თარიღი : 14.02.2022
მწერალთა სახლისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ,,ეისითის" მიერ ქართული წიგნის ბაზრის კვლევა მომზადდა. კვლევის მთავარი მიზანი იყო 2016-2020 წლების სრული სტატისტიკური ინფორმაციის მიღება წიგნის ბაზრის ყველა კომპონენტის შესახებ. პანდემიის გავლენის ანალიზის მიზნით, ანგარიშში ცალკეა წარმოდგენილი 2020 წლის წლის მონაცემები წიგნის სექტორზე.
”2016-2020 წლების ქართული წიგნის ბაზრის კვლევაზე ჩვენ თითქმის ერთი წელი ვმუშაობდით და შევკრიბეთ ყველა ის საკვანძო ინფორმაცია, რომელიც, ფაქტობრივად, სრულ სურათს ქმნის ხუთი წლის განმავლობაში ქართული საგამომცემლო სექტორის საქმიანობის შესახებ. მსგავსი ტიპის ინფორმაცია, ერთის მხრივ სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისთვის, რომ ადგილობრივ საგამომცემლო სექტორს ჰქონდეს წარმოდგენა ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ, რაც დაეხმარებათ შეაფასონ საკუთარი მიღწევები თუ სუსტი მხარეები, და შესაბამისად, უკეთ დაგეგმონ განვითარების სტრატეგიები; და მეორეს მხრივ იმისთვის, რომ ქართული წიგნის ბაზრის სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემის მიწოდება შევძლოთ ისეთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (IPA), რომლებიც ყოველწლიურად იკვლევენ და აქვეყნებენ მსოფლიო საგამომცემლო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას. აუცილებელია, რომ ქართული წიგნის ბაზარმა თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიო სტატისტიკის შედგენაში და უმნიშვნელოვანესი კვლევების ფარგლებში, სრულყოფილად იყოს წარმოდგენილი მსოფლიო საგამომცემლო რუკაზე. გარდა ძირითადი ნაწილისა, 2016-2020 წლების ქართული წიგნის ბაზრის კვლევის ასევე საკვანძო კომპონენტებია: პანდემიის გავლენა სექტორზე, რაც ჩვენს გამომცემლებსა თუ წიგნის გამავრცელებლებს სრულიად ახალ, არაორდინარულ რეალობასთან დაკავშირებით ძალიან საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდის; და მკითხველთა ჩვევების კვლევა, რაც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა გამომცემლებისთვის, განვითარების ახალი გზების დასაგეგმად” - ამბობს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გვანცა ჯობავა.
„ქართული წიგნის ბაზრის ბოლო კვლევა 2015 წელს ჩატარდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ, შესაბამისად, წინამდებარე კვლევაში ასახვა პოვა უკანასკნელ წლებში 2016- 2020 წიგნის და საგამომცემლო სფეროში განვითარებულმა პროცესებმა. კვლევაში დაინტერესებული მკითხველი სწორედ ამ პროცესების ანალიზს და საგამომცემლო სფეროსა და მკითხველთა უნარ-ჩვევების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამიზნე ჯგუფებს აქ გამოთქმული რეკომენდაციების საფუძველზე შეეძლებათ შესაბამისი სამოქმედო სტრატეგიების განსაზღვრა, რაც ბუნებრივია, მიმართული იქნება სფეროს განვითარებისკენ და გაძლიერებისკენ. ამდენად, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ამ კვლევის ჩატარება და იმედია, რომ 2 წლის შუალედით მომავალ წლებშიც შევძლებთ მსგავსი კვლევების ჩატარებას, რომ შევძლოთ დინამიკის დანახვა, თუ როგორ ვითარდება სფერო, რა გამოწვევების წინაშე დგას, რა ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი მეტი ეფექტურობისთვის.“ - ამბობს მწერალთა სახლის დირექტორი ნატალია ლომოური.
კვლევაში მონაწილეობა ოცდათორმეტმა ისეთმა გამომცემლობამ მიიღო, რომელთათვისაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წიგნების გამოცემა წარმოადგენს ძირითად საქმიანობას. კვლევის სამიზნე ჯგუფებს ასევე წარმოადგენდნენ დისტრიბუტორები, წიგნისა და ელექტრონული წიგნების მაღაზიები, ბიბლიოთეკები და მკითხველები.
გამოკითხული კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ წლის განმავლობაში დაახლოებით 2-3 მლნ ეგზემპლარი იყიდება, მიღებული შემოსავალი კი 17-20 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობს. კვლევაში მონაწილე კომპანიების ნაწილი საავტორო უფლებებს საზღვარგარეთაც ყიდის. ასეთი პრეცედენტი 9 გამომცემლობაში ფიქსირდება, რომლებიც ჯამში 30-40 უფლებას ყიდიან წლის მანძილზე. შედეგად, ქართული წიგნები არაერთ ქვეყანაში გამოიცემა.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მიღებული შემოსავლის მიხედვით „გამომცემლობა პალიტრა L“ ლიდერია წიგნის თითქმის ყველა კატეგორიაში (გარდა სასკოლო და საბავშვო წიგნებისა). ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან ასევე ბაკურ „სულაკაურის გამომცემლობა“, გამომცემლობა „ინტელექტი“ და გამომცემლობა „არტანუჯი“, რომლებიც საგრძნობ უპირატესობას ფლობენ.
წიგნების რეალიზაცია 2019 წლამდე ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. გამომცემლების შემოსავლის 26-28%-ს უზრუნველყოფს ე.წ. „მეინსტრიმული“, ყველაზე კითხვადი ლიტერატურა. მას მოსდევს დოკუმენტური პროზა (15%-19%), აკადემიური და პროფესიული ლიტერატურა (15%-19%), სასკოლო სახელმძღვანელოები (16%-18%) და საბავშვო ლიტერატურა (11- 13%).
მაღაზიების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 2 წლის მანძილზე გაყიდული წიგნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. კლების ტენდენცია აღინიშნება როგორც რეალიზებული წიგნების დასახელებების (≈17%-იანი კლება), ასევე მათი გაყიდული ეგზემპლარების კუთხით (≈40%-იანი კლება).
აღმოჩნდა, რომ ბოლო წლებში ბაზარზე წიგნის გასაყიდი ფასი იმატებს. 2016-2020 წლებში ის 28%-ით, 14-დან 18 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება მკითხველთა კვლევას, წიგნის მკითხველთა კვლევა განხორციელდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და გორში. კვლევის შედეგების თანახმად, 16+ მოსახლეობა ორ თანაბარ ნაწილად იყოფა: 50%, რომელიც გარკვეული სიხშირით კითხულობს წიგნებს და 50%, რომელსაც 2020 წლის მანძილზე ერთი წიგნიც არ წაუკითხავს სრულად.
წიგნის მკითხველთა რაოდენობა თბილისში (51,8%) მცირედით აჭარბებს რეგიონში მცხოვრებთა მაჩვენებელს (45,4%).
წიგნის კითხვის პრაქტიკის თვალსაზრისით, კვლევამ ასაკობრივი და სქესთა შორის განსხვავებაც გამოავლინა. კერძოდ, კაცებთან შედარებით ქალები საგრძნობ უპირატესობას ფლობენ (ქალები - 59,3%, მამაკაცები - 38,4%), ახალგაზრდა რესპონდენტები კი უფრო არიან წიგნის კითხვისკენ მიდრეკილნი. ასაკის მატებასთან ერთად ეს ჩვევა 65,3%-დან 38,3%-მდე მცირდება.
პანდემია და წიგნის ბაზარი
კვლევაში მონაწილე გამომცემლობებზე, წიგნის მაღაზიებსა და დისტრიბუტორებზე პანდემიას საკმაოდ ნეგატიური გავლენა ჰქონდა. 2020 წელს ახალი გამოცემების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება პანდემიას უნდა მიეწერებოდეს. ამ დროს გამოცემული ახალი წიგნების რაოდენობა დაახლოებით 25%-ით ჩამოუვარდება 2019 წლის მაჩვენებელს.
2020 წელს წიგნის გაყიდვის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, თუმცა შემოსავალმა მხოლოდ 5%-ით დაიკლო, რაც წინა წლებთან შედარებით, წიგნების გაზრდილი ფასით რეალიზაციით უნდა აიხსნებოდეს.
სადისტრიბუციო კომპანიების მიერ წიგნების რეალიზაციიდან მიღებული ჯამური წლიური შემოსავალი პანდემიამდე სტაბილურად 14 მლნ-ის ფარგლებში მერყეობდა. 2020-ში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, იგი დაახლოებით 15%-18%-ით, 12 მლნ-მდე შემცირდა.
შეიძლება ითქვას, პანდემიას გარკვეული დადებითი ეფექტიც ჰქონდა წიგნის ბაზარზე იმ მხრივ, რომ დააჩქარა კომპანიებში მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროცესები, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია სფეროს განვითარება თანამედროვე სამყაროში (ონლაინ მომსახურების დანერგვა, ვებ გვერდების გაუმჯობესება, მომსახურების ხარისხის ამაღლება და ა.შ).
კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://bit.ly/33ht0xQ