 ვარიანტი, ასარჩევად:
• თხზულების სათაური: „ირაკლის უჯრა“
• თხზულების ეპიგრაფი: „...სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას“ (ფრაგმენტი/ტაეპი გალაკტიონის ლექსიდან „ეფემერა“)
• თხზულების პირველი წინადადება: „დილის მზით გამთბარ ქუჩაზე ახალგაზრდა ქალმა შემოუხვია. ორივე ხელში შუშის ჭუჭყიანი ბოთლებით სავსე მძიმე ჩანთები ეჭირა...“
კონკურსანტებს არჩეული ვარიანტის მიხედვით ორიგინალური პროზაული ნაწარმოების დასაწერად ზუსტად 48 საათი ჰქონდათ.
მარათონის გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ფულადი პრიზები და ჯილდოები:
I ადგილი − 2000 ლარი
II – 1500 ლარი
III – 1000 ლარი
გელით 27 ივნისს, 18 საათზე, მწერალთა სახლში.
დასწრება თავისუფალია.