თარიღი : 03.05.2022
მწერალთა სახლისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი სარეზიდენციო პროგრამის Writer-in-Residence ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით თბილისს ამერიკელი ჟურნალისტი და მკვლევარი მაია ჯაგი ეწვია. მწერალთა რეზიდენციაში ცხოვრების პერიოდში იმუშავებს რეპრესირებული მწერალების მუზეუმში თავმოყრილ საარქივო მასალებსა და საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული მწერლების ისტორიებზე.
მაია ჯაგი ლონდონში მცხოვრები დამოუკიდებელი მწერალი და კრიტიკოსია, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტი ახასიათებს როგორც „კულტურის სფეროში მომუშავე ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ ჟურნალისტს“, რომელსაც "მსოფლიო მწერლობის გეოგრაფიის გაფართოებისათვის" საპატიო დოქტორის წოდებაც მიანიჭა. Guardian-ის ყოფილი შტატიანი თანამშრომელი 20 წლის განმავლობაში ხშირად აქვეყნებდა ბიოგრაფიულ და კრიტიკულ ნარკვევებს. მსოფლიო პრესაში, მათ შორის Financial Times, Economist, New York Times და New York Review of Books-ში ხშირად იბეჭდებოდა მასალები ხუთ კონტინენტზე კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ. მის ჟურნალისტურ მასალებს ბევრი ჯილდო აქვს მიღებული. დამთავრებული აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტი და ლონდონის ეკონომიკის სკოლა. თავისუფალ კრიტიკოსად მუშაობდა ორგანიზაციაში "სიტყვები საზღვრებს გარეშე", ნიუ იორკი. მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია მოიცავს ინტერვიუებს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 14 ლაურეატთან. იყო DAAD-ის ხელოვნებისა და მედიის მკვლევარი ბერლინში. როგორც ევროკავშირის წამყვან ექსპერტს ჩატარებული აქვს კულტურის დარგში ჟურნალისტიკის მასტერკლასები თბილისში, კიევსა და კიშინიოვში. 2021 წლის თებერვალში იყო მწერალთა სახლის მიერ ბრიტანულ ბიბლიოთეკასთან ერთად ჩატარებული ონლაინ ფესტივალის Georgia’s Fantastic Tavern – Where Europe Meets Asia , ხოლო 2016 წელს - ქართველი მწერლების პირველი ბრიტანული ფესტივალის "სადაც ევროპა აზიას ხვდება: საქართველო 25" სამხატვრო ხელმძღვანელი. აკა მორჩილაძის თქმით, ლონდონში ჩატარებული საუბრებისა და ფილმების ჩვენების ეს პოპულარული კვირა "დაგვამახსოვრდება როგორც ცნობისმოყვარეობითა და კეთილგანწყობით გამორჩეული... ქართული ლიტერატურის პირველი უშუალო კონტაქტი ბრიტანეთთან".