“ისტორიული პროზა: რატომ და როგორ ვწერ”

თარიღი : 28.04.2022

საქართველოს მწერალთა სახლი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გამომცემლობა „ზიარი“ გიწვევთ ამერიკელი ავტორისა და მკვლევრის, ერიკ ლის ვორქშოფზე, “ისტორიული პროზა: რატომ და როგორ ვწერ” რომელიც შედგება 2022 წლის 17 მაისს, 14:00-დან 18:00 საათამდე მწერალთა სახლში, თბილისში (მაჩაბლის ქ. # 13).

 

ერიკ ლი მრავალი სტატიის, წიგნისა და კვლევის ავტორია; ის იკვლევს მე-20 საუკუნის  ისტორიას; საქართველოზე  გამოქვეყნებული აქვს ორი წიგნი: „ექსპერიმენტი, მივიწყებული ქართული რევოლუცია“ (The Experiment, Georgia’s Forgotten Revolution), 2018 და "ქართული ამბოხი ტექსელზე : ბოლო ბრძოლა ევროპაში" (Night of the Bayonets: The Texel Uprising and Hitler's Revenge, April-May 1945), 2020. მთარგმნელი ქეთი ქანთარია, გამომცემლობა Poezia Press („ზიარი“).

 

ერიკ ლი ერთი თვით ეწვევა თბილისს 2022 წლის მაისში, მწერალთა სახლისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, „ილიაუნის“ ფინანსური მხარდაჭერით. ის იცხოვრებს მწერალთა სახლის რეზიდენციაში და იმუშავებს ბოლშევიკური ტერორის დროს რეპრესირებული ქართველი ავტორების თემაზე. ინიციატივა უკავშირდება რეპრესირებული მწერლების მუზეუმს, რომლის გახსნაც სექტემბერში იგეგმება მწერალთა სახლში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.

 

თბილისში ვიზიტის განმავლობაში ერიკ ლის გადაეცემა ილიაუნის საპატიო დოქტორის ხარისხი და ის ჩაატარებს რამდენიმე შეხვედრას, მათ შორის შეხვედრას მკითხველთან თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში და ზემოთხსენებულ ვორქშოფს დოკუმენტური და ისტორიული პროზის ავტორებისთვის. დასწრება უფასოა, მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. 

 

ერიკ ლი გაუზიარებს ქართველ კოლეგებს, საქართველოს ისტორიითა და დოკუმენტური პროზით დაინტერესებულ მოქმედ თუ მომავალ ავტორებს, ისტორიის მიმართულების დოქტორანტებს თავისი მუშაობის გამოცდილებას, ისტორიულ წყაროებზე მუშაობის სპეციფიკას და თავისი საქმიანობის სხვა, ტექნიკურ თუ შინაარსობრივ ასპექტებს. 

 

 

ვფიქრობთ, რომ ეს ვორქშოფი მნიშვნელოვანი იქნება პროფესიული ისტორიული კვლევის მეთოდებისა და თხრობის შეხამების დახვეწისათვის, ასევე საქართველოს ისტორიაზე მომუშავე უცხოელი მკვლევრების თვალსაზრისისა და მეთოდოლოგიის გაცნობის მიზნით. 

 

ვორქშოფი წარიმართება ინგლისურ ენაზე, ქართული თარგმანით. 

 

მონაწილეობის მისაღებად მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე:   

residency@writershouse.ge  10 მაისის ჩათვლით.გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „ერიკ ლის ვორქშოფი“.  გთხოვთ, ასევე გამოგვიგზავნოთ თქვენი მოკლე რეზიუმე ინგლისურად ან ქართულად(საკმარისია 100-150 სიტყვა), თქვენი პროფესიული გამოცდილების, საქმიანობისა და ინტერესების შესახებ.   

გელით და გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი: 17 მაისი, 2022 წ.

დრო: 14:00 – 18:00 სთ (ხანმოკლე შესვენებით)

ადგილი: მწერალთა სახლი, მაჩაბლის ქ. #13