თარიღი : 21.07.2023
12 ივლისს, ქუთაისში, კაფეში „ლილესთან“ გაიმართა დისკუსია - „ქართული მწერლობა დიდი ევროპული სივრცის ნაწილი“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ პოეტი რატი ამაღლობელი და მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე. მომხსენებლებმა ისაუბრეს ქართული კულტურის, როგორც ევროპული ღირებულებების ორგანული ნაწილის შესახებ, მიმოიხილეს „ვეფხისტყაოსანი“, ქართული რომანტიზმი, სიმბოლიზმი და თანამედროვე ქართულ მწერლობა.
მწერალთა სახლი კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „საქართველო - ევროპული იდენტობის ძიებაში“. ესაა დისკუსიების ციკლი, რომლებიც საქართველოს რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, კახეთი) იმართება.
პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში კრიტიკული დიალოგის წამოწყება იმ პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი საზოგადოება დგას. უკანასკნელი 30 წლის გააზრება კულტურისა და სამოქალაქო უფლებების ჭრილში, საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების და რადიკალიზმის შემცირება, ისეთი საკითხების წამოწევა, რომლებზეც ნაკლებად საუბრობს ქართული საზოგადოება, ან პირიქით, დროდადრო მწვავდება საუბარი. აგრეთვე, თანამედროვე ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ტექსტების განხილვა ადამიანის ძირითადი უფლებების კუთხით.
პროექტში მონაწილეობენ მწერლები, ჟურნალისტები, მეცნიერები და სამოქალაქო აქტივისტები.
პროექტი გრძელდება და საქართველოს რეგიონებში (გურია, ქვემო ქართლი, კახეთი) კვლავ გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ.