თარიღი : 14.04.2022
მწერალთა სახლი აცხადებს უკვე ტრადიციულ კონკურსს „ბავშვები ურჩევენ ბავშვებს“, რომლის მიზანია, მოზარდებმა თავად შეარჩიონ და ურჩიონ თანატოლებს, რა წიგნები წაიკითხონ ზაფხულში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სკოლების VI-IX კლასების მოსწავლეებს.
პროექტის პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ მოკლე ვიდეო (ქრონომეტრაჟი მაქსიმუმ 90 წმ), სადაც რეკომენდაციას გაუწევენ ერთ კონკრეტულ წიგნს და რამდენიმე წინადადებაში ჩამოაყალიბებენ თავის მოსაზრებას, რატომ ურჩევენ თანატოლებს ამ წიგნის წაკითხვას.
ვიდეოს დასაწყისში აუცილებელია, დაასახელოთ საკუთარი სახელი, გვარი, სკოლა, წიგნის ავტორი და წიგნის სათაური.
ვიდეორჩევების მიღება გაგრძელდება 20 ივნისამდე. ამის შემდეგ ვიდეოები განთავსდება მწერალთა სახლის ფეისბუქ-გვერდზე და შედგება ზაფხულში წასაკითხი წიგნების ერთგვარი კატალოგი. ზაფხულის განმავლობაში მოსწავლეებმა მოცემული სიიდან უნდა აირჩიონ და წაიკითხონ წიგნები. შემდეგ კი უნდა შეაფასონ რჩევები და ხმა მისცენ მათ რჩეულს.
სექტემბრის ბოლოს ხმების მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებულები. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს გადაეცემათ შესაბამისად 300, 200 და 150 ლარიანი „ბიბლუსის“ ვაუჩერები, ასევე გაიცემა ხუთი წამახალისებელი პრიზი 70 ლარიანი „ბიბლუსის“ ვაუჩერის სახით. წელს (და ყოველ კონკურსზე შემდეგშიც) გაიცემა კიდევ ორი, 100-100 ლარიანი ვაუჩერი, რომელსაც საბავშო ავტორი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი ვასო გულეური გადასცემს მის რჩეულს, იაკობ გოგებაშვილის პრემიდან.
წლის ბოლოს გამოცხადდება კონკურსის ახალი ეტაპი - ესეების კონკურსი, რომლის თემებიც შეირჩევა გამარჯვებული რეკომენდირებული წიგნების მიხედვით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ვიდეო-ფაილები უნდა გამოგზავნონ wetransfer.com-ის საშუალებით მიმდინარე წლის 20 ივნისამდე მისამართზე: contest@writershouse.ge