თარიღი : 30.08.2021
სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ, რომლის წევრებიც იყვნენ: ნიკოლოზ ალექსიძე (თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის დეკანი), ქეთევან გრძელიძე (კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი), ცირა კილანავა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი), ხათუნა კიკვაძე (კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომელი) და ნონა კუპრეიშვილი (შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი), გამოავლინა ლიტერატურული ჟურნალები, რომლებსაც კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო 2021 წელს დააფინანსებს.
ესენია:
„არილი“ – სამი ნომერი (20680 ლარი), „ახალი საუნჯე“ - ორი ნომერი (14940 ლარი) და "ცისკარი - 1852" - ორი ნომერი (14380 ლარი).
კომისიის წევრებმა იმსჯელეს და რეკომენდაცია მისცეს ჟურნალების რედაქციებს, აქტიურად იმუშაონ ციფრულ მატარებლებზე გადასასვლელად და ონლაინ პლატფორმების განსავითარებლად.
კონკურსი ლიტერატურული ჟურნალებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად მწერალთა სახლმა ამა წლის 2 აგვისტოს გამოაცხადა. სულ შემოვიდა ოთხი განაცხადი: „არილი“, „ცისკარი - 1852“, „ახალი საუნჯე“ და „ლიტერატურული პალიტრა“.