თარიღი : 08.04.2022
რეპრესირებული მწერლების მუზემზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა. იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, აშშ-ს საელჩოსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის CARDIF-ის ფონდის (Countering Adverse Russian Disinformation Fund - რუსეთის დეზინფორმაციის წინააღმდეგობის ფონდი) მხარდაჭერით 2022 წლის ოქტომბერში მუზეუმი საბოლოო სახეს მიიღებს.
მწერალთა სახლში განთავსებული რეპრესირებული მწერლების მუზეუმი თავის თავში გააერთიანებს საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა შესახებ არსებულ მეხსიერებას და აქამდე უთქმელ ისტორიებს გააცოცხლებს. ექსპოზიცია დამთვალიერებელს წარმოდგენას შეუქმნის პერიოდზე, კონტექსტზე და იმ მექანიზმებზე, რომლებსაც ტოტალიტარული სახელმწიფო იყენებდა „მწერლობის მოსათვინიერებლად“; მუზეუმის სტუმრები გააცნობიერებინებენ ტოტალიტარიზმის ქვეშ მცხოვრები ხელოვანების დილემასა და ტრაგედიას, სუსტ ზღვარს კომპრომისსა და თანამშრომლობას შორის და ტერორზე დამყარებული რეჟიმის მთავარ მახასიათებელს - როცა, არავის სიცოცხლე და ხელშეუხებლობა გარანტირებული არაა, მიუხედავად მორჩილებისა, ან პირიქით - გულწრფელი თანამშრომლობისა და აქტივიზმისა.