თარიღი : 14.12.2022
14 დეკემბერს, 17:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია და პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ლიტერატერატურული ტექსტების კრებულის პრეზენტაცია. „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული კონკურსია, რომლის მიზანია მოზარდებში ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის ზონებისა და საქართველოს ოკუპაციიის შესახებ, მათთვის იმის შეხსენება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომლებთანაც საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს. სოხუმის დაცემიდან სამი ათეული წლის შემდეგაც ვერ ხერხდება არამხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების დასტაბილურება, თითქმის გაწყვეტილია კავშირი აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის, წლებთან ერთად რთულდება ისტორიული ურთიერთობების შენარჩუნება და ახალი თაობისთვის აფხაზეთი ნელ-ნელა იქცევა ისტორიულ წარსულად.
კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ ირაკლი შამათავას ლიტერატურული პროექტის ინსპირაციაცაა. „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“ - ასე ჰქვია ამ გახმაურებულ კრებულს, რომელშიც იდეის ავტორმა, მწერალმა ირაკლი შამათავამ თავი მოუყარა თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებს აფხაზეთის თემაზე. ეს კონკურსიც ამ მნიშვნელოვანი წიგნის „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“ ერთგვარი იდეური გაგრძელებაა, სადაც უკვე ახალი თაობის ხმები გაისმის. ამ წიგნს და კონკურსს ერთი იდეა აერთიანებთ - ახალ თაობას ვესაუბროთ არა ომზე, არამედ ვესაუბროთ მშვიდობაზე და იმაზე რა იყო ომამდე. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა: თავდაპირველად, კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა ტექსტებიდან ჟიურის წევრემა: ინა არჩუაშვილმა, გიორგი კაკაბაძემ და ირაკლი შამათავამ შეარჩიეს საუკეთესო ათეული, რომელმაც იმპროვიზებულ ტურში მიიღო მონაწილეობა და ჟიურის მიერ შეთავაზებული თემების მიხედვით შექმნა ახალი ტექსტები. სწორედ ამ ტექსტებმა მოიყარა თავი კრებულში „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე. 13 ამბავი“.
კონკურსის ჟიურის წევრი, მწერალი გიორგი კაკაბაძე კრებულის შესახებ:
კრებულში თავმოყრილი ტექსტები იმდენად ომის საშინელებებზე არაა დაწერილი, რამდენადაც იმაზე, თუ როგორ შეუძლია ომს ადამიანის შეცვლა, მისი არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი დასახიჩრება, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდა და სათუთი სულისა. მომავლის მწერლებს სჯერათ, რომ გამარჯვებას სისხლის ღვრითა და ტერიტორიების დაბრუნებით კი არა, უპირველესად, აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან დაახლოებით და ურთიერთნდობის აღდგენით მოვიპოვებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცით როდის დათმობს რუსეთი ჩვენს (და არა მხოლოდ) ოკუპირებულ ტერიტორიებს, ის მაინც ზუსტად უნდა ვიცოდეთ, თუ როგორები დავბრუნდებით აფხაზეთში.
ლიტერატურული კონკურსის პარტნიორები არიან კავკასიის უნივერსტეტი და გამომცემლობა „ინტელექტი“.