საქართველო ბუენოს აირესის წიგნის ბაზრობაზე 2023 წელს პირველად წარდგება

თარიღი : 21.04.2023

27 აპრილიდან მწერალთა სახლი ქართულ ლიტერატურას ბუენოს აირესის 47-ე საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე წარადგენს. ესაა პირველი შემთხვევა, როცა ესპანურენოვანი ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას ქართველ ავტორთა ნაწარმოებები შეემატება.

საქართველოს სტენდი ბუენოს აირესის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კოლექტიურ სტენდზე.

სტენდზე გამოფენილი იქნება ქართველი ავტორების უახლესი თარგმანები ესპანურ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მწერალთა სახლის მიერ მომზადებულ კატალოგებს ქართველი მწერლების შესახებ.

ქართული დელეგაცია ბუენოს აირესში პანელურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. ასევე საქმიან შეხვედრებს გამართავს კულტურის სფეროს არგენტინელ წარმომადგენლებთან და გამომცემლებთან, რაც ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაზრდას ესპანურენოვან სამყაროში.

26 აპრილს, CONTEC-ის ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიაში: “ინვესტიცია წიგნის დისტრიბუციის და რესურსების ათვისების პროცესში“ მონაწილეობას მიიღებს სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი, თინა მამულაშვილი.

27 აპრილს, არგენტინის მთარგმნელებისა და თარჯიმნების ასოციაციის ლიტერატურული თარგმანის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაში, მწერალთა სახლის მთარგმნელობით პროგრამას წარადგენს მწერალთა სახლის დირექტორი, ნატალია ლომოური.

ბუენოს აირესის წიგნის ბაზრობა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის ბაზრობაა ესპანურენოვან სამყაროში. ბაზრობა, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გრძელდება, მილიონზე მეტ მკითხველს და 12000-ზე მეტ საგამომცემლო სექტორის პროფესიონალს მასპინძლობს. წელს ბუენოს აირესის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქალაქი სანტიაგო იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ეროვნული სტენდით, 2021 წელს მექსიკაში, გვადალახარას წიგნის ბაზრობაზეც იყო წარდგენილი. წელს ბუენოს აირესის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა, ესპანურენოვანი საგამომცემლო სივრცის ათვისების თვალსაზრისით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.