3-5 დეკემბერს მწერალთა სახლის ორგანიზებით ფრანგულენოვანი აუდიტორიისთვის ონლაინ ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის „მოგზაურობა კავკასიაში - საქართველო“ პარტნიორია ფრანგული კულტურული მედია პლატფორმა Toute la culture.
ფესტივალი 2021 წელს საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ბოლო ღონისძიება იქნება, რომელსაც მწერალთა სახლი განახორციელებს. პროექტი ასევე ეძღვნება საქართველო-საფრანგეთის 100-წლიანი ურთიერთობის ისტორიასა და ქართული ემიგრაციის პირველ ტალღას.
2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის შემდეგ საქართველომ აქტიური მუშაობა დაიწყო ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულენოვან სამყაროში, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით. 2022 წელს საქართველო პირველად წარსდგება ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით პარიზის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზეც. მანამდე კი 12 ღონისძიებისგან შემდგარი ონლაინ პროგრამა ფრანგი მაყურებლისა და მკითხველისთვის მზადდება.
პროგრამაში მონაწილეობას ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილი მარიამ დაბო იღებს, ასევე, საზღვარგარეთ მოღვაწე და საფრანგეთში უკვე კარგად ცნობილი ქართული წარმოშობის მწერლები ნინო ხარატიშვილი და ქეთევან დავრიშევი.
სამი დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების მონაწილეები არიან მწერლები, რეჟისორები, მხატვრები, მეცნიერები და მუსიკოსები საქართველოდან და საფრანგეთიდან: ლია სტურუა, ბესიკ ხარანაული, ლევან ბერძენიშვილი, ლანა ღოღობერიძე, ლაშა ბუღაძე, ბასა ჯანიკაშვილი, ეკა სირაძე, ანა ჭეიშვილი, ბაჩანა ჩაბრაძე, მაკა კასრაძე, ნინო კირთაძე, გელა წულაძე, ეკა ენუქიძე, ზაზა შენგელია, მებო ნუცუბიძე, ბერნარ უტიე, გზავიე მოტე, ფრანსუა მერე, იზაბელ რიბადო დიუმა, ანე კოლდეფი ფოკა, პიერ გიგი და მაია ვარსიმაშვილი-რაფაელი.
ქართულ პოეზიასა და პროზასთან ერთად, პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა ქართულ კინოს, მუსიკასა და მხატვრობას, განსაკუთრებით კი ნიკო ფოროსმანსა და ძმებ ზდანევიჩებს. ფესტივალის მონაწილეები ასევე ისაუბრებენ ქართულ დრამატურგიაზე, ლიტერატურის ისტორიაზე, ანბანზე და ღვინის კულტურაზე.
ფრანგულენოვანი ფესტივალი უკვე მესამე ონლაინ ფესტივალია, რომელიც 2021 წელს მწერალთა სახლის ორგანიზებით განხორციელდება. მიმდინარე წლის თებერვალსა და ივნისში უკვე ჩატარდა ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი ონლაინ ფესტივალები.