თარიღი : 23.04.2022
დაჯილდოების ცერემონია დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე პარიზის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა.
დაჯილდოების ცერმონიაზე გამოვლინდა ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი 5 ავტორი: Gaea Schoeters, Sladana Nina Perkovic, Tadhg Mac Dhonnagain, Jacobo Bergareche, Eugenia Kuznetsova
ივა ფეზუაშვილის წიგნი ევროპის ლიტერატურულ პრიზზე მწერალთა სახლმა წარადგინა. 2019 წელს ამავე პრიზის მფლობელი ბექა ადამაშვილი გახდა, რომელიც კონკურსზე ასევე მწერალთა სახლის მიერ იყო წარდგენილი.
ივა ფეზუაშვილის ბოლო რომანში "ბუნკერი" ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
რომანს 2020 წელს წინანდლის პრემია გადაეცა. 2021 წელს კი წიგნს ქართულ ლიტერატურაში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსიისათვის ლიტერატურული პრემია „საბასა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სპეციალური პრემია მიენიჭა.
ევროკავშირის პრიზი ლიტერატურაში (EUPL) ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ მხარდაჭერით ხორციელდება და ყოველწლიურად გამოავლენს ევროპის საუკეთესო ახალ ავტორებს მხატვრულ ლიტერატურაში. პრიზის მთავარ ფოკუსში ექცევა სამწერლო ოსტატობა. EUPL-ის მიზანია ლიტერატურის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია ევროპაში, სხვადასხვა კულტურებისა და ერების ტექსტების მიმართ ინტერესის აღძვრა. გამარჯვებული ავტორების შემოქმედება მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება და მათ ტექსტებს საერთაშორისო ლიტერატურული საზოგადოება ავტორების ეროვნული და ენობრივი საზღვრების გარეშე გაეცნობიან.