თარიღი : 24.05.2023
16 მაისს ახალციხეში, კაფეში „კანტორა 19“ გაიმართა დისკუსია - „ეთნიკური ნაციონალიზმიდან სამოქალაქო ნაციონალიზმამდე“
ახალციხეში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ მთარგმნელი და პუბლიცისტი ოქტაი ქაზუმოვი და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი, თეოლოგი მალხაზ სონღულაშვილი. ოქტაი ქაზუმოვმა ისაუბრა იმ პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც დგანან ეთნიკური უმცირესობები და კერძოდ, აზერბაიჯანული თემი საქართველოში, ხოლო მალხაზ სონღულაშვილმა მიმოიხილა ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის თემის ცხოვრება ბოლო 30 წლის განმავლობაში და ის სირთულეები, რომლებთან გამკლავებაც უწევთ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს. შეხვედრის ბოლოს მომხსენებლებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.
ეს იყო მესამე შეხვედრა მწერალთა სახლის დისკუსიათა ციკლიდან „საქართველო - ევროპული იდენტობის ძიებაში“. დისკუსია გაიმართა კონრად ადენაუერის ფონდის პარტნიორული მხარდაჭერით.
პროექტში მონაწილეობენ მწერლები, ჟურნალისტები, მეცნიერები და სამოქალაქო აქტივისტები.
პროექტი გრძელდება და საქართველოს რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, კახეთი) კვლავ გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ.