საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე

თარიღი : 27.04.2023

მწერალთა სახლი 27-30 აპრილს, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე ლიტერატურული პროგრამით წარდგება. ლაიფციგის წიგნის ბაზრობა პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, ბოლო 3 წლის მანძილზე არ ჩატარებულა და წელს პირველად უბრუნდება ფიზიკურ ფორმატს, რის გამოც ძალიან გაზრდილია საგამომცემლო სფეროს აქტივობა და ბაზრობის ფარგლებში შემოთავაზებული ლიტერატურული შეხვედრებისა და დისკუსიებით ვიზიტორების დაინტერესება.

საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე 2012 წლიდან არის წარმოდგენილი. წელს მწერალთა სახლი გერმანულენოვან მკითხველს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. ქართული პროზისა და პოეზიის უახლეს გერმანულენოვან თარგმანებს: საბავშვო მწერლის, ვასო გულეურის წიგნი „შარლოტა და მისი მეგობრები“, სალომე ბენიძის და დინა ოგანოვას წიგნი sHEROes, თამრი ფხაკაძის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ და ქართველი და უკრაინელი პოეტების ერთობლივი ანთოლოგია.

27-დან 30 აპრილამდე დაგეგმილ ლიტერატურულ ღონისძიებებში გერმანელ გამომცემლებთან და მოდერატორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მწერლები: ვასო გულეური, სალომე ბენიძე, ირმა შიოლაშვილი და ბელა ჩეკურიშვილი.

ღონისძიებები დაგეგმილია როგორც ბაზრობის, ისე ქალაქის სხვადასხვა ლიტერატურულ სივრცეში და შესულია ბაზრობის ყოველწლიური ფესტივალის “Leipzig Liest” (ლაიფციგი კითხულობს) პროგრამაში.