ჯემალ ინჯიას წიგნის პრეზენტაცია

თარიღი : 26.01.2024

 

26 იანვარს, მწერალთა სახლში ჯემალ ინჯიას წიგნის „ხელწერა ხომ არ წამიხდა“ წარდგენა გაიმართა. 87 წლის პოეტის ახალი ნამუშევარი „მუზა 2023“-ის მოკლე სიაში დასახელებული წიგნია.

ჯემალ ინჯია ქართველი პოეტი, მთარგმნელი, დრამატურგი და მოჭადრაკეა, რომელიც 14 იანვარს 87 წლის გახდა.

პრეზენტაციაზე მომხსენებელი იყო ლიტერატურათმცოდნე
მარინა ტურავა. მწერალს სიტყვით მიმართეს ლექსთმცოდნე თამარელა წოწორიამ, მწერალმა ქეთი ჯოლბორდმა, მეგობრებმა. ღონისძიებას უძღვებოდა მწერალი ბაჩო კვირტია.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა ბატონ ჯემალს მადლიერების სიგელი და პრემია გადასცეს.

ჯემალ ინჯია 1937 წლის 14 იანვარს, ქალაქ გორში დაიბადა. დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

ჯემალ ინჯიას გამოცემული აქვს 40-ზე მეტი წიგნი, რომლებიც თარგმნილია 11 ენაზე. გამოცემული აქვს უნიკალური წიგნი სონეტების გვირგვინებისა „ირმის ნახტომი“, რომელშიც შესულია პოეზიის ამ ურთულესი ფორმის 13 გვირგვინი, „პორტუგალიელთა ვეფხისტყაოსნის“ – ლუის დე კამოენსის „ლუზიადებისა“ და სონეტების თარგმანები. ასევე თარგმნა ესენინის, მაიაკოვსკის, ბლოკის, პასტერნაკის, მარკიშის, ლიტველი და ოსი პოეტების ლექსები, ედგარ პოს „ყორანი“.

მისი სონეტების გვირგვინი, ტრიოლეტები და ოქტავები შესულია ფილოლოგიურ სახელმძღვანელოებში.

ჯემალ ინჯია რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი და გორის ათგზის ჩემპიონია ჭადრაკში.

მწერალი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ფლობს „პოეზიის რაინდის“ წოდებას, დავით აღმაშენებლის სახელობის „ოქროს მედალს“. მიღებული აქვს ივანე მაჩაბლის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, ფრიდონ ხალვაშის, ჯემალ აჯიაშვილის, გიორგი ჭყონდიდელის, „საგურამოს“, საქართველოს მწერალთა კავშირის პრემიები. არის ამიერკავკასიის ხალხების მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, გორის საპატიო მოქალაქე.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო!