თარიღი : 11.10.2022
ჟანრული ლიტერატურის ფესტივალი „ინსომნია“ 2022 იწყება
2022 წელს მწერალთა სახლი საკუთარ კედლებში კიდევ ერთხელ უმასპინძლებს ჟანრული ლიტერატურის მოყვარულებსა და მწერლებს.
თუ გრძნობ, რომ შენი იდეები სცდება ყოფითი და რეალისტური დრამის მოსაწყენ ჩარჩოებს და მოიცავს გამოგონილ სამყაროებს, ტექნოლოგიურ გარღვევებსა და კაცობრიობის აღსასრულის სცენებს, თუ თავში მომავლის სამყაროები და საშიში სიუჟეტები გიტრიალებს და თუ მიგაჩნია, რომ წერაც გეხერხება, დაწერე 3-5 გვერდის მოცულობის ფობიოგრაფია, სადაც მაქსიმალურად კრეატიულად და მხატვრულად მოგვიყვები შენი შიშების შესახებ და გახდი ქართული ჟანრული ფესტივალის ფინალისტი.
ნაწარმოების გამოგზავნა შესაძლებელია საშიში რიცხვების შუალედში, 13 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე.
დოკუმენტს დაურთე შენი სახელი, გვარი, ასაკი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და გამოგვიგზავნე ელექტრონულ მისამართზე: fest.insomnia@gmail.com
შემოსული ტექსტების მიხედვით აირჩევა 7 საუკეთესო ავტორი, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით გამოიკეტებიან მწერალთა სახლის ისტორიულ შენობაში – მთელი ღამით. მათი მისია საშიში ან ფანტასტიკური მოთხრობის შექმნა იქნება.
განაცხადებებიდან შეირჩევა 7 გამარჯვებული, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში თითო ღამეს, სრულ 12 საათს გაატარებენ მწერალთა სახლის შენობაში და შექმნიან ნაწარმოებს სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და საშინელებათა ჟანრში. გამარჯვებულ შვიდეულს შეარჩევს ფესტივალ „ინსომნიის“ ჟიური, რომლის წევრებიც არიან მწერალი ნატო დავითაშვილი, მთარგმნელი ნიკა სამუშია და მწერალი დავით გორგილაძე.
პროექტის ფარგლებში დაწერილ მოთხრობებს წიგნად გამოსცემს სულაკაურის გამომცემლობა.
მონაწილეთა ასაკი: 16 +
ფესტივალის მიზანია თანამედროვე ჟანრული ლიტერატურის განვითარების წახალისება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის გააქტიურებას; ქართული ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნასა და პოპულარიზებას.
პროექტის იდეა მწერალ ზაზა კოშკაძეს ეკუთვნის. მწერლის ავტორობითა და ორგანიზებით სხვადასხვა საგამომცემლო სახლთან თანამშრომლობის შედეგად ფესტივალი 2013 წლიდან იმართება. 2022 წელს ფესტივალი უკვე მეორედ ჩატარდება მწერალთა სახლის ორგანიზებითა და მხარდაჭერით.
დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ facebook გვერდზე: ინსომნია.