თარიღი : 26.01.2024
"კავკასიურმა სახლმა" ფონდ "ჰორიზონტისა" და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახალი პუბლიკაცია "პაოლო იაშვილი, ცხოვრებისა და შემოქმედების წიგნი" გამოსცა.
კრებული „პაოლო იაშვილი, ცხოვრების და შემოქმედების წიგნი“, ეპოქის სურათებთან ერთად, ერთდროულად გამოხატავს: პოეტის ყოფიერების არტისტიზმს და დრამატიზმს; მის შინაგან ძალასაც და საკუთარ დროებაში დაუცველობას. მოთხრობილია ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რის გამოც „ცისფერყანწელთა“ გაცხადებული იდეალი: „პოეტმა უნდა გააზღაპროს თავისი ავტობიოგრაფია“ საბედისწეროდ განუხორციელებელი დარჩა.
წიგნი წარმოადგენს პაოლო იაშვილის შემოქმედების რჩეულს, თანამედროვეთა მოგონებებს, სახელმწიფო თუ კერძო არქივებში დაცულ იშვიათ დოკუმენტებს, კომენტარებით.
კრებულს ახლავს მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისის ლიტერატურული პროცესების და შემოქმედებითი გარემოს მიმოხილვა, სათაურით, „მოდერნისტული ტფილისი“.
კრებულის ვიზუალური მხარე, საარქივო ფოტოებსა და ხელნაწერებთან ერთად, მოიცავს სპეციალურად ამ გამოცემისთვის გადაღებულ მემორიალურ ადგილებს ქუთაისსა და თბილისში. მათ შორის, პოეტის მამის, ჯიბო იაშვილის სახლს ქუთაისში, იშვიათი რელიკვიებით. აგრეთვე სახლ-მუზეუმს სოფელ არგვეთში და მწერალთა სახლში გახსნილ, პაოლო იაშვილისადმი მიძღვნილ
დროებით ექსპოზიციას.
ზოგიერთი მასალა ქვეყნდება პირველად და რეპრესიების შემდგომ გადარჩენილ მემკვიდრეობასა თუ ბიოგრაფიის დაკარგულ ფურცლებს ნაწილობრივ ავსებს.
იდეის ავტორი: ნაირა გელაშვილი
რედაქტორი და შემდგენელი: ნინო ხოფერია
ფოტოგრაფი და დიზაინერი: ზვიად მიქელაძე
გამომცემლობის რედაქტორი: მარიკა ტყეშელაშვილი