სამეცნიერო ზღაპრების კონკურსი „ფასკუნჯი“

თარიღი : 30.12.2022

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, მწერალთა სახლი აცხადებს სამეცნიერო ზღაპრების კონკურსს „ფასკუნჯი“.  

სამეცნიერო ზღაპრების კონკურსის მიზანია ლიტერატურისა და მეცნიერების გადაკვეთის წერტილი მეცნიერებით დაინტერესების ერთგვარ იმპულსად აქციოს ბავშვებისათვის და ქართულ ლიტერატურულ, სახელოვნებო და საგამომცემლო სივრცეში დაამკვიდროს სამეცნიერო ზღაპრების მიმართულება, რაც ქართული ლიტერატურისთვის დღემდე აუთვისებელ სივრცეს წარმოადგენს;

სამეცნიერო ზღაპრები ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია ბავშვებში მეცნიერების პოპულარიზაციისა და სამეცნიერო საქმიანობის მიმართ ინტერესის აღსაძვრელად. კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნაწარმოებების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სკოლამდელი ასაკის ბავშვები და დაწყებითი კლასების მოსწავლეები. კონკურსის გამარჯვებული ნაწარმოებები 2023 წელს გამოიცემა ერთიანი კრებულის ან სერიის სახით და საჩუქრის სახით გავრცელდება სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე მწერლებს. კონკურსის მონაწილეებს უფლება აქვთ ითანამშრომლონ სხვა სფეროების წარმომადგენლებთან (მეცნიერები, ილუსტრატორები და სხვ.) და მათთან ერთად შექმნან საკონკურსო ნაწარმოები.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 12 თებერვლის ჩათვლით. ნამუშევრებს შეაფასებს საკონკურსო კომისია და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო.

სამეცნიერო ზღაპრების კონკურსის „ფასკუნჯი“ შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კონკურსის პირობები.