სახლი, რომელშიც დღეს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული 1895 წელს აშენდა თავად ილია ჭავჭავაძის მიერ. სამსართულიანი, სადა და დახვეწილი დიზაინით შექმნილი სახლი ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდგომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა − მასში განთავსებული იყო სკოლა, 1920-იანი წლების შემდგომ გახლდათ მწერალთა დასასვენებელი სახლი, ხოლო 1951 წელს, პოეტ გიორგი ლეონიძის თაოსნობით საგურამოს სახლში ილია ჭავჭავაძის მუზეუმი გაიხსნა.


დღეს, სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს მწერლის საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს. მუზეუმის სტაციონარულ ნაწილში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები. სახლი სამსართულიანია, მემორიალური ნაწილი მოიცავს 6 საგამოფენო დარბაზს − სასადილო და მისაღები ოთახებს, სადაც განთავსებულია ოლღასა და ილიას საოჯახო ნივთები, პოლიფონი, ილიას სარწეველა სავარძელი, ოლღა გურამიშვილის მიერ ილიასთვის დაბადების დღეებზე მიძღვნილი ფრანგი მხატვრების ტილოები, ბანქოსა და ნარდის სათამაშო მაგიდები; საგამოფენო დარბაზს, სადაც წარმოდგენილია პოლონელი მხატვრის ჰენრიკ ჰრინევსკის მიერ შესრულებული ილუსტრაციები „კაცია-ადამიანის?!“, „ოთარაანთ ქვრივის“, „გლახის ნაამბობისა“ და სხვა ნაწარმოებების მიხედვით. აქვეა გურამიშვილების საგვარეულო აღჭურვილობა; ოლღას სამუშაო ოთახი − წარმოდგენილია ე. წ. სეკრეტერი − წერილების შესანახი მაგიდა, რომელშიც ოლღა ილიას მიერ მიწერილ წერილებს ინახავდა, თეჯირი, ილია ჭავჭავაძის გამოსახულებით, ქართველ მხატვართა ფერწერული ტილოები...; საძინებელი, რომელსაც ამშვენებს ოლღასა და ილიას საოჯახო კარადა, მათი საწოლები, ოლღას ხელსაქმისა და სამკაულების შესანახი ხის ყუთები, საოჯახო სკივრი... და კაბინეტი, რომელშიც დაცულია ილია ჭავჭავაძის სიცოცხლეში გამოცემული მისივე ნაწარმოებები. კაბინეტში სრულადაა ის ავთენტური გარემო შენარჩუნებული, რომელშიც მუშაობდა ილია ჭავჭავაძე − კედლები, ისე, როგორც ილიას დროს, ხელითაა მოხატული, წარმოდგენილია ილიას სამელნე, მელნის საშრობი, სიგარების შესანახი ყუთი, ქართული და რუსულენოვანი გამოცემები, რომლებსაც კითხულობდა ილია ჭავჭავაძე. აქვეა ილიას სიცოცხლეში გამოცემული მისივე ნაწარმოებები − „კაცია-ადამიანი?!“, „ოთარაანთ ქვრივი“ და სხვა.


დღეს მუზეუმი წარმოადგენს საგანმანათლებლო კერას, რომელიც ემსახურება თავის მისიას − ილია ჭავჭავაძის მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია. მუზეუმში ყოველწლიურად იმართება კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამები.  აღინიშნება ილია ჭავჭავაძის სახელთან დაკავშირებული ძირითადი დღეები, ესენია:


·       2 აგვისტო − „ილიაობა“, დღესასწაული. ეს გახლავთ ილიას ანგელოზის ხსენების დღე, რომელსაც თავის სიცოცხლეში ყოველთვის აღნიშნავდა ილია ჭავჭავაძე. ყოველი წლის 2 აგვისტოს ილიას სახლი საგურამოში მასპინძლობდა საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ სტუმარს. დღესასწაული ილიას გარდაცვალების შემდეგ აღარ ჩატარებულა და ის აღდგა 2014 წელს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის მიერ. განახლებული სახით, „ილიაობის“ დღესასწაული ამ ფორმით აღინიშნება − ყოველი წლის 2 აგვისტოს, საგურამოში, ილიას სახლის მასპინძლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეები ხდებიან, რომელთაც ჩამოაქვთ თავიანთი მხარისათვის დამახასიათებელი კულტურული ნომრები − ეს იქნება ფოლკლორი, პოეზია, მხატვრობა, თეატრი, წამოდგენილია საგამოფენო სივრცეები და სხვა.  მაგალითად, 2014 წლის პირველი ილიაობის მასპინძელი მხარე გახლდათ აჭარა. 2015 წელს − სამეგრელო, 2016 წელს − აფხაზეთი, გურია, სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი... 2025 წელს კახეთი.


დღესასწაულის ამ ფორმით აღნიშვნა გულისხმობს იმას, რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და ილიას სახლი საგურამოში სრულიად საქართველოს სახლია.


12 სექტემბერი − ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღე. ამ დღეს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში იკრიბებიან საზოგადოების წევრები, მოკრძალებული ღონისძიებების ფარგლებში პატივს მიაგებენ ილია ჭავჭავაძის ხსოვნას. სახელდებიან პრემია „საგურამოს“ და ილიას მედლის ლაურეატები.


 8 ნოემბერი − ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე. ყოველი წლის 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში წარმოდგენილია სხვადასხვა აქტივობა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით. იმართება კონცერტები, გამოფენები.


ტრადიციულად გაიცემა პრემია „საგურამო“ და ილიას მედალი „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“, ქართული სულიერებისა და კულტურის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის.


პრემიები 2013 წელს დაარსდა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისა და შპს „ლილო მოლის“ ინიციატივით და ამ დროისათვის მიღებული აქვთ ისეთ პიროვნებებს, როგორებიც არიან: ილია II, ანა კალანდაძე, ოტია იოსელიანი, მურმან ჯინორია, თენგიზ არჩვაძე, ალექსი ჭინჭარაული, რევაზ სირაძე და სხვა.


დღეისათვის მუზეუმში მიმდინარეობს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: „ილიას სკოლა“, „მუზეუმი სკოლაში“, „შეხვედრების სერია „საუბრები ილიაზე“; საგანმანათლებლო პროგრამა „ილიას პერსონაჟები“, „ერთი ლექსის ისტორია“. ყოველი პროგრამა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და მოიცავს მოსწავლეთა ასაკს 6-დან 18 წლის ჩათვლით.


 „ილიას სკოლა“ − საგანმანათლებლო პროგრამა მიმდინარეობს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში. პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე. ასაკობრივი ჯგუფი: 14-18 წელი. საკვირაო სკოლაში საგაკვეთილო შეხვედრები ტარდება ყოველ შაბათსა და კვირას. მიმდინარეობს ორ პროგრამაზე სწავლება, ესენია:


 ილია ჭავჭავაძე − ფუძემდებელი თანამედროვე აზროვნებისა. პროგრამას უძღვება ილია ჭავჭავაძის საგურამო სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე;


‚ ახალგაზრდა გიდების პროგრამა. შეისწავლება სამუზეუმო საქმის სპეციფიკა, მუზეუმების წარმოშობის ისტორია და გიდის პროფესიის თავისებურებები. პროგრამას უძღვება ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლანა უნდილაშვილი.


„მუზეუმი სკოლაში“ − ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი არსებულ პროგრამას 2019 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მუზეუმი თავად მიდის მოზარდთან, ვსაუბრობთ ილიაზე, წარვუდგენთ მუზეუმის შესახებ პრეზენტაციას. პროგრამის პირველ ეტაპზე პროექტით ვესტუმრეთ მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებულ 26 საჯარო სკოლას. მეორე ეტაპზე მოვინახულეთ გორის საზღვრისპირა სოფლებში მდებარე საჯარო სკოლები და მათი მოსწავლეები. პროექტის მესამე ეტაპი მოიცავდა თბილისის  10 საჯარო სკოლას, რომელიც დასრულდა ივნისის თვეში.


 „საუბრები ილიაზე“ − შეხვედრების სერია მუზეუმში თვეში ერთხელ იმართება. პროგრამის ფარგლებში მოწვეული სტუმარი საუბრობს ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე. მაგალითად: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლია ქაროსანიძე საუბრობს თემაზე − „შეთანხმებული ტერმინოლოგიური მუშაობა საქართველოში და ილია ჭავჭავაძე“; ირმა რატიანი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი თემით „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს − ილიას პერსონაჟები ეროვნული იდენტობის იდეის ჭრილში“; პაატა ნაცვლიშვილი − „მამათა და შვილთა ბრძოლა“ და სხვა.


სკოლებისთვის შექმნილი ერთჯერადი, ფასიანი პროგრამები საექსკურსიო სეზონის გააქტიურების პარალელურად მიმდინარეობს − „ილიას პერსონაჟები“, „ერთი ლექსის ისტორია“, რომლებიც სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით მიმდინარეობს და მორგებულია 6-10, 11-14 წლის ასაკის მოსწავლეებზე.

 

მუზეუმში შესვლის ღირებულება გახლავთ:


· სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, პენსიონერი − 2 ლარი;


· ზრდასრული − 5 ლარი;


· იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, სოციალურად დაუცველთათვის, ომის ვეტერანებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მუზეუმში ვიზიტი უფასოა შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.


· მუზეუმში ვიზიტი უფასოა საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და მუნიციპალური მუზეუმების თანამშრომელთათვის, ICOM წევრებისათვის.


გიდის მომსახურების ღირებულებაა:


· სასკოლო ჯგუფებისათვის − 10 ლარი;


·  ინდივიდუალური (ქართულენოვანი) ჯგუფებისათვის − 15 ლარი;


·  უცხოენოვანი (გერმანული) ჯგუფებისათვის − 25 ლარი.


 

ტელ: 0322180421

Email: info@ichavchavadze.ge

მისამართი: მცხეთა, სოფელი საგურამო.