თარიღი : 01.09.2023
მწერალთა სახლის რეზიდენციისა და ა-კორუნიას (გალისია, ესპანეთი) მწერალთა რეზიდენციის (Residencia Literaria 1863) გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის ოქტომბერში გალისიაში გაემგზავრება მწერალი ირაკლი შამათავა. ა-კორუნიას მწერალთა რეზიდენციაში ის ერთი თვის განმავლობაში იცხოვრებს და იმუშავებს მომავალ წიგნზე, რომელიც ავტობიოგრაფიულია. წიგნი ჰყვება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებზე, მიტოვებულ ქალაქებზე, გაუკაცრიელებულ სოფლებსა და ომში დარჩენილი თაობების ხმებზე, იმ ადამიანების ხმებზე, რომლებიც ტერიტორიებთან ერთად, მშობლიურ ენასაც კარგავენ.
ირაკლი შამათავა დაიბადა 1987 წლის 14 ნოემბერს, გალში, აფხაზეთში; არის სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. შამათავას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო: 2012-2013 წლებში იყო დავით აღმაშენებლის და გურამ რჩეულიშვილის პრემიის ლაურეატი; 2016 წელს მიენიჭა პრემია ქალაქ ფოთის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; 2019 წელს მიიღო გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია, 2020 წელს პრემია „მანდარინები“ ქართულ-აფხაზური ურთიერთობისთვის; ის არის ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი (2022 წელი).
პუბლიკაციები: ბავშვობადაკარგული თაობა (2011 წ.), დემნა უფლისწულის აჯანყება (2011 წ.), გამშვები პუნქტი/АНАШЬҬРАТӘ ҬЫҦ. (2019 წ.); ავტორი და ხელმძღვანელია ილუსტრირებული ფოტოალბომის თბილისი – ძველი და ახალი, Tbilisi – Old And New (2017 წ.) და გამოცემის ვილაპარაკოთ – 33 ამბავი აფხაზეთზე, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ქართული მწერლობის საუკეთესო პროზაულ ტექსტებს აფხაზეთის ომის შესახებ (ინტელექტი, 2020 წ.). გამოქვეყნებული აქვს მოთხრობები და ნოველები (ცისკარი, ჩვენი მწერლობა, ლიტერატურული პალიტრა, ქართული მწერლობა, ქართული სიტყვა). ირაკლი შამათავას მოთხრობები თარგმნილია აფხაზურ, ინგლისურ, რუსულ, სომხურ, ყაზახურ და აზერბაიჯანულ ენებზე.