5-7 აპრილს საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება

თარიღი : 29.03.2022

 

2022 წლის 5-7 აპრილს  მწერალთა სახლი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნულ სტენდს წარადგენენ.
საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე უკვე მერვედ იღებს მონაწილეობას და ტრადიციულად, ბრიტანულ წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორებისა და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება.


საქართველოს ეროვნულ სტენდზე, რომელიც 18 კვ. მეტრს შეადგენს, წარმოდგენილი იქნება 200-მდე დასახელების ახალი ქართული გამოცემ, მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოცემული უახლესი უცხოენოვანი თარგმანები, ასევე ქართველი გამომცემლების, მწერალთა სახლისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ მომზადებული კატალოგები. დამთვალიერებლებს სტენდზე ქართული წიგნის ბაზრის უახლესი კვლევის ნახვაც შეეძლებათ.

ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება უკრაინის მხარდასაჭერად ომის თემატიკაზე შექმნილი ილუსტრაციები, რომლებიც ქართველმა ილუსტრატორებმა გიორგი გაგოშიძემ, სონია ელიაშვილმა, გიორგი ჯინჭარაძემ და თეონა ჭანიშვილმა შექმნეს. ამ გზით საქართველოს სტენდის ორგანიზატორები და ქართველი გამომცემლები კიდევ ერთხელ გამოხატავენ სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას უკრაინელი ხალხის წინაშე.