#TIFL2022: პოეტური მარათონი | ფესტივალის დახურვა
14 სექტემბერს 21:00 საათზე თბილისის მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ოფიციალურად დაიხურება.
ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებაა პოეტური მარათონი, რომელიც მწერალთა სახლში პირველად 2019 წელს ჩატარდა სახელწოდებით „მსოფლიო კედლების გარეშე“.
თაობათა ხმები ხშირად გაბნეულია და მათ არ ესმით ერთმანეთის. მკითხველსაც ხშირად მხოლოდ რომელიღაც კონკრეტული თაობის ხმა ესმის კარგად.
ფესტივალის დახურვის საღამო იქნება მორიგი მცდელობა, ეს პრობლემა დაიძლიოს: არტისტულ, პერფორმანსულ დონეზე.
ყველა თაობის ავტორები მწერალთა სახლის სხვადასხვა სივრცეებში დაიწყებენ ერთდროულად ლექსების კითხვას.
ამ სინქრონულობას, სიმულტანურობას უნდა აყვეს მსმენელიც.
მან თავისი პრეროგატივები უნდა წაშალოს ამ მომენტში საკუთარ თავში და მიჰყვეს დინებას.
იაროს ოთახიდან ოთახში, ეპოქიდან ეპოქაში, ავტორიდან ავტორისკენ...
ის სამი საათი, როდესაც 42 პოეტი 6 სხვადასხვა სივრცეში წაიკითხავს საკუთარ პოეზიას, მისთვის მღელვარე მოძრაობის საათებად უნდა იქცეს.
მას უნდა დაენანოს ადგილის მიტოვება, მაგრამ საკუთარ თავში უნდა იპოვოს ძალა, მიატოვოს ის პოეტური სამყარო, რომელიც იმ წამს მისთვის რაღაც ნიშნით მიმზიდველი იქნება და სხვისკენ გადაინაცვლოს, ეძებოს სულ ახალი და ახალი, მიაყურადოს ხან ერთგან და ხან მეორეგან.
ფესტივალის დახურვის დღე უნდა იყოს პოეტებისა და მსმენელების გახსნილობის დღე, დღე, რომელშიც თაობებს შორის კედლები გაქრება.
- პოეტური მარათონი დაიწყება 21:00 საათზე
- მისამართი: მწერალთა სახლი, ი.მაჩაბლის ქ.13
დასწრება თავისუფალია!