3 აპრილს, 19:00 საათზე, კულტურის ინტერდისციპლინური ფესტივალი „ხიდი: თბილისი-ციურიხი", გიწვევთ ლიტერატურულ ღონისძიებაზე, რომელიც შვეიცარიელ მწერალს, ფრიდრიხ დიურენმატს ეძღვნება. ღონისძიება ტარდება „მწერალთა სახლთან“ და გამომცემლობა „დიოგენესთან“ პარტნიორობით.
პროგრამის განრიგი
19:00-19:40 - ულრიხ ვებერის ლექცია „ფრიდრიხ დიურენმატის კოსმოსი“
19:40-20:00 - აუდიტორიის კითხვები ულრიხ ვებერთან და დისკუსია მაია ბადრიძესთან წიგნის „მინოტავრი. დავალება“ შესახებ
20:00-20:15 - შესვენება
20:15- 21:30 - კინოჩვენება ფილმისა „დიურენმატი - სიყვარულის ისტორია“ და საუბარი რეჟისორ საბინე გისიგერთან.
ღონისძიების პირველ ნაწილში ულრიხ ვებერი წაიკითხავს ლექციას „ფრიდრიხ დიურენმატის კოსმოსი“. ფრიდრიხ დიურენმატი დიდი შვეიცარიელი რომანისტი, დრამატურგი და ესეისტია, ულრიხ ვებერი კი მისი ბიოგრაფი და არქივის კურატორი გახლავთ. საარქივო დოკუმენტებსა და ფოტოებზე დაყრდნობით, ვებერი გაგვიძღვება და გაგვაცნობს დიურენმატის, როგორც წარმატებული დრამატურგის, გროტესკული, იუმორისტული მთხრობლის, ფილოსოფიური ესეისტისა და აპოკალიფსური მხატვრის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. იგი ასევე წარმოგვიდგენს მწერლის ჩართულობას მეცნიერებასა და მითოლოგიაში და მის პოლიტიკურ აქტიურობას თავისუფალი და სამართლიანი სამყაროსთვის.
2018 წელს ფრიდრიხ დიურენმატის დრამატული ბალადა „მინოტავრი. დავალება“ ქართულ ენაზე თარგმნა მაია ბადრიძემ და გამოსცა გამომცემლობა „დიოგენემ“. ლექციის შემდეგ ულრიხ ვებერი და მაია ბადრიძე დისკუსიას გამართავენ.
ასევე, შეხვედრის დროს, მოეწყობა „მინოტავრი. დავალებას“ ქართული გამოცემის გამოფენა-გაყიდვაც.
დასასრულს, რეჟისორ საბინე გისიგერის თანდასწრებით, ნაჩვენები იქნება ფილმი „დიურენმატი - სიყვარულის ისტორია“. ფილმის ჩვენების შემდეგ პუბლიკას შესაძლებლობა ექნება, შეკითხვები დაუსვას რეჟისორს.
„დიურენმატი - სიყვარულის ისტორია“ ასევე არის მისი სიყვარულის ახსნა დიურენმატისა და მისი შემოქმედების მიმართ“, - ამბობს საბინე გისიგერი. „სრულიად აღტაცებული ვარ იმით, როგორ ფიქრობს ის სამყაროზე. აღმაფრთოვანებს ისიც, რომ ის, რაც მან მე-20 საუკუნეში მსოფლიოს შესახებ თქვა, 21-ე საუკუნეშიც აქტუალურია“.
დასწრება თავისუფალია.