15/06/2023

დოდო ხიმშიაშვილი - 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო

15 ივნისს, 18.30საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება საბავშვო მწერლის, პროზაიკოსისა და მთარგმნელის, დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორიას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო.
დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია არაერთი კრებულის ავტორია. მწერლის პირველი მოთხრობა „ჭრელი ხელთათმანები“ 1950 წელს გამოქვეყნდა მეუღლის, ვადაჭკორიას გვარით. მიზეზი, რეპრესირებული მწერალი ძმა, მოგვიანებით რეაბილიტირებული კოტე ხიმშიაშვილი იყო. მწერლის მოთხრობების პირველი კრებული მხოლოდ 1959 წელს გამოიცა, რასაც მოჰყვა რამდენიმე კრებული: „თეთრი კენჭი“, „გაზაფხული, მზე და სიყვარული“, „ტატო, ქუდი და კაკალი“, „ბროლის ციგა“, ჩემი სოფელი“ და ბევრი სხვა. 2000 წელს გამოვიდა ავტორის რჩეული „ვინ მივა პირველი საქართველოში“, 2005 წელს მოთხრობების კრებული „დედის ლოცვა“, 2014 წელს „ყოჩივარდები“.
დოდო ხიმშიაშვილმა თარგმნა ვ. მედვედევის, ბ. კამოვისა და სხვების ნაწარმოებები, უკრაინული და შვედური ზღაპრები.
ქალბატონი დოდო აქტიურად თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალ „დილასთან“.
იყო არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი. 2017 წელს დოდო ხიმშიაშვილს მწერალთა სახლისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაარსებული იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია გადაეცა „საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში გაწეული წვლილისთვის“.
საღამოზე დასწრება თავისუფალია!