თარიღი : 21.05.2022
23 მაისს 16:00 გიწვევთ ალექსანდრე ორბელიანის დაბადებიდან 220 წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილ საჯარო ლექციაზე ,,ალექსანდრე ორბელიანი - 1832 წლის შეთქმულების მეთაური”
მომხსენებელი: მწერალი, პუბლიცისტი როსტომ ჩხეიძე
ალექსანდრე ორბელიანი – 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური სოლომონ დოდაშვილსა და ელიზბარ ერისთავთან ერთად. შეთქმულების გაცემის შემდეგ მისჯილი ჰქონდა ოთხად განკვეთა, თუმც ეს სასჯელი შეიცვლებოდა ორენბურგში გადასახლებით.ერთადერთი კაცი შეთქმულთაგან, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა 1832 წლის იდეალები და, განსხვავებით სხვა სასჯელმოხდილთაგან, არ ჩადგა იმპერატორის სამსახურში.ამითაც მოახდინა დიდი ზეგავლენა 60-იანელებზე – მისი გამოზრდილები არიან: ილია ჭავჭავაძეც, აკაკი წერეთელიც, სერგეი მესხიც... რომელნიც ალექსანდრეს აღიარებდნენ ზნეობრივ გმირად და სულიერ მამად.
ამასთან მისგანვე შეითვისებდნენ საქართველოს უახლეს ისტორიას ისე, როგორც სინამდვილეში მომხდარიყო, და არა რუსული პროპაგანდის მიერ გადაკეთებულ-გაყალბებულს – გაიგებდნენ, თუ როგორ მოხდა საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ, რადგანაც ალექსანდრე ორბელიანი, როგორც შვილიშვილი ერეკლე მეორისა, ზედმიწევნით გაერკვეოდა სამეფო კარის ცხოვრებაშიც და მის წინააღმდეგ მოქმედი აგენტურული ქსელის მიზანმიმართულ და დამანგრეველ მოქმედებაშიც.
ალექსანდრე ორბელიანი არის დოკუმენტური პროზის თვალსაჩინო ოსტატი, პუბლიცისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი, ამასთან ჟურნალ `ცისკრის~ გადამრჩენი, მალევე რომ აღადგენდა მიხურულს და უპატრონებდა.