თარიღი : 21.05.2023
თბილისის მე-8 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი წელს 3–7 ივნისს გაიმართება.
ფესტივალს 22 ავტორი წარადგენს 16 ქვეყნიდან: საქართველოდან, უკრაინიდან, აშშ-დან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ირლანდიიდან, ნიდერლანდებიდან, აზერბაიჯანიდან, ბელგიიდან, საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, სომხეთიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და ლატვიიდან.
წლევანდელი ფესტივალი მომავალს ეძღვნება. პროგრამის თემაა „ერთი მომავალი“, რომელიც ასე საერთოა ყველასთვის, განურჩევლად წარმომავლობის, იდენტობის თუ კულტურული კუთვნილებისა.
ფესტივალზე გაიმართება დისკუსიები, სადაც ეს თემა ბევრ სხვადასხვა ჭრილში იქნება განხილული. პროგრამაში ასევე იქნება პოეტური საღამოები და შეხვედრები პროზაიკოსებთან, რომელთა წიგნები უკვე გამოცემულია ქართულად.
სრული ინფორმაცია ფესტივალის პროგრამის, მონაწილეებისა და მხარდამჭერების შესახებ გამოქვეყნდება ფესტივალისა და მწერალთა სახლის ვებგვერდებზე და სოციალურ არხებზე.