16 ოქტ 2026

ავტორი: თამარელა წოწორია

სიტყვის სახლის სახურავთმცველი....

 

სიტყვის სახლის სახურავთმცველი...

(მაია მინდელის „სევდისძვრა“ − ერთი ლექსის სათქმელი)

 

მაია მინდელის შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, 2022 წელს, ჟურნალ „პირველ სხივში“ კვლავ გამოჩნდა მისი ახალი ლექსები. დღეს კი ავტორმა მკითხველს პირველი პოეტური კრებული „სევდისძვრა“ შესთავაზა, რომლის გამოცემას თავად ასე აღწერს: „გამარჯობა, მკითხველო! დაიბადა „სევდისძვრა“. სქესი − პოეტობითი, „სიგრძე“ − ას... გვერდი, წონა − დედისთვის აუწონავი. ასე გამოვიდა − ჩემს ნამდვილ „მე“-ს თან ერთად, დღეს ახლიდან დავიბადე“. 

ახალი კრებულის გამოსვლით ბედნიერია მაია მინდელი, მაგრამ ბედნიერება, როგორც სასწავლო დისციპლინა არსად ისწავლება. ბედნიერების მოცულობაც და სიმკვრივეც ადამიანის გენეტიკური დამემკვიდრების გარდა, მისი შინამოს სურვილი და დაუოკებელი სწრაფვაცაა. სამყაროში ბედნიერება ფეხადგმული არსად დადის, მისი კოეფიციენტის მსაზღვრელი ადამიანის შინაგანი მდგომარეობიდან ამოსული კეთილი ენერგიაა, რომლის მართვაც ისწავლება კიდეც, მაგრამ ეს ადამიანისავე სულის სიმყუდროვესა და მდორე მდუმარებაში ხდება. 

პირველი პოეტური კრებულის ავტორიც ბედნიერებისკენ სავალ გზაზე მრავალგზის გამობრძმედილი ქალბატონია, და რომელიც ამ მითოლოგიურ ჟამს, ალბათ, ადამიანთა სულების გადასარჩენად თუ გამოგზავნა შემოქმედმა. 

ამ სამყაროში ხომ საუკეთესო სიტყვებით უკეთესი აზრების ჩასაგონებლად ღმერთი ხომ უანგაროდ უგზავნის ადამიანებს აედებს, მინეზინგერებს, სკორომოხებს, რითმიანი თუ ურითმო ლექსების მთქმელებს და ეს პროცესი დროში განგრძობადი და მარადიულია.

პოეტი ხომ სულიდან სასიამოვნო ელდათმეტყველი და ასევე წინასწარმეტყველია და ამიტომაც მის შემოქმედებაში უნდა იყოს ველური თაფლის ანუ იგივე თაფლუჭის ოდნავ მწარე და მსუბუქად მომწამვლელი გემოებიც, რომელიც უნდა შეზავდეს თეოზისთან, ანუ ამაღლებულობასთან, რომ გამოიძერწოს საღვთო სიტყვა და განძად დარჩეს, აბა სხვანაირად როგორ? რადგან მხოლოდ სიტყვით ღმერთსაც არ ენდნენ, სხვათა შორის, არც საქმით გამოარჩიეს, რადგან მეტს ითხოვდნენ მისგან. 

სამყაროში შეწირვისა და თვითგაღების მისტერია უნდა გათამაშებულიყო, ისევ ჩვენთვის, სხვადასხვა ფორმაციის თუ თვალის ფერისა და ნივთიერებათა ცვლის ადამიანებისთვის. ასე იყო ბრმა აედი ჰომეროსიდან, ვიდრე დანტეს ღვთაებრივ განზომილებამდე და ბოდლერიდან − ვიდრე გალაკტიონამდე და გალაკტიონიდან − აქამომდე. 

ამასობაში კი ამ წელს, 2026-ში, მაია მინდელმა პოეტური კრებული წარუდგინა მკითხველს და მას „სევდისძვრა“ უწოდა.

სათაურის პოეტიკა „სევდისძვრა“, ძალიან კომპაქტურად აჯამებს ამ კრებულსაც და ლექსსაც და მისი მნიშვნელობა უკვე ამ ნეო სიტყვაშიც დაშიფრული. სათაური ორი სიტყვის − სახელისა და სახელზმნის შერწყმაა და მას მოქმედება არ მიეწერება, თუმცა ერთი შეხედვით, ჯერჯერობით. სათაურში ჩატეული ტკივილი და მელანქოლია, ერთგვარად, ლირიკული გმირის რყევასა და შინაგანი იდეალების ნგრევასთან ასოცირდება. ამდენად, სევდის ეს ხარისხი გვაფიქრებს, რომ კრებულის სათაური იმ კატასტროფული პროცესების მკაფიობას გვაგრძნობინებს, რომელიც მიწისძვრის ან ქარიშხლისას ხდება. ლირიკული გმირის სულში მიმდინარე პროცესი სტიქიების ასოციაციას იწვევს და სწორედ ამიტომაც ლექსში ხშირად მონაცვლეობს ისეთი სემანტიკური ერთეულები, როგორიცაა: ქარიშხალი, წარღვნა, აფეთქება, ბზარები, ანუ მუდმივი შინაგანი სტრესების შედეგად „სევდა დაიძრა“ და „შინაგანი მიწისძვრები“ გააქტიურდა.

ამ ჰეტეროსილაბური ლექსის მარცვალთა მონაცვლეობა − 10/9, თავიდანვე გვაგრძნობინებს ლექსის ავტორის არათანაბარ რიტმულ სუნთქვას, რომელიც კარგად ინიღბება ჯვარედინი რითმით გაწყობილი სიტყვების ურთიერთმიმართებით, აქ რითმები სემანტიკურად და მუსიკალურად მჟღერი სხვადასხვა მეტყველების ნაწილების შეთანადებითაა მიღებული.

პირველ სტროფშივე იქმნება ლექსის მთავარი განწყობა − სილამაზისა და სიკვდილის, ამქვეყნად მოსვლისა და გასვლის ერთდროული განცდა.

პირველივე სტრიქონი მეტაფორული აზროვნების მართლაც პორტრეტია და ასეცაა ჩაწერილიც: „როგორც მოწყვეტილი ყვავილები“, რომელიც შეედარება მომდევნო სტრიქონს „მკვდარი სილამაზის პორტრეტი“, − აქ სიცოცხლისა და სილამაზის სიმბოლო, ყვავილი „მოწყვეტილია“, ანუ იგი სასიცოცხლო არაა. ეს ქმნის პარადოქსს: სილამაზე არსებობს, მაგრამ ის მკვდარ ფორმაშია. სინტაგმა „მკვდარი სილამაზის პორტრეტი“ აძლიერებს იმ სევდიან აზრს, რომ ეს სიცოცხლის განცდა არაა, აწ უკვე მხოლოდ ფიქციაა და მოგონებაა მასზე.

„დღეს უკანასკნელად ავინთები“ − ამ სტრიქონში ზმნა „ავინთები“ემოციური პიკის სიმბოლოა. თუმცა, დროის ზმნიზედა „უკანასკნელად“ ხაზს უსვამს, რომ ეს თითქოს ბოლო ამოსუნთქვა და გამოვლენაა მისი არსებობისა.

„და შენ დაიჯერებ − მოვედი“, − ეს სტრიქონი მიემართება მეორე პირს, კონკრეტულ „შენს“. აქ ჩნდება დრამატული ელემენტი: მოსვლა, შეხვედრა ან დაბრუნება მოჩვენებითი და არადამაჯერებელია, ეს მოსვლა ადრესატმა შეიძლება დაიჯეროს, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ის სინამდვილეში დაბრუნდა, („მოვედი“), რადგან ეს მოსვლა უფრო ერთჯერადი აქტია და დარჩენისა თუ კვლავ შეყრის იმედს (და მით უფრო გარანტიას!) არ ტოვებს. რჩება განცდა, რომ სილამაზე და უფრო სიყვარული. როგორც სიცოცხლის ამანთებელი და გამანათებელი ემოციური პიკი, სრულიად ჩანავლულია. 

ლექსის მეორე სტროფშიც მთავარი განცდა კვლავ „სევდის მდინარის“ უკიდეგანობა, პიროვნული დაკარგულობა და უიმედობაა. 

პირველივე სტრიქონი − „ესეც სევდისძვრაა, ცხრაბალიანს“ − ძლიერი მეტაფორაა. იგი „ცხრაბალიანი“ მიწისძვრის სიმძლავრეს უტოლდება, ოღონდ ეს ადამიანის საფშვინველში ხდება, ამიტომ „სევდისძვრა“ სულიერ კატასტროფად არის მოაზრებული. ეს სტრიქონები კი ლადო ასათიანის „სალაღობოსთან“ ერთგვარი შეხმიანებაა: „ცხრა ლახვარი რომ ჩამარტყან, ცხრაჯერ გულშიო“ − ამ სიტყვების შიშით რომ აზანზარებდა პოეტი მომხვდურს. მაია მინდელთანაც სიყვარულის უარმყოფელს, ცხრაბალიანი სიყვარულის ნეტარებაგამოვლილს, შესაბამისად, ცხრაბალიანი რისხვით ემუქრება მისი გმირი. მაგრამ ცხრა ცის, ცხრა ნეტარების და თუნდაც ცხრა რისხვის თანაგანმცდელი გული, ამ ცხრაბალიან სტიქიის თუნდაც ვერბალურად გამომწვევი, უვნებლად ვერ გადარჩება.

სტრიქონი − „ვინ გადარჩენია სიმღერით...“ − რიტორიკული შეკითხვას უფრო ჩამოჰგავს. ქართული ლექსის სტიქიონში არიან სიმღერის დოგმატიკოსები, იგივე თეატრალური მოგვები, ფიცხელ ომშიც რომ მღერიან და ასევე სათქმელის ამოთქმის ხელოვნების მაგიერ რომ აცხადებენ: „და სიმღერით ვკვდებიო“, მაგრამ მაია მინდელის ლირიკული გმირი ეჭვობს, რომ მხოლოდ სიმღერით გადარჩენა შეუძლებელია. დრო რომ გადასწიოს და განცდის მასშტაბი და მნიშვნელობა რომ გააძლიეროს, ალუზიურად აცხადებს „წარღვნისდროინდელი ამბავიაო“ და ლექსის სტრუქტურაში ბიბლიური ასოციაცია შემოაქვს. წარღვნა, როგორც სამყაროს, ასევე პირადი „მეს“ განადგურებისა და ქაოსის სიმბოლო.

სტროფის ბოლო სტრიქონი − „წრეში წერტილთან ვერ მივედით“ − ფილოსოფიური „წრე,“ აქ ცხოვრების მუდმივი ძიების ნიშანიც შეიძლება იყოს, ხოლო „წერტილი“ − დასასრული, სიმშვიდე ან სულაც ჭეშმარიტების რაღაც დოზით მიგნებაც. ლირიკული გმირი აცხადებს, რომ მიზნამდე და შეთანხმებამდე ვერ მიუღწევია.

მესამე სტროფში პოეტი კიდევ უფრო ამძაფრებს ქაოსის, ტკივილისა და დაკარგულობის განცდას. გმირი სტრიქონებში „კვლავ ადიდებულში შემოცურავს, ვინმე დარდის გადასარჩენად“, და გვიხატავს წარღვნის, ადიდებული წყლის სიმბოლურ სურათს. აქ „ადიდებული“ უკვე რეალური სტიქიაა, ლირიკული გმირი ცდილობს დარდი გადაარჩინოს, ანუ შეინარჩუნოს მოგონება, თუნდაც იგი ტკივილიანი იყოს.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ბოლო ორი სტრიქონი: „მიჭირს, ვინც აქამდე ვერ მოსულა, მისი წასულისგან გარჩევა...“ სამწერტილი ამ დაუსრულებელ სევდას უფრო აძლიერებს და ელიფსისია. ლირიკული გმირი წერს გაურკვევლობასა და ადამიანების არევაზე. „ვინც ვერ მოსულა“ და „ვინც წავიდა“ − თითქოს ერთნი არიან! ეს სენტენცია უკავშირდება გმირის ცხოვრებაში ჩავლილ ადამიანებს, ჩაშლილ ურთიერთობებს, ან სულაც იმ იმედებს, რომლებიც გაცუდდა.

მეოთხე სტროფში უკვე მკვეთრად იცვლება სათქმელისა და შესაბამისად, ტონის ინტენსივობა და უფრო ძლიერდება შინაგანი კრიზისი.

„როცა ქარი ქართან არ ერთდება, მაგრამ ქარიშხალი მოგვაგნებს“ − აქ იკვეთება ბუნებრივი ჰარმონიის რღვევა. ქარი ქარს უნდა შეერწყას, ანუ სამყაროში წესრიგი და თანხვედრა უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს ერთიანობა არ მიიღწევა და სანაცვლოდ, წარმოიშობა გამანადგურებელი სტიქია − ქარიშხალი, რომელიც პერსონიფიცირებულია და ის „მოგვაგნებს“. ეს ქმნის განცდას, რომ ქაოსი აქ არა შემთხვევითი, არამედ, კანონზომიერი და გარდაუვალია.

შემდეგი სტრიქონი − „ძარღვში სისხლი როცა გათეთრდება“ − ასევე მეტაფორული გააზრებაა. სისხლის „გათეთრება“ სიცოცხლის ენერგიის გაქრობას, ან სულიერ დაცლას ნიშნავს. ეს უკვე უბრალოდ სევდა არ გახლავთ, არამედ, სასიცოცხლო ძალების გამოფიტვას და დაკარგვას მოასწავებს.

ამ სტროფის ფინლი − „და სისხლის მაგივრად შროშანებს“ − კიდევ უფრო სიმბოლურია. შროშანი ტრადიციულად ღვთისმშობლის მეტაფორაა, სიწმინდის სიმბოლოა. სისხლის ნაცვლად მისი წარმოჩენა მიანიშნებს, რომ სიცოცხლე გარდაიქმნება სიწმინდედ, სისუფთავედ, მაგრამ ამავე დროს − უსიცოცხლობადაც. აქ ერთმანეთს ერწყმის სილამაზე და გაქრობა.ამ სტროფში კიდევ უფრო მკვეთრად იკვეთება გაუცხოების, უიმედობისა და „გარესამყაროსგან მოწყვეტის“ განცდა. ლირიკული გმირი თითქოს აღარც ბუნებას ეკუთვნის და არც ადამიანურ სივრცეს.

მეხუთე სტროფის დასაწყისი სტრიქონები „გამოსულებს ტყიდან ჩემი ტანის, არ შეიფარებენ ველები...“ მეტაფორითაა გაძლიერებული, სადაც სხეული წარმოჩენილია, როგორც უცხო, თითქმის არაბუნებრივი სივრცე, რომელიც „ტყიდან გამოსულ“ ძალებს ატარებს. სამი წერტილი კი გაწყვეტილ აზრს და სიჩუმეს აძლიერებს და ესეც ელიფსისი გახლავთ. „ველები“კი ღია, თავისუფალი სივრცეა და არ იღებს მას. ეს ქმნის განცდას, რომ ლირიკული გმირი არც ერთ გარემოში არ მოიაზრება და თითქოს გარიყულია. „ტყე“ და „ველი“ ერთმანეთის მიმართ ოპოზიციაშია: ერთი ველური, გაუცნობიერებელი სამყაროა, მეორე − ღია და წესრიგისკენ თავმიდრეკილი, მაგრამ არცერთია უსაფრთხო და მისანდობარი...

შემდეგი ორი სტრიქონი − „რა ადრე იყო და − ვერ მითხარი, რა გვიან არის და − ნებდები“ − დროის აღქმის დეკონსტრუქციაა. წარსული („რა ადრე იყო“) და აწმყო („რა გვიან არის“) ერთმანეთში ირევა და მკაფიო საზღვრები არ არის გამოკვეთილი. ეს შინაგან დაბნეულობასა და ამორფულობაზე, ამასთანავე დროის ფუჭ ფლანგვაზე მიუთითებს.

ფინალური ზმნა „ნებდები“ სტროფს ფსიქოლოგიურ კულმინაციას აძლევს. ეს უკვე წინააღმდეგობის დასრულებაა. დანებებაა, რადგან გმირი აღარ ცდილობს რეალობის შეცვლას ან გააზრებას.

მეექვსე სტროფში აშკარად იგრძნობა შინაგანი კრიზისი და „მე“-ს დაშლის კულმინაცია. ტექსტის მიხედვით, ადამიანის რეალობა ნაწილებად იშლება.

ეს ჩამონათვალი ტრიადა − „ბზარებს, ხმაურსა და აფეთქებას“ ქმნის კატასტროფის სურათს. „ბზარი“ უთითებს ნგრევის დასაწყისზე, „ხმაური“ − არეულობის გაძლიერებაზე, ხოლო „აფეთქება“ − საბოლოო, სრულ დაშლაზე. ეს სამეული გრადაციულად წარმოაჩენს გმირის სამყაროს რღვევას როგორც ფიზიკურ, ისე შინაგან დონეზე.

შემდეგი სტრიქონი − „გადარჩენილივით გინდება ცეცხლი, თავისით რომ აგენთება...“ − ეს გაწყვეტილი აზრი და დაუმთავრებელი სტრიქონიც ელიფსისია და ამასთანავე, წინააღმდეგობრივი განცდაა გადმოცემული. „გადარჩენილი“ ადამიანი თითქოს უნდა ეძებდეს სიმშვიდეს, მაგრამ აქ პირიქითაა, მას კვლავ „ცეცხლი“ სწყურია. ეს მეტაფორული ცეცხლი ერთდროულად ტკივილის, ენერგიისა და სიცოცხლის სიმბოლოა, რომელიც ძალდაუტანებლად იბადება: „თავისით რომ აგენთება“ მიანიშნებს შინაგან იმპულსზე, რომელსაც ადამიანი ხშირად ვერც აკონტროლებს.

ბოლო სტრიქონი − „მთელი ჩემი ავლადიდება“ − დაუმთავრებელი აზრია, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს სიცარიელის განცდას. „ავლადიდება“ თითქოს უნდა ნიშნავდეს მიღწევებს ან შინაგან სიმდიდრეს, მაგრამ სტრიქონის აზრის შეწყვეტა აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი დაკარგულია.

მეშვიდე სტროფი ლექსის სემანტიკის გარდამტეხია: ნგრევის შემდეგ ისადგურებს არა მშვიდი სიჩუმე, არამედ მოწმები ვხდებით ორჭოფული და მტკივნეული ნაირგვარობის: „გამომაცილებენ ყვავილები − თრიაქი, სურნელით ვანილის“. აქ ყვავილები სიმბოლურად განშორების ან „გამოსვლის“ სიმბოლოა. „თრიაქი“ და „ვანილის სურნელი“ კი ანტითეზაა და ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მყოფი შეგრძნებებია: ერთი მხრივ, დამათრობელი, გამაბრუებელი სუნი („თრიაქი“), მეორე მხრივ, ნაზი, ტკბილი სურნელი („ვანილი“). აქ ერთიანდება სილამაზე და ტკივილი, რეალობა და ილუზია.

„ახლა არაფრით რომ არ ვისჯები, ხვალ თავს სწორედ ამით დავისჯი“, − ამ სტრიქონში იკვეთება პარადოქსი − დროითი და მორალური იმპერატივის კვეთა. ლირიკული გმირი აწმყოში თითქოს თავისუფალია პასუხისმგებლობისა თუ ტკივილისგან, მაგრამ ეს მდგომარეობა დროებითია. დროის ზმნიზედა „ხვალ“ სტრიქონში დგას აუცილებელი და გარდუვალი თვითგვემისა და განწმენდისთვის. ნაჩვენებია ძლიერი შინაგანი კონფლიქტი: ლირიკული გმირი საკუთარ გამოცდილებას და განცდას სასჯელად იღებს. ეს მეტაფორული აზრთმიმოცვლა ემოციური მდგომარეობის გამოხატულებაა. სტროფი ასახავს შინაგან ამბივალენტობას: ტკბილი და მტკივნეული განცდების თანაარსებობას და იმ აზრს, რომ დროებითი სიმშვიდეც კი შეიძლება პოეტს თვითდასჯად იქცეს. 

მერვე სტროფში უფრო მსუბუქი და ბუნებრივი სურათი იხსნება, მაგრამ ამ სიმსუბუქიდანაც გამოკრთის ეგზისტენციალური გაურკვევლობა და სევდა.

„მაისს − ბუდეს მტრედის ხუნდებიანს, მალე ჩაანაცვლებს ივნისი;“ − აქ დროის ბუნებრივი ცვლაა და მაისი წარმოდგენილია მშვიდი, „ბუდისა“ და „მტრედის“ სიმბოლოთი, რაც სიწმინდესა სიცოცხლის საწყისს უკავშირდება. მაისის შეცვლა ივნისით დროის გარდუვალ დინებას აჩვენებს − სეზონები მიდი-მოდიან, ყველაფერი მუდმივად ცვალებადია.

„ტალღები ყოველთვის ბრუნდებიან“, − ეს სტრიქონი ციკლურობის გამომხატველია. ტალღა ბუნების მუდმივი მოძრაობის სიმბოლოა: ის მიღელავს და კვლავ ბრუნდება. ბოლო სტრიქონი კი ამ ჰარმონიას არღვევს: „მაგრამ ვისი ზღვისა − ვინ იცის...“ აქ ჩანს გაურკვევლობა და კითხვა ერთდროულად ფილოსოფიურიცაა და რიტორიკული ელფერის შემცველიც. ტალღები ბრუნდებიან და ისინი მაინც რაღაცის ნაწილია − მაგრამ გმირი ვერ არკვევს, თუ ვის ეკუთვნის ეს „ზღვა“. აქ ყველაფერი მოძრაობს, მაგრამ მიზანი და მიმართულება მაინც ბუნდოვანია. ეს ანტითეზაა, რადგან ლირიკული გმირისთვის ბუნების წესრიგი და მნიშვნელობა გაურკვეველია და კითხვა „ვინ იცის?“ − რომელიც სამწერტილითაა გამოყოფილი, ფიქრის გაგრძელების მაუწყებელიცაა. სტროფი მთლიანობაში სამყაროს მუდმივ მოძრაობასა და ცვალებადობას გამოხატავს, მაგრამ საბოლოო აზრი, კუთვნილება და მიმართულება მაინც გაურკვეველია.

მეცხრე სტროფის განწყობა მძიმე, ფიქრისმომგვრელი და მელანქოლიურია. ამ სტროფში უკვე უფრო პირადი ველი იკვეთება და ქაოსურ სურათს ემატება კონკრეტული „შენ“ ანუ მეორე ადრესი, რომელიც ლირიკული გმირისთვის ემოციური ტრავმის მიზეზია.

„ვხატავ პორტებსა და ნავსადგურებს“, − აღიქმება სიმშვიდეში დაბრუნების ძიებად. ეს პოეტური ადგილები, ტრადიციულად, უსაფრთხო სივრცის სიმბოლოებია, სადაც მოგზაურობა სრულდება და მოგზაური მშვიდდება.

„მაგრამ შენს იალქნებს ვერ ვბედავ“, − აქ ჩნდება მეორე პირის აღმატებულობის განცდა, ან სულაც შიში მასთან მიუწვდომლობის გამო. ლირიკული გმირი თითქოს მზად არის უსაფრთხო სივრცეების წარმოსახვისთვის, მაგრამ არ შეუძლია იმ ძალასთან შეხება, რომელიც მას კვლავ ტკივილის აგრძნობინებს, ეს კი „შენ“ პერსონაჟია.

„ისევ სევდისძვრაში დამაბრუნებს, შენი ყვავილების ვენდეტ“, − აქ „სევდისძვრა“ ჩვენთვის ნაცნობი შინაგანი კატასტროფაა, რომელიც კვლავ მეორდება. „ყვავილების ვენდეტა“ დიდებული მეტაფორაა, ყვავილები, რომლებიც პერსონიფიცირებულია და ჩვეულებრივ, სილამაზის სიმბოლოა, აქ კი შურისძიებადაა (ვენდეტად) ქცეული ეს უკვე ქმნის პარადოქსს, რადგან სილამაზე ამ სტროფში ტკივილს იწვევს. გმირი ეძებს სიმშვიდეს, მაგრამ ემოციური წარსული ან კონკრეტული პირი − „შენ“, მას სულიერ ქაოსში აბრუნებს და სიმყუდროვეს არ ანებებს.

მეათე სტროფში ყურადღება რეალობიდან სიზმრისკენ გადაიდრიკება და ამავდროულად, ქვეცნობიერისა და ფსიქოლოგიური პროცესების სივრცეში გადადის. ლექსი უკვე არა გარეგან, არამედ შინაგან ქაოსსა და უხილავ ამბოხს აღწერს.

„ძილში ყველაფერი გამოგვივა“, − პარადოქსულად ჟღერს და რეალობასაც უარყოფს. აქ ძილი წარმოჩენილია როგორც სივრცე, სადაც შეზღუდვები აღარ არსებობს. სინამდვილეში მიუღწეველი სურვილები სიზმარში ახდება, რაც ქმნის ილუზორული თავისუფლების განცდასაც.

„სიზმრებს დაძინებას ვერ ვუშლით“, − სემანტიკური დაშვება და პარადოქსული აზრია: სიზმრები პერსონიფიცირდებიან და არ ემორჩილებიან ადამიანის ნებას. სიზმარი სტრიქონში დამოუკიდებელ ფენომენადაა წარმოდგენილი, რომელსაც გმირი ვერ აკონტროლებს. ხოლო ეს ხაზი − „მათი უხმაურო ამბოხია“, − სიზმრები აღწერილია როგორც ამბოხი, მაგრამ „უხმაურო“ − ანუ ჩუმი და შეუმჩნეველი. ეს მეტაფორული აზრია და მიანიშნებს შინაგან წინააღმდეგობაზე, რომელიც გარედან თითქმის შეუმჩნეველია და მხოლოდ ადამიანის ფსიქიკაში მიმდინარეობს.

შემდეგი სტრიქონი სამწევრიანია: „ნელა ჩასაძირი ბერმუდი“, − ბერმუდი (ალუზიაა ბერმუდის სამკუთხედისა) წარმოადგენს იდუმალ, საშიშ და ამოუხსნელ სივრცეს, სადაც ყველაფერი იკარგება. სინტაგმა „ნელა ჩასაძირი“ დაღმასვლისა და სამუდამოდ გაუჩინარების განცდას იწვევს, თითქოს სიზმრისა და ქვეცნობიერის სივრცეში გმირი თანდათან იკარგება.

სტროფი მთლიანობაში ასახავს ქვეცნობიერ სამყაროს, სადაც ჩუმი, მაგრამ ძლიერი შინაგანი ამბოხია და ადამიანი ნელ-ნელა იკარგება რეალობისა და სიზმრის ზღვარზე.

მეთერთმეტე სტროფში უკვე აშკარაა ემოციური დაძაბულობა და სევდის სიღრმე. თითქოს წინა განცდების შემდეგ, ლირიკული გმირს უფრო ნატიფ სააზროვნო ველში გადავყავართ, „სადაც შენს ფიქრს ვეღარ ვუალერსე“, − ამ მეტაფორულ სტრიქონში იკვეთება გაუცხოება, ემოციური კავშირისა და ზოგადად, კომუნიკაციის რღვევა. „შენს ფიქრთან ალერსობა“ აქ ემოციურ-აზრობრივ თანხვედრას ნიშნავს, რომელიც უკვე შეუძლებელია. აქ ხაზგასმულია დაშორება „შენ“-თან, როგორც შინაგან, ისე სულიერ დონეზე.

„სადაც შენს ყვავილებს ვერ ვგავარ“, − ყვავილები აქ კვლავ სილამაზის, სიფაქიზისა და შესაძლოა სიყვარულის სიმბოლოა. ლირიკული გმირი აღიარებს, რომ ვერ ემსგავსება ამ სილამაზეს, ანუ საკუთარ თავს ვერ აიგივებს სილამაზის/ყვავილის იმ იდეალთან, რომელიც „შენთან“ არის დაკავშირებული.

სათქმელების მთელი არსია გამოკვეთილი სინამდვილის ამ ფორმით გამოტანაში, ამ ლამის გოდებაში: „სადაც სევდისძვრაზე უარესი, მხოლოდ ეს ახალი სევდაა“. ეს სტრიქონები სტროფის კულმინაციაა. ეს ნაცნობი ნეოლოგიზმი − „სევდისძვრა“, ლექსში მოიშინაურა პოეტმა, ლამის ჩვეულებრივ ტკივილად აქცია, მაგრამ ესეც არ იკმარა, ახლა „ახალი სევდა“ ამოუყენა გვერდით, რომელმაც ლამის გააჩვეულებრივა კრებულის სათაურად გამოტანილი „სევდისძვრის“ სემანტიკა! (სევდის თემის გამეორება ასე გრადაციულად: სევდისძვრიდან − ახალ სევდამდე, რომელიც კიდევ უფრო მძიმეა და აჩვენებს სევდის ესკალაციას − ტკივილი არა მხოლოდ მეორდება, არამედ ღრმავდება და ხარისხობრივად იცვლება. ლირიკული გმირი კონტრასტულად სცილდება თავის იდეალს („შენი ყვავილები“).

სტროფი მთლიანობაში გამოხატავს საბოლოო ემოციურ დაშორებას და იმ განცდას, რომ ტკივილი არა მხოლოდ გრძელდება, არამედ მუდმივად იცვლის ფორმას და კიდეც მძიმდება.

ამიტომ პოეტის მიერ სიტყვებით თამაში სახიფათო მანევრია, რომ საბოლოოდ ტკივილის საბედნიერო ტრანსფორმაცია მოხდეს და სიტყვის კენწრულ კვირტში აზრის გაშლისა და გაფურჩქვნის ხმა მოიხელთონ მკითხველებმა. 

ასეა, მკითხველთა განებივრება ყველაზე სრულყოფილად და ემოციურად ერთეულებს ძალუძთ, რადგან სიტყვით და სიტყვაში მოსაგრეობა, ასევე სიტყვისთვის განდეგილობა და მესვეტეობა, ის პოზიციებია, სადაც პოეტს ახალი შესაქმეობა უწევს, არაკანონიკურად რომ ვთქვათ, კიდეც რომ ევალება „სიტყვის სახლის სახურავთმცველობა“ (თ.წ.), რომ არ ჩაიქცეს სიტყვის ჭერი და უჟამოდ, უასაკოდ არ გადავცვივდეთ უსიტყვობისა და უპოეზიობის უხერხულ ჭაობში.

ამიტომ პოეზიის კვლავმოთვინიერებას ვუსურვებ მინდელების მაიას, რომლის ალიტერირებულ გვარ-სახელში ახალი პოეტური სახელის მოლოცვისთვის კმარი კამერული მუსიკა ისმის, ხოლო მის ლექსებში ის იდუმალი და განუმეორებელი ამბებია გამჟღავნებული, რომელიც აქამომდე მის პოეტურ ხელისგულზე დაკლაკნილ ხაზებში თუ იკითხებოდა, ახლა პირველ პოეტურ კრებულში გადმოწერა და ტკივილად და „სულისძვრად“ მონათლა.

 



თაგები:

#

თაგები

შემოდგომის „არა-კი“ #ბლოგი #მწერალთასახლი #ნონამაზიაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #გიორგიმესხი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #გურამდოჩანაშვილი #ნინოსადღობელაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #დათიაბადალაშვილი #თამარგელიტაშვილი #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ირაკლისამსონაძე #ლევანინაური #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #კოტეჯანდიერი#ადანემსაძე #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #ლიასტურუა #ნანაკუცია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მარინე ტურავა #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #თამარგელიტაშვილი #ლიტერატურულიბლოგი #მწერალთასახლი #ლევანინაური #ლიტერატურულიბლოგი #ნინოქუთათელაძე #თამარელაწოწორია #მწერალთასახლი #ლიტერატურულიბლოგი #შოთაჩანტლაძე #ნინოდარბაისელი #მწერალთასახლი #ლიტმცოდნეობითიოპუსები #ლიტერატურულიბლოგი #ჯემალქარჩხაძე #მანანაკვაჭანტირაძე#მწერალთასახლი ანდრიაძე ანდრიაძე "კრიტიკის სკოლა" "მწერალთა სახლი" გურამ რჩეულიშვილი, გია არგანაშვილი ეკა მახარაშვილი ახალი ძველი ამბები #ახალიძველიამბები ლაშა ბაბილუა #თამარელა წოწორია ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლი ნაირა გელაშვილი მწერალთა სახლი ტარიელ ჭანტურია