საქართველო თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე

თარიღი : 29.04.2023

2023 წლის 4-7 მაისს, საქართველო მეორედ მიიღებს მონაწილეობას თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე. მწერალთა სახლის ორგანიზებით, თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე ქართველი ავტორების ბერძნულენოვანი თარგმანების პრეზენტაციები შედგება:
გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ (გამოიცემა ბერძნულ გამომცემლობაში).
„მეტყველი მარმარილოები“ - ესეების კრებული ქართულ-ბერძნული ურთიერთობების შესახებ, მედეა აბულაშვილის და ეკა ჭყოიძის ავტორობით (გამოიცემა გამომცემლობაში Vakxikon Publications).
ნანა ექვთიმიშვილი - „მსხლების მინდორი“ (World Books).
დიანა ანფიმიადი - თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია (Vakxikon Publications).
ნანა ექვთიმიშვილთან და დიანა ანფიმიადთან ერთად, პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ბერძენი გამომცემლები, მთარგმნელები და ლიტერატურის კრიტიკოსები: დიმიტრის ცეკურასი, მარია პარასკევა, გიორგოს პრასასი, ნინო ლუკაშვილი, ნესტორას პულაკოსი, ანინა გოგოხია.
საქართველოს სტენდზე (N 093B, პავილიონი 13) გამოფენილი იქნება ქართველი გამომცემლების ახალი გამოცემები (სულაკაურის გამომცემლობა, ინტელექტი, არტანუჯი, პალიტრა L, ქარჩხაძის გამომცემლობა, ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო), მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოცემული უცხოენოვანი თარგმანები და ქართველი ავტორების კატალოგები.
საქართველო 2021 წლიდან იღებს მონაწილეობას ათენის და თესალონიკის წიგნის ბაზრობებზე, რაც განაპირობებს ბერძენი გამომცემლების ინტერესის გაზრდას ქართული ლიტერატურის მიმართ.