თარიღი : 08.11.2023
2 ნოემბრიდან მწერალთა სახლში ახალი პროექტი - ირაკლი სამსონაძის „დრამატურგიის სახელოსნო“ იწყება.
როგორ ავაგოთ ამბავი? რა პროცესს გადის ის, სანამ დასრულებულ სახეს მიიღებს? რატომ არის ამბის თხრობა მნიშვნელოვანი და რა საფეხურები უნდა განვლოს იმისთვის, რომ აუდიტორიისთვის დასამახსოვრებელი და საინტერესო გახდეს? - ეს არის კითხვები, რომლებიც ამბის აგების ურთულეს პროცესში ხშირად დაისმის.
ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, კულმინაცია, კვანძის გახსნა და ფინალი - ეს ის საფეხურებია, რომლებიც ამბის გადმოცემისას მნიშვნელოვანია. სწორედ ამბის თხრობასა და აგების პროცესებზე ისაუბრებს დრამატურგი, მწერალი, ირაკლი სამსონაძე მწერალთა სახლის ახალ საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში - „დრამატურგიის სახელოსნო“.
ირაკლი სამსონაძეს გამოცემული აქვს წიგნები („ყურთბალიში“, “ლეას საათი“, „ქელეხი ქარში“, „ქელეხი-ქორწილი“) და არის არაერთი ლიტერატურული თუ თეატრალური ჯილდოს მფლობელი. მისი 15-მდე პიესა დადგმულია საქართველოს მოქმედ თეატრებში.
კურსი გაიმართება ყოველ ხუთშაბათს, 17:00 საათზე და ითვალისწინებს 12 ლექციას.
ლექციის ჩანაწერები გამოქვეყნდება მწერალთა სახლის ციფრული არხების საშუალებით.