ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი, წიგნით მოვაჭრე და ლიტერატურული აგენტი მონაწილეობს, წარმოდგენილია ასიათასობით დასახელების წიგნი. აღნიშნულ ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქართული წიგნის სექტორის განვითარების თვალსაზრისით. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას აქვს უდიდესი კულტურული მნიშვნელობა, რადგან უამრავი ქვეყანა არის წარმოდგენილი კოლექტიური სტენდით, სადაც დამთვალიერებელს შეუძლია, გაეცნოს მსოფლიო მასშტაბით ახალ გამოცემებს და ავტორებს, მიიღოს ინფორმაცია ამა თუ იმ ქვეყნის კულტურასთან დაკავშირებით.
2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იყო. პროექტის ფარგლებში 50 გერმანულენოვან ქალაქში 89 ავტორის 600 ღონისძიება გაიმართა. ავტორებმა მონაწილეობა მიიღეს 20 საერთაშორისო ფესტივალში, რასაც 7500-მდე გამოხმაურება მოჰყვა გერმანულენოვან ონლაინ და საგაზეთო გამოცემებში.
2018 წელს თავად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დღეებში 250-მდე ღონისძიება გაიმართა საქართველოს პავილიონში, ბაზრობის ტერიტორიასა და ქალაქ ფრანკფურტში.