თარიღი : 14.05.2019
14 მაისს, 12:00 საათზე, მწერალთა სახლში თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციაზე ფესტივალის კულტურულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა ქეთევან დუმბაძემ, მწერალთა სახლის დირექტორმა ნატალია ლომოურმა და ქ.თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა.
პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ფესტივალის პარტნიორი საელჩოებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლები, მათ შორის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი, იტალიის საელჩოს წარმომადგენელი ნინო კილოსანიძე, აშშის საელჩოს წარმომადგენელი თამარ რეხვიაშვილი. მათ ასევე ისაუბრეს ფესტივალის, როგორც ერებს შორის კულტურული დიალოგის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და წარადგინეს ფესტივალის ფარგლებში მათი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამის ნაწილი.
მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 17-21 მაისს გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში, თბილისს ეწვევა 19 ავტორი 15 ქვეყნიდან. მონაწილეთა შორის არიან ცნობილი პოეტები, დრამატურგები და პროზაიკოსები აშშ-დან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, მაკედონიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან ,უკრაინიდან, ბელარუსიდან, და სხვა ქვეყნებიდან.
ღონისძიებები ერთი თემის ქვეშ გაერთიანდება - ესაა „გაორება“. ფესტივალის პროგრამა ისეა შედგენილი, რომ ის ავტორებსაც და მსმენელსაც პოეზიის საღამოებით თუ პანელ-დისკუსიებით შემოქმედებითი პოლარულობის, ორბუნებოვნების შესახებ დაფიქრების საშუალებას მისცემს. პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს.
თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება მწერალთა სახლში და მათზე დასწრება ტრადიციულად, უფასოა.
საფესტივალო კვირეულის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ვებგვერდზე (http://tbilisilitfest.ge) და მწერალთა სახლისა და ფესტივალის ფეისბუკ გვერდზე.