საქართველო გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის ბაზრობებზე პირველად წარსდგება

თარიღი : 15.11.2021

2021 წლის ნოემბერში მწერალთა სახლის ორგანიზებითა და პროექტთან „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“ პარტნიორობით საქართველო  პირველად წარსდება  გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე.

27 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე მექსიკის შეერთებულ შტატებში მწერალთა სახლის ორგანიზებით საქართველო ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით პირველად წარსდგება გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე. მწერალთა სახლთან ერთად ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულია იუნესკოს მსოფლიო დედაქალაქი 2021 თბილისის საორგანიზაციო გუნდი და საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში.

 

გვადალახარას წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილია 4 ღონისძიება:

  • 27 ნოემბერი - იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები.

მონაწილეები: ნინია მაჭარაშვილი („თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“), გერალდ ლაიტნერი (IFLA - საბიბლიოთეკო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია) და მარტინ სოლარესი (მწერალი, „გვადალახარა - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“).

  • 28 ნოემბერი - საუბრები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე.

მონაწილეები: დათო ტურაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, არჩილ ქიქოძე. მოდერატორი: ნიკოლას კამარენა (Dharma Books).

  • 28 ნოემბერი - ორი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ამბავი.

მონაწილეები: არჩილ ქიქოძე, მარტინ სოლარესი („გვადალახარა - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“), ლუკა გრიგოლია („თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“).

  • 29 ნოემბერი - პროფესიული ღონისძიება ესპანურენოვანი გამომცემლებისთვის ქართული ლიტერატურის გასაცნობად. მონაწილეები: ნატალია ლომოური, ნინია მაჭარაშვილი, დათო ტურაშვილი.

 

გვადალახარას წიგნის ბაზრობაზე წელს საქართველო 24 კვ.მ. სტენდით იქნება წარდგენილი. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს უახლეს ქართულ გამოცემებს და ქართული ლიტერატურის უცხოენოვან თარგმანებს. გარდა ამისა, სტენდზე წარმოდგენილი იქნება ქართული ლიტერატურის კატალოგები, სხვადასხვა საინფორმაციო ბროშურები საქართველოზე.

 

გვადალახარას წიგნის ბაზრობა მნიშვნელობითა და სიდიდით მსოფლიოში მეორეა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ. ესპანურენოვან სამყაროში კი ყველაზე ავტორიტეტული ბაზრობაა და მასში მონაწილეობას ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის და ესპანურ ენაზე თარგმანის ხელშეწყობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 

25-28  ნოემბერს გაიმართება თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა, სადაც საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით საქართველო ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით პირველად მიიღებს მონაწილეობას. ბაზრობის ფარგლებში 26-27 ნოემბერს ქართველი მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობით გაიმართება მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოცემული წიგნების  პრეზენტაციები და სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიებები:

 

  • 26 ნოემბერი - ლაშა ბუღაძის რომანის „ლიტერატურული ექსპრესი“ ბერძნულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია, მოდერატორი: ანა რუცი.
  • 26 ნოემბერი - ბერძენი გამომცემლებისთვის ქართული ლიტერატურის გაცნობა. მონაწილე: მაია დანელია, მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე.
  • თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტების პრეზენტაცია. მონაწილე: თამარ თოფურიძე, პროექტის კულტურული პროგრამების კოორდინატორი.
  • 27 ნოემბერი - პაატა შამუგიას პოეტური კრებულის „შიზოგადოება“ ბერძნულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია, მოდერატორი და მთარგმნელი: ეკატერინე ჯანაშია.

 

თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე წელს საქართველო 18კვ.მ. სტენდით იქნება წარდგენილი, სადაც გამოფენილი იქნება უახლესი ქართული გამოცემები და ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანები. ასევე დაეთმობა მნიშვნელოვანი ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის გამოცემებს ელინისტიკის სფეროში.

 

საქართველოსა და საბერძნეთს მრავალსაუკუნოვანი კულტურული ურთიერთობების ისტორია აკავშირებს. თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით წარდგენა ხელს შეუწყობს ბერძნული და ბალკანეთისპირეთის გამომცემლობების დაინტერესებას ქართული ლიტერატურით და მთარგმნელობითი პროცესის გაძლიერებას.