თბილისს მექსიკელი მწერალი ხუან პაბლო ვიალობოსი ეწვევა

თარიღი : 05.04.2022

 

9 აპრილს მწერალთა სახლისა და პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ერთობლივი საერთაშორისო სარეზიდენციო პროექტის ფარგლებში თბილისს  გვადალახარადან მექსიკელი მწერალი ხუან პაბლო ვიალობოსი ეწვევა.

ხუან პაბლო ვიალობოსი გვადალახარაში, მექსიკაში, 1973 წელს დაიბადა. ავტორია ბევრი საერთაშორისო პუბლიკაციის, მოთხრობებისა და ექვსი რომანისა. “დაბლა, კურდღლის სოროში” 20 ენაზე ითარგმნა და “გარდიანის” First Book Award-ის მოკლე სიაშიც მოხვდა. სხვა რომანებია “კესადიები”, “ძაღლს მოგყიდი”, “არა მგონია, ვინმემ დამიჯეროს” (Herralde-ს პრემიის მფლობელი. ამჟამად კინოადაპტაცია მზადდება), “სულიერი ხალხის შემოსევა”. დაწერა დოკუმენტური ნაწარმოები “მეორე მხარე: ამბები ცენტრალური ამერიკიდან დევნილ თინეიჯერებზე, რომლებიც ოცნებობენ საზღვრის გადაკვეთაზე”. მწერალი ცოლსა და ორ ვაჟთან ერთად ბარსელონაში, ესპანეთში ცხოვრობს, სადაც ლიტერატურასა და შემოქმედებით წერას ასწავლის.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ და მწერალთა სახლი, საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამას გასული წლის შემოდგომიდან ახორციელებენ. ლა კორუნიას სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილებდნენ მწერლები, თაკო ფოლადაშვილი და თეა თოფურია, ხოლო ლვოვის რეზიდენციაში, ზაზა კოშკაძე იმყოფებოდა. მწერალთა სახლის რეზიდენციას სტუმრობდნენ უკრაინელი, ესპანელი და ფრანგი მწერლები.