თარიღი : 26.11.2021
27 ნოემბერს გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნება. 27 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე მექსიკის შეერთებულ შტატებში მწერალთა სახლის ორგანიზებით საქართველო ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით პირველად წარსდგება გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე. მწერალთა სახლთან ერთად ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულია იუნესკოს მსოფლიო დედაქალაქი 2021 თბილისის საორგანიზაციო გუნდი და საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში.
წარმოგიდგენთ გვადალახარას წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილ ლიტერატურულ ღონისძიებებს:
•27 ნოემბერი - იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები.
მონაწილეები: ნინია მაჭარაშვილი („თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“), მარტინ სოლარესი (მწერალი, „გვადალახარა - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“).
•28 ნოემბერი -საუბრები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე
მონაწილეები: ანა კორძაია-სამადაშვილი, არჩილ ქიქოძე და დათო ტურაშვილი.
მოდერატორი: კოლას კამარენა (Dharma Books).
•ორი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ამბავი.
მონაწილეები: ანტონიო ორტუნო, ანა კორძაია-სამადაშვილი და არჩილ ქიქოძე.
მოდერატორი: მარტინ სოლარესი (მწერალი, „გვადალახარა - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“)
•29 ნოემბერი - პროფესიული ღონისძიება ესპანურენოვანი გამომცემლებისთვის ქართული ლიტერატურის გასაცნობად. მონაწილეები: ნატალია ლომოური, ნინო კიკნაძე, დათო ტურაშვილი.
გვადალახარას წიგნის ბაზრობაზე წელს საქართველო 24 კვ.მ. სტენდით იქნება წარდგენილი. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს უახლეს ქართულ გამოცემებს და ქართული ლიტერატურის უცხოენოვან თარგმანებს. გარდა ამისა, სტენდზე წარმოდგენილი იქნება ქართული ლიტერატურის კატალოგები, სხვადასხვა საინფორმაციო ბროშურები საქართველოზე.
გვადალახარას წიგნის ბაზრობა მნიშვნელობითა და სიდიდით მსოფლიოში მეორეა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ. ესპანურენოვან სამყაროში კი ყველაზე ავტორიტეტული ბაზრობაა და მასში მონაწილეობას ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის და ესპანურ ენაზე თარგმანის ხელშეწყობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.